როგორ არის კალათბურთი?
როგორ არის კალათბურთი?
02.11.2018
ავტორი:

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა 2018 წლის 10 ნოემბრიდან აიღებს სტარტს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზეც ოფიციალურად გამოქვეყნდა, ღონისძიებების კალენდარში. თუმცა, გათამაშება ტრადიციულზე გვიან, წელს ოქტომბრის ნაცვლად, ნოემბერში დაიწყება და ასევე, წინა სეზონისგან განსხვავებით, გუნდები რეგულარულ ჩემპიონატს, მხოლოდ 2 წრეს ითამაშებენ.

როგორც სჩანს, ამ ცვლილებებმა და დაგვიანებულმა სეზონმა, სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელების გულისწყრომა და საფუძვლიანი, თუ უსაფუძვლო ეჭვებიც გამოიწვია. დღეს, საღამოს თბილისის „დელტას" კალათბურთელმა ზუკა მაჩალაძემ, რომელიც 2017-2018 წლების სეზონზე თბილისის „დინამოს" ღირსებას იცავდა, საკუთარ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა:

„კალათბურთი ავად არის.

სუპერლიგა ჯერ არ დაწყებულა და ტურნირი, რომელიც შარსან ოთხ წრედ ჩატარდა, წელს 2 წრემდე შემცირდა.

1. გუნდებს არ აქვთ მიღებული შარშანდელი კუთვნილი თანხა, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

2. გუნდებს არ აქვთ მიღებული წლევანდელი კუთვნილი თანხა, რაც მათ უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნით.

3. ყველა გუნდმა გააკეთა აქცენტი ოთხ, უარეს შემთხვევაში 3 წრეზე და შესაბამისი ფინანსური ვალდებულება აიღო ყველა მოთამაშესთან, რაც 2 წრეზე ყველა გუნდისთვის წამგებიანია.

4. 2-წრიანი ჩემპიონატი წამგებიანი როგორც კლუბებისთვის, ასევე - ეროვნული ნაკრების დაკომპლექტებისთვის. მოთამაშეები ვერ ასწრებენ ფორმაში შესვლას, იზრდება ტრავმის მიღების რისკი გადატვირთვის შემთხვევაში.

5. კვლავ დაუდგენელია ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყების და დასრულების დრო.

ყველაფერი ეს ცუდად მოქმედებს ქართულ კალათბურთზე.

ჩვენ გვიყვარს ქართული კალათბურთი. რომელიც ამას არ იმსახურებს" - ნათქვამია, ქართველი კალათბურთელის ზუკა მაჩალაძის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2018-2019 წლების რეგულარული სეზონი, მართალია გვიან, მაგრამ 10 ნოემბრიდან აიღებს სტარტს. TSFF.GE შეეცადა კალათბურთის ფედერაციაში გაეგო თუ, როდის მოგვარდებოდა გუნდების მიმართ არსებული დავალიანების საკითხი, რის შესახებაც განგვიმარტეს, რომ დავალიანებას რეგულარული სეზონის დაწყებამდე ყველა გუნდს დაუფარავენ.

რამდენად მომგებიან-წამგებიანია 2 წრიანი რეგულარული ჩემპიონატი, რომელშიც შარშანდელისგან განსხვავებით წელს 9-ის ნაცვლად, 10 გუნდი ითამაშებს, ამის შესახებ დიდი ალბათობით პირველი წრის დასრულების შემდეგ ვიმსჯელებთ. მანამდე კი, არაა გამორიცხული, მომდევნო კვირაში სკფ-მ ოფიციალუად განაცხადოს, რა მიზეზით გადაიყვანა 4 წრიანი რეგულარული ჩემპიონატი, თავდაპირველად 3 და ბოლოს 2 წრიან გათამაშებაზე. ხომ არ არის, ფედერაციის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ე.წ „ფულის არ ქონა", რაზეც საკალათბურთო კულუარებში თითქმის 2 თვეა აქტიურად საუბრობენ.

მანამდე, კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა 10 ნოემბერს, „მგზავრები"-„დელტას" დაპირისპირებით გაიხსნება. შეხვედრა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13:45 წუთზე დაიწყება. ამავე დღეს, 16:00 „დინამო" შეხვდება „შსს-აკადემია ტიტებს", 18:00 კი „კაკტუსი" - „ოლიმპს". 11 ნოემბერს, რუსთავში, „რუსთავი" -„ბათუმს", ხოლო ქუთაისში, „ქუთაისი" - „თსუ ჰიუნდაის"დაუპირისპირდება. 11 ნოემბერს ორივე შეხვედრა 18:30 დაიწყება.