ეროვნულმა დღეს სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ეროვნულმა დღეს სრული შემადგენლობით ივარჯიშა
09.10.2018
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მორიგი თამაშებისთვის შეკრების მეორე დღეს, სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ქართველთა მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის შემადგენლობაში, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, დღეს, ყველა ის  ფეხბურთელი იყო, რომლებიც ანდორასთან და ლატვიის ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ გამოიძახა. თუმცა, შეგახსენებთ, რომ 26 გამოძახებული მოთამაშიდან, ვაისის განკარგულებაში, მხოლოდ 24 სპორტსმენი დარჩა - მოთამაშეთა თავდაპირველ ჩამონათვალს ტრავმირებული ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი გამოაკლდნენ.




ვაისის გუნდში გამოძახებულები არიან მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი); თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).



ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია დებიუტანტი, პოლონური „არკას" ქართველი ლეგიონერი ლუკა ზარანდია. „მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ. ყველა ფეხბურთელისთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, რომ გუნდს სრულად დავეხმარო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, ორი გამარჯვების შემდეგ კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ", - ამბობს ფეხბურთელი.




ეროვნულმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება 8 ოქტომბერს, არასრული შემადგენლობით, 15 კაცის მონაწილეობით დაიწყო. დღეს, კი როგორც აღვნიშნეთ, ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

„ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარ კონკურენტ ყაზახეთთან 5 ქულიანი უპირატესობა გვაქვს. რაც შეეხება ანდორას, მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მათი ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება. თუმცა ამ ერთკვირიან შეკრებას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ", - ამბობს გიორგი აბურჯანია, რომელიც ნაკრების ვარჯიშს დღეს შეუერთდა.

სფფ-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ნაკრებში გამოძახებული, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება.