ქართული ფეხბურთი მიზანთან ახლოსაა
ქართული ფეხბურთი მიზანთან ახლოსაა
17.10.2018
ავტორი:

ორი ტურით ადრე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის „ა ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავა. 4 თამაშიდან 4 მოგება,  9 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი - ასეთია ქართველი ფეხბურთელების შედეგი უეფა-ს ახალ ტურნირზე და შესაბამისად, გაზრდილი შანსი, შედარებით „მოკლე გზით", ნანატრ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ითამაშოს.

უეფა-ს ერთთა ლიგის ამ ტურნირის დაწყებიდან, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა და მისმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ქართული მედიის ერთი ნაწილის დაჟინებულ კითხვესაც ნაწილობრივ გასცა პასუხი. პირველი, წინა შესარჩევი ციკლიდან მოყოლებული რატომ ენდობოდა ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას, რომელსაც მწვრთნელის მიერ გამოცხადებული „ნდობის" მომენტში არ ჰქონდა კლუბი და შესაბამისად სათამაშო პრაქტიკა და მეორეს - რატომ არის გიორგი ლორია საქართველოში ნომერი პირველი მეკარე, მაშინ, როცა „ტორპედოში" როინ კვასხვაძე და „საბურთალოში" ლაზარე კუპატაძე თამაშებსაც ატარებენ და კარგადაც დგანან კარში.




კი, მართალია, გიორგი ლორია არც ყაზახეთის, არც ლატვიის ორ თამაშში და არც ანდორას დიდად არ შეუწუხებიათ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, საქართველოს ნაკრებმა 4 თამაშში კარი მშრალად შეინახა.

ალბათ, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩში, რომლებიც ნოემბერში გაიმართება, ვლადიმირ ვაისს მესამე, მტკივნეულად ღიად დარჩენილ კითხვაზე მოუწევს პასუხი - რა ვუყოთ თავდასხმას? მითუმეტეს, რომ დღეს ლატვიასთან, ნომინალური ფორვარდის გარეშე ვითამაშეთ. ერთადერთი ჯანმრთელი თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა, რომელსაც ვაისი ენდობა, დღეს თამაშის ბოლომდე სკამზე დარჩა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მატჩი რიგაში ქართველთა უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-5 წუთზე, მას შემდეგ რაც გიორგი მერებაშვილის წაქცევის გამო, ლატვიელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, ვაკო ყაზაიშვილს კარგი შანსი ჰქონდა ანგარიშიც გაეხსნა და საკუთარ აქტივში კიდევ ერთი გოლი დაემატებინა. თუმცა, ჩვენ ეს შანსი გავუშვით. სამაგიეროდ, ამ მომენტიდან 3 წუთში, ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ შორი მანძილიდან ულამაზესი გოლით ქართველები დააწინაურა 1-0. აღსანიშანვია, რომ კანკავა, თანაბრად ყველა მატჩში სტაბილურია და გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს. თუმცა, შეხვედრის 34-ე წუთზე კანკავამ ტრავმა მიიღო და ვაისი იძულებული იყო შეეცვალა.




ლატვიასთან თბილისური მატჩისგან განსხვავებით, რიგაში, მასპინძლებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და თუ, გოლის გატანა უნდოდათ სივრცეები უნდა გაეხსნათ. ბუნებრივია, ამან ჩვენს გუნდს მეტი ლავირების საშუალება მისცა. ბუნებრივია ისიც, რომ მთელი მატჩის მანძილზე იყო მომენტები, როდესაც ბურთს ლატვიის ნაკრებიც ფლობდა, მაგრამ მათი მცდელობები ძირითადად ლორიას საჯარიმოს მისადგომებთან სრულდებოდა და თუ, არ ჩავთვლით პრველ ტაიმში ერთს და მეორეს ბოლოს 2 მომენტს, მასპინძლებს მისთვის პრობლემები არ შეუქმნიათ.

პირველი ტაიმის შუაწელში, ვაკი გვილიას გატანილმა გოლმა კი, რეალურად ამ მატჩის ბედი გადაწყვიტა, 2-0. ამის შემდეგ, რჩებოდა 1 საათი, რომელშიც ქართველებს, უბრალოდ, ანგარიში უნდა შეენარჩუნებინათ. თუმცა, საქრათველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გააკეთა ის, რასაც რა დასამალია და ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი გადაჩვეულია. არ „ჩაჯდა" გამოკვეთილად დაცვაში და გიორგი ჩაკვეტაძის წყალობით ლატვიელებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. ამ მატჩიდან, არც ახალგაზრდა ქართველი გამოვიდა უგოლოდ, გიორგი ჩაკვეტაძემ უეფა-ს ერთა ლიგაზე, მორიგი გოლი 61-ე წუთზე გაიტანა და ამ შეხვედრაში წერტილი დასვა, 3-0.




ახლა საქართველოს ნაკრებს ერთი თვე შესვენება მოუწევს. ამ დროში, ვიმედოვნებთ, რომ ტრამვირებული ფეხბურთელებიდან, ნაწილი მაინც ჩადგება ჩვეულ ფორმაში. ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ დღევანდელი შეხვედრის პირველ ტაიმში ჯაბა კანკავას ტრავმა არ იქნება სერიოზული.

საქართველოს ნაკრები როგორც გითხარით, მომდევნო შეხვედრებს 16 და 19 ნოემბერს, ანდორაში და შემდეგ თბილისში, „დინამო არენაზე" ჩაატარებს.  


მატჩის სტატისტიკა

მასალაში გამოყენებულია სფფ-ს ფოტო-მასალა