„დადიანის მემორიალი“ მოულოდნელი შედეგებით დაიწყო
„დადიანის მემორიალი“ მოულოდნელი შედეგებით დაიწყო
16.10.2018
ავტორი:

უკვე მე-17 სეზონია, საქართველოში ახალი საკალათბურთო სეზონი „დუდუ დადიანის მემორიალით" იწყება. არც თუ შორეულ წარსულში ერთ-ერთი პოპულარული ქართველი კალათბურთელისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დუდუ დადიანის სახელობის ტურნირი, სუპერლიგაში მონაწილე გუნდებისთვის, რომლებიც არ არიან განებივრებულები საერთაშორისო საწვრთნელი შეკრებებით და სეზონიდან სეზონამდე, სათამაშო პრაქტიკის უქონლობასაც უჩივიან, ერთგავრი მოსამზადებელი ეტაპი და ამავდროულად, გენერალური რეპეტიციაა ახალი საკალათბურთო სეზონის წინ.

სწორედ, „დუდუ დადიანის მემორიალზე" გუნდები პირველად ყალიბდებიან საბოლოოდ შემადგენლობაზე. მწვრთნელებს კი, საშუალება ეძლევათ, „საქმეში" ნახონ კალათბურთელები, რომლებიც შესაძლოა გუნდს, სწორედ ამ მემორიალის დაწყებამდე შემოუერთდნენ. რა დასამალია და საქართველოში, კალათბურთი ის სათამაშო სახეობაა, რომელშიც სეზონიდან სეზონამდე, გუნდებში, მხოლოდ ერთეული კალათბურთელების „დამაგრება" თუ ხერხდება. რაც შესაბამისად სეზონის დასაწყისში დაულაგებელ თამაშზე და შეცდომებზე აისახება. გამონაკლისი, არც ამ ახალი, 2018-2019 წლების სეზონის სტარტია.

პირველი დღე

„დუდუ დადიანის მემორიალში", რომელშიც 10 ქართული გუნდი მონაწილეობს და 2 თანაბარ ჯგუფად არიან გადანაწილებულნი, ასპარეზობის პირველი დღის კალენდრის მიხედვით და გასულ სეზონზე გუნდების მიერ ნაჩენები შედეგებისა და სატურნირო ცხრილის მიხედვით, წესით, ლოგიკური შედეგები უნდა დაფიქსირებულიყო. თუმცა, ლოგიკის მხრივ, გამონაკლისი, მხოლოდ მემორიალის პირველი მატჩი გამოდგა, რომელშიც „მგზავრებმა", სუპერლიგაში ამოსული „შსს აკადემია -ტიტები" 11 ქულით დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ, ბუბა ბერიშვილმა, „მგზავრების" მთავარმა მწვრთნელმა TSFF.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ გუნდში, მხოლოდ 1 ლეგიონერი და 2-იც ქართველი კალათბურთელი ჰყავს ძველი. დანარჩენი კი „მგზავრებშიც" იგივე მოხდა, რაც სხვა ქართულ კლუბებში. შეხვედრის საბოლოო ანგარიშის მიუხედავად, თამაში მაინც დაძაბული გამოდგა. „მგზავრებმა", „ტიტები" ბოლო, მეოთხე მეოთხედის სტარტზევე გატეხა საბოლოოდ და თამაში მოიგო 91-80.

თითქმის, მთელი თამაში, თუ არ ჩავთვლით მეოთხე მეოთხედის დასასრულს, ლიდერობდა „ოლიმპი" „კაკტუსთან" მატჩში. რამდენიმე მომენტში სხვაობამ „ოლიმპის" სასარგებლოდ 13 ქულასაც მიაღწია.  ისევე, როგორც გასულ სეზონში, წელსაც, დიდი ალბათობით, „ოლიმპი" მარკ ოგდენზე გააკეთებს აქცენტებს. კალათბურთელის ანგარიშზე დღეს 26 ქულა და 18 მოხსნა იყო. დუბლი გააკეთა კაკტუსელთა მე-17 ნომერმა გიორგი ტურძელაძემ, მან 24 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის დროს, სრულად გადახალისებულ „კაკტუსთან" ერთად არ იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი არჩილ ჟღენტი, რომელიც გუნდს, საქრათველოში დაბრუნების შემდეგ შემოუერთდება. მის არ ყოფნაში, კი გიორგი ჟღენტთან და რეზო ჩხეიძესთან ერთად, მოთამაშე მწვრთნელის ამპლუაში მოგვევლინა ანატოლი ბოისა. როგორც უკვე გითხარით, შეხვედრა „ოლიმპის" უპირატესობით წარიმართა. „კაკტუსმა" მხოლოდ მეოთხე მეოთხედში შესძლო ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურებაც. თუმცა, ბოლო წუთებზე გუნდმა ელემენტარული შეცდომები დაუშვა და ბოლო წამებზე შეხვედრა 84-85 დასთმო.




ბოლო წამებზე გადაწყდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის და „დუდუ დადიანის მემორიალის" მოქმედი გამარჯვებულის თბილისის „დინამოს" ბედიც. დინამოელებმა, რომლებსაც სხვა გუნდებისგან განსხვავებით ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის 2 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული, „თსუ-ჰიუნდაისთან"  სამი მეოთხედი წააგეს 17-16 / 19-15 / 14 -13. ამ პერიოდების მანძილზე დინამოელებს ბევრჯერ ჰქონდათ შეხვედრაში გარდატეხის შეტანის შესაძლებლობა. თუმცა, წარსულში ყოფილი დინამოელის, ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდმა, ჩემპიონს არაფერში დაუთმო. თსუ-ელთა შორის მაინც, სერბ ლეგიონერს რატკო პეტრიჩს გამოვყოფდით, რომელიც თანაბრად კარგად თამაშობდა დაცვაშიც და შეტევაშიც. საბოლოოდ, მის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა. 16 ქულით, დინამოელთა შორის საუკეთესო რეჯერ დოუელი იყო. 12 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა დინამოელთა ხორვატმა ლეგიონერმა დემაგოი ბუბალომ. აღსანიშნავია, რომ „დინამომ" ბოლო მეოთხედი 16-21 კი მოიგო, მაგრამ შეხვედრის ბოლო წამებზე, დინამოელთა მიერ დაშვებული შეცდომების გამო, გაიმარჯვა სუპერლიგის დებიუტანტმა „თსუ-ჰიუნდაიმ" 66-65.

„დუდუ დადიანის მემორიალის" პირველ დღის ბოლო, მეოთხე მატჩში, „დელტა" „რუსთავსს" დაუპირისპირდა. აქაც, სუპერლიგის გათამაშების შარშანდელ სეზონში სატურნირო ცხრილის ქვედა ეშელონში დარჩენილმა გუნდმა, „დელტამ", მასზე ძლიერს მოუგო 77-71.  ალბათ, კალათბურთის გულშემატკივარს ახსოვს, რომ გასულ სეზონში, სუპერლიგის დებიუტანტი დელტა, მარნეულის მუნიცეპალიტეტის გუნდს წარმოადგენდა. გუნდს, სუპერლიგის თამაშები მარნეულშიც კი უნდა ეთამაშა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მარნეულის დარბაზი არ გამოდგა თამაშებისთვის შესაფერისი და გუნმაც სეზონი თბილისში ჩაატარა. 2018-2019 წლების სეზონში კი „დელტა" თავიდან-ბოლომდე თბილისური გუნდი გახდა.

***

ხვალ, „დადიანის მემორიალში „ბათუმი" და „ქუთაისი" ჩართვებიან. ბათუმელები, რომლებც ა-ჯგუფში ასპარეზობენ, სეზონის პირველ შეხვედრას 18:00 საათზე „რუსთავის" წინააღმდეგ გამართავენ. „ქუთაისი" კი ბ-ჯგუფში, 12:00 საათზე, თავის პირველ მატჩს გამართავს „მგზავრების" წინააღმდეგ.

17 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კიდევ ორი თამაში ჩატარდება:                    

14:00 „შსს აკადემია-ტიტები" - „კაკტუსი"

16:00 „დინამო" - „დელტა"