ნაკრები, არასრული შემადგენლობით შეიკრიბა
ნაკრები, არასრული შემადგენლობით შეიკრიბა
09.10.2018
ავტორი:

ვიდრე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის სრული შემადგენლობით დაიწყებს ვარჯიშს, ვლადიმირ ვაისის მეთვალყურეობით, ს.კ. „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ნაკრებმა 15 კაცის შემადგენლობით ივარჯიშა.

სფფ-ს ვებ-გვერდი ავრცელებს კომენტარებს, რომლებიც ფეხბურთელებმა, მოახლოებულ თამაშებმდე, შეკრების პირველ დღეს გააკეთეს:

 

„ერთა ლიგაზე ჩვენი გუნდის პირველი ნაბიჯები ნამდვილად წარმატებული გამოდგა. მაქსიმუმს მივაღწიეთ, ორ თამაშში ექვსი ქულა ავიღეთ და გოლი არ გავუშვით. ჩემი აზრით, ნაკრები გაიზარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისწავლა იმ თამაშების მოგება, რომელშიც ფავორიტად ითვლება. ქართველი გულშემატკივარი ერთა ლიგის ყველა თამაშში გამარჯვებას ითხოვს, მითუმეტეს ისეთი დებიუტის შემდეგ როგორიც ჩვენ გვქონდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ყველა მოტივირებული ვართ", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

 



ყველამ კარგად ვიცით როგორ უყვართ ფეხბურთი საქართველოში, გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაბრუნება და სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდი ამას გრძნობს და ჩვენ სწორედ ამისთვის ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, შემდეგი მატჩები როგორც ჩვენთვის ისე ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთა ლიგა კარგად დავიწყეთ, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს, პირიქით მეტი პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით უნდა მოვეკიდოთ მომავალ შეხვედრებს", - ამბობს ვაკო გვლია.

 



„წინ გადამწყვეტი ორი თამაში გველის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდი თვითდაჯერებულია და ეს გასულ თამაშებში ნაჩვენები კარგი შედეგითაა გამოწვეული. ვთვლი, რომ იმ ქართველ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მრავლად იქნება სტადიონზე  შევძლებთ გამარჯვებას", - ამბობს ოთარ კაკაბაძე.


ფეხბურთელები, რომლებმაც  საკუთარ კლუბებში კვირას გამართეს შეხვედრები, საწვრთნელ პროცესში დღეიდან, 9 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს, ანდორასა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი გამოტოვებენ ტრავმის გამო. სექტემბერში, ლატვიასთან მატჩის წინ მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს 2018 წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება გიორგი ქვილითაიაც. სამაგიეროდ, თბილისშია და უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად ჯანო ანანიძემ.




ანდრორისა და ლატვიის წინააღმდეგ თამაშებისთვის ვლადიმირ ვაისმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტი,  პოლონური „არკაში" მოთამაშე, 22 წლის ლუკა ზარანდია.

ვაისის გუნდში გამოძახებულები არიან მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი); თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).




კიდევ რამდენიმე ფეხბუთელს, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს. მათ შორის ორი, ლევან გეგეჭკორი („ტორპედო" ქუთაისი) და ბუდუ ზივზივაძე („დინამო თბილისი" ) ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები არიან. ლაშა შერგელაშვილი („რიგასი", ლატვია) და ბაჩანა არაბულიც („პუშკაშ-აკადემია", უნგრეთი) ვაისის ყურადრების ქვეშ მოექცნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 ოქტომბერს თბილისში, ანდორას უმასპინძლებს. 16 ოქტომბერს რიგაში, ჩვენი გუნდი ლატვიას დაუპირისიპირდება.




საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში,  „დინამო არენაზე" 13 ოქტომბერს, 20 საათზე გამართავს.

ისევე, როგორც ლატვისთან მატჩის დროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სთხოვსე გულშემატკივარს, სტადიონზე მოსახვედრად ისარგებლოს კონკრეტულად ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით (გეითით) და დაიცვას ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც ქვემოთ მითითებულ ბმულშია მოცემული https://goo.gl/Ng1DdR

უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის 1 ჯგუფში მორიგ მატჩებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ქულით ჯგუფის  ერთპიროვნული ლიდერია, ანდორა 2 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ლატვიისა და ყაზახეთის ნაკრებებს თითო ქულა აქვთ და  მესამე-მეოთხე ადგილს ინაწილებენ.

იხილეთ სატურნირო ცხრილი https://goo.gl/oxj6xd

 

 

სფფ-ს ფოტოები/ ავტორი ლაშა კუპრაშვილი