ბათუმის „დინამო“ ელიგაში დასაბრუნებლად ემზადება
ბათუმის „დინამო“ ელიგაში დასაბრუნებლად ემზადება
06.11.2018
ავტორი:

ბათუმის „დინამოს", სულ რაღაც 5 ტური აშორებს, ეროვნული ლიგა 2-დან, რომ კვლავ ელიგაში დაბრუნდეს. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე გათამაშებას 64 ქულით უდგას სათავეში და უშუალო მადევარს, „ვიტ ჯორჯიას" 9 ქულით უსწრებს. ახლა, ბათუმელებს, დარჩენილი 5 თამაშიდან, ნანატრ ლიგაში დასაბრუნებლად 4 ქულაც ჰყოფნით.

„ბათუმის „დინამოსთვის", ერთი წლით ქვედა ლიგაში ჩანაცვლება, გულშემატკივრისთვის ერთგვარი ტრაგედია იყო. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე სეზონს, წარმატებით დავასრულებთ და გადავალთ ზედა ლიგაში. თუმცა, ჯერ კიდევ არის თამაშები. ბუნებრივია, ბათუმის „დინამოს" ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია. უბრალოდ, ოპტიმიზმის საბაბს ის გარემოება იძლევა, რომ არის სურვილი და საშუალება შენების. შესაძლებელია, განვითარდეს, როგორც კონკრეტულად გუნდი, ასევე მთლიანად კლუბი", - ამბობს გია გეგუჩაძე, TSFF.GE-სთან საუბარში.

ელიგაში, დაბრუნებამდე, კი ბათუმელებს ლიგა 2-ში დარჩენილი 5 შეხვედრის გამართვა უწევთ „სამგურალთან", „ნორჩ დინამოსთან", „ცხინვალთან", „გაგრასთან" და სულ ბოლოს „მერანთან". ამ შეხვედრებში ბათუმელებს, 4 ქულაც ჰყოფნით, რომ 2019 წლის სეზონი უზრუნველად ელიგაში დაიწყონ. თუმცა, მანამდე, დღეს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, გეგუჩაძის გაწვრთნილებს 3 ქულის აღება ძალიან გაუჭირდათ.




„კარგი გუნდია „შევარდენი". დაკომპლექტებული გამოცდილი ფეხბურთელებით და ახალგაზრდებიც კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ველოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა და ამიტომ, ვთვლი, რომ დღეს, გაგვიმართლა კიდევაც", - ამბობს გია გეგუჩაძე.

თითქმის მთელი მატჩის მანძილზე, თბილისის „შევარდენი 1906" სათამაშო უპირატესობას ფლობდა. თუმცა, გოლის გატანას ვერ ახერხებდა. ბათუმელებს, 3 ქულა, შეხვედრის მე-80 წუთზე შევარდენელთა ავტოგოლს და მეკარის უყურადღებობას მოჰყვა. „დინამომ" 0-1 გაიმარჯვა.

ლიგა 2-ის მორიგი, 32-ე ტური 11 ნოემბერს გაიმართება. რეგულარული გათამაშება კი 7 დეკემბერს დასრულდება.

სატურნირო ცხრილი

კალენდარი

ფოტო-ალბომი