„დინამომ" მოიგო, ჯგუფში კი „დელტა" ლიდერობს
„დინამომ" მოიგო, ჯგუფში კი „დელტა" ლიდერობს
18.10.2018
ავტორი:

„დუდუ დადიანის მემორიალის" მე-17 გათამაშების მესამე საასპარეზო დღეს, თბილისის „დინამომ" პირველი გამარჯვება მოიპოვა. თბილისელებმა „ბათუმი" 88-72 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ „დადიანის მემორიალზე" წარუმატებლად ჩატარებული 2 შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ხოშტარიას შეგირდებს, როგორც იქნა თამაში „იპოვეს", სროლებიც წაუვიდათ და მთელი შეხვედრის მანძილზე პრობლემა არ შექმნიათ.

„გამარჯვება, ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს ტურნირი ჩვენთვის ნიშნავს, საკუთარი თავის პოვნას. „დინამო" არის ახალი შეკრებილი გუნდი. ამ ტურნირზე ზედიზედ მე-3 თამაში ჩავატარეთ და ეს არ იყო ნამდვილად იოლი. თუმცა, შევძელით და ვფიქრობ, რომ უკეთ ვართ, ვიდრე წინა თამაშებში. ეს არის ჩვენი მიზანი. თუმცა, ამით კმაყოფილები არ ვართ. მთელი სეზონი წინაა და ახლა, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ვეძებოთ ის მინუსები რაც გვქონდა", - ამბობს, ირაკლი ხოშტარია მატჩის შემდეგ.  

დინამოელთა შორის ყველაზე მეტი, 15 ქულა მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ „დინამოს" ახალწვეულს, დღევანდელ მატჩამდე თამაში არც „დადიანის მემორიალზე" და არც მანამდე, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის თამაშების დროს ისე, არ წაუვიდა, როგორც ამას ქართული კალათბურთის მოყვარულები ბოლო სეზონზე მიეჩვიენ.



„სასიხარულოა, რომ „დუდუს თასზე" სუპერლიგის ყველა გუნდი მონაწილეობს. რაც მეტ თამაშს ჩავატარებთ, უფრო მალე შევალთ ფორმაში. დღეს, წინა შეხვედრებთან შედარებით, თამაში გავაუმჯობესეთ. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი შეცდომა გვაქვს, ბევრია გამოსასწორებელი და ამ თამაშებს ამისთვის აუცილებლად გამოვიყენებთ", - ამბობს მერაბ ბოქოლიშვილი მატჩის დამთავრების შემდეგ.

სტაბილურად ჩაატარა მორიგი თამაში დემაგოი ბუბალომ, რომლმაც გუნდს, 13 ქულა შესძინა. 11-11 ქულა დააგროვეს ლევან გრძელიძემ და მიხეილ ბერიშვილმა. 10 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა დინამოელთა მე-15 ნომერმა ჯორდან სვოპშირმა, რომელსაც მიმდინარე ტურნირის პირველი 2 თამაში არ წაუვიდა. „ბათუმის" რიგებიდან და საერთოდ, ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი, 17 ქულა ყოფილმა თბილისის დინამოელმა, ნოდო გოგოძემ ჩააგდო.

„ბათუმთან" მიღწეული მოგების მიუხედავად, თბილისის „დინამო" უკეთეს შემთხვევაში, „ა ჯგუფში" ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელსაც 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე "რუსთავის" წინააღმდეგ გამართავს, მხოლოდ მესამე ადგილს დაიკავებს და შესაბამისად, „დუდუ დადიანის მემორიალის" გამარჯვებულის ტიტულისთვისაც ვეღარ იბრძოლებს.  




ფინალში თამაშის საგზური ამ ჯგუფიდან, პრაქტიკულად, ვადაზე ადრე „დელტამ" გაინაღდა. კლუბი, რომელიც 2018-2019 წლების სეზონსთვის მარნეულიდან თბილისში გადმობარგდა და გარკვეული რებრენდინგიც განიცადა „დუდუ დადიანის მემორიალის" ფინალში ითამაშებს. „დელტამ" დღეს, „თსუ-ჰიუნდაი" 73-63 დაამარცხა.  

ხვალ „ა ჯგუფში" 2 შეხვედრა გაიმართება: 12:00 საათზე „ბათუმი"-„დელტას" შეხვდება,  14:00 საათზე კი, „რუსთავი" - „თსუ-ჰიუნდაის" დაუპირისპირდება.16:00 საათიდან "ბ ჯგუფის" თამაშები დაიწყება. ამ დროს "ქუთაისი" "ოლიმპს" დაუპირისპირდება, 18:00 საათზე კი "კაკტუსი" "მგზავრებს" შეხვდება.

2 თამაშიდან, 2 მოგება აქვს „ქუთაისსაც", რომელიც „ბ ჯგუფში" გამოდის და ფინალში სათამაშოდ, ამ ჯგუფის ლიდერთან „შსს აკადემია-ტიტებთან" მოუწევს ფინალური საგზურის ბედის გადაწყვეტა. „შსს აკადემია-ტიტებმა" დღეს, „ოლიმპს" სძლიეს 87-77.

რაც შეეხებათ ქუთათურებს, ქვეყნის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა, „დუდუ დადიანის მემორიალის" წლევანდელ გათამაშებაზე, პირველმა მოახერხა, ტაბლოზე სამნიშნა რიცხვი აენთო. „ქუთაისმა" დიდი ანგარიშით 104 - 64  დაამარცხა „კაკტუსი". კოტე ტუღუშის გუნდი, შეხვედრის პირველი წუთებიდან დაეუფლა უპირატესობას და თამაშის ბოლომდე, მის გაზრდას შეეცადა.




„ვემზადებით ახალი სეზონისთვის. გუნდის მთავარი მიზანი იყო, რომ ძირითადი ბირთვი შეგვენარჩუნებინა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, წინა სეზონი ჩვენთვის ბოლომდე წარმატებული არ იყო და სუპერ-ფინალებში დავმარცხდით. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში, გუნდმა კარგი სამუშაო გაწია. აქედან გამომდინარე, შევძელით და შევინარჩუნეთ ძირითადი ბირთვი და კიდევ უფრო გავძლიერდით ლევან ფაცაციას და დათო ლომიძის დამატებით. ასევე, კიდევ ერთი ლეგიონერი გვყავს დამატებული. ვემზადებით, დღითი-დღე ვუმატებთ და ეს რა თქმა უნდა სასიხარულოა. იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. დუდუ დადიანის მემორიალი კი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსამზადებლადაც და ისეც. ამიტომ ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ"- ამბობს TSFF.GE-სთან საუბარში კოტე ტუღუში.

მოახერხებს, თუ არა კოტე ტუღუშის გუნდი, ახალი საკალათბურთო სეზონის სტარტზე პირველი ტიტულის მოგებას, ეს 22 ოქტომბერს გაირკვევა. მაშინ, როცა, „დინამო" პრაქტიკულად გამოეთიშა, მთავარი პრიზისთვის ბრძოლას, „ქუთაისს", რომელიც სუპერლიგის მონაწილე ყველა სხვა დანარჩენ გუნდთან შედარებით დაბალანსებილი და შეთამაშებულია, ეს არ უნდა გაუჭირდეს.  მანამდე კი „დუდუ დადიანის მემორიალზე" 19 და 20 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები გაიმართება. თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 12:00 საათიდან იწყება.