თბილისის „დინამო“ ახალ მფლობელებს გაეცნო
თბილისის „დინამო“ ახალ მფლობელებს გაეცნო
06.10.2018
ავტორი:

საკალათბურთო კლუბის, თბილისის „დინამოს" ახალი მფლობელები ზაზა ფაჩულია და შიო ხეცურიანი არიან. ამის შესახებ ინფორმაცია, ოფიციალურად გუშინ გავრცელდა. თუმცა, კლუბში, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, სექტემბრის დასაწყისიდან იცოდნენ. სწორედ, ამ დროიდან მოყოლებული იყო დალუქული დინამოელთა, დიღმის საწვრთნელი ბაზის საოფისე ფართის დიდი ნაწილი, რომლებსაც ლუქი გუშინ აეხსნათ. დღეს კი, თბილისის „დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, შიო ხეცურიანი მივიდა და მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს გაეცნო.

ვარჯიშის დაწყებამდე, არ დავმალავ და დარბაზში, ცოტა დაძაბული და ფრთხილი ვითარება დაგვხდა. თბილისის „დინამოს" მოქმედი კალათბურთელები და სამწვრთნელი შტაბი, სავარჯიშოდ ემზადებოდნენ. ძველი კალათბურთელი და ახალი უფროსი, რომელსაც არც თუ შორეულ წარსულში, ამ სავარჯიშო დარბაზში დიდი დრო აქვს გატარებული, ყოფილი დინამოელი შიო ხეცურიანი, გუნდთან შეხვედრამდე, თავადაც მოკლრძალებული იყო. ვარჯიშის დაყწებამდე, დინამოელთა მთავრმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ კალათბურთელებს წრეზე დადგომა სთხოვა.




„ვიმედოვნებ, რომ ერთი ოჯახი ვიქნებით და ერთად მივაღწევთ წარმატებას. თავდაპირველად, მინდა გითხრათ, რომ მოთამაშეები და მწვრთნელები იქნებიან იგივე. სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს ჩვენი სრული ნდობა აქვთ. ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, ერთად, ღირსეულად გამოვიდეთ ყველა ტურნირზე და ვიყოთ წარმატებულები", - აღნიშნა შიო ხეცურიანმა და კლუბს, „დინამოს" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ბუბა კვიმსაძე წარუდგინა.


ახალ ხელმძღვანელობასთან, „დინამოს" შეხვედრა ცოტა ხანს გაგრძელდა. მისი დამთავრების შემდეგ კი TSFF.GE-მ შიო ხეცურიანს, რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.


- საკალათბურთო კლუბი „დინამო" ჩვენ,  „საქართველოს ბანკისგან შევისყიდეთ". თბილისის „დინამო", რომელიც არის ეროვნული ჩემპიონატისა და სუპერლიგის 2017-2018 წლების სეზონის გამარჯვებული; შპს პროფესიოული კლუბი „დინამო", რომელიც იყო, 100%-ით „საქართველოს ბანკის" საკუთრება, დღეს არის 100%-ით ზაზა ფაჩულიას და ჩემი საკუთრება. რაც შეეხება ბაზას, საკითხი, იქაც იყო ანალოგიურად. თბილისის „დინამოს" ისტორიული ბაზა, „საქართველოს ბანკის" საკუთრება იყო და დღეს არის „სპორტკაპიტალის" საკუთრება. შესაბამისად, კლუბი  და ბაზა დღეს, არის ჩვენი საკუთრება.


- ახალი საკალათბურთო სეზონის დაწყები წინ, ძალიან ბევრი უარყოფითად შეხვდა ცვლილებებს, რომელიც თბილისის „დინამოში" მოხდა. ამას გარდა, შიო ხეცურიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საკუთარ პროგრამაში ლეგიონერების კვოტებზეც საუბრობდა. გამომდინარე აქედან, ახალი ხელმძღვანელობა, ხომ არ აპირებს რაიმე კორექტივების შეტანას გუნდში, რომელმაც ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩები ჩაატარა რამდენიმე კვირის წინ?




- ყველას, ვისაც ამ მომენტში, მოქმედი ხელშეკრულება აქვს თბილისის „დინამოსთან", თუ ორმხრივი, ურთიერთშეთანხმება არ მოხდება უკვე დადებული პირობის შეწყვეტაზე, ყველა მოქმედ კალათბურთელს, უცხოელი იქნება ეს, თუ საქართველოს მოქალაქე, ხელშეკრულებები შეუნარჩუნდებათ. რაც შეეხება გუნდში ცვლილებებს, ამის შესახებ, მოგვიანებით ჯობია გიპასუხოთ. რეალურად, ამ გუნდს რა ძალა აქვს საქართველოს ჩემპიონატზე, ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. ამიტომაც, რადიკალური ცვლილებები წელს, ამ სეზონზე არ იგეგმება.


- ჩემპიონთა ლიგის თამაშების დროს, ბევრს ლაპარაკობდნენ იმის თაობაზეც, რომ „დინამოდან", რომელმაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ტიტული მოიგო, იმ შემადგენლობის ნაწილი, მაინც რომ ყოფილიყო დღევანდელ გუნდში, ევროსარბიელზე ცოტა სხვაგვარად წარსდგებოდა.


- „დინამო" საჩემპიონო, წარმატებული გუნდია. იცის, როგორ მიაღწიოს წარმატებას. კარგია, ბუნებრივია, რაც მეტი ჩემპიონი თამაშობს გუნდში. მეტი გამოცდილებაა, უფრო მეტი ცოდნაა, როგორ მოიგო პლეი-ოფი, როგორ მიაღწიო წარმატებას. თუმცაღა, ჩვენ, რომ მოვედით, აქ დაგვხდა გუნდი, რომლითაც იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯრებს, ვიაქტიურებთ თუ არა სხვა კალათბურთელების გადმოყვანაზე, ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით.


 - „დინამო" არაა, მხოლოდ ჩემპიონი გუნდი და ბაზა. ამ სახელის უკან არის საკალთბურთო სკოლა, გოგონათა გუნდი, რომელიც ასევე ქვეყნის ჩემპიონია. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არსებობს ზაზა ფაჩულიას აკადემია, ეს ორი საკალათბურთო სკოლა შესაძლოა გახდეს ერთიანი, თუ მათ შორის კვლავაც იქნება კონკურენცია?




- „დინამოს" საკალათბურთო სკოლა და ზაზა ფაჩულია აკადემია, ნამდვილად ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან. ეს იქნება ჯანსაღი კონკურენცია, ამ ორი სკოლის ასაკობრივ გუნდებს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კონკურენცია, საქართველოში ბავშვებს მისცემს საშუალებას, რომ გაიზარდონ და გახდნენ წარმატებული კალათბურთელები. „დინამოს" თავის სკოლა (აკადემია) ექნება, ყველა იმ ასაკობივ ჯგუფში რაც ადრე იყო. ამასთან, უნდა დავამატოთ უფო პატარა ასაკიც და გავზარდოთ რაოდენობები. არა მხოლოდ „დინამოში", არამედ, გავზარდოთ კალათბურთით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა, რათა აიწიოს კალათბურთის ცნობადობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. ქალთა გუნდი ახსენეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქალთა კალათბურთიც გახდება პოპულარული. გვინდა მის განვითარებაშიც ჩვენი წვლილი შევიტანოთ.


- ქვეყნის მასშტაბით, სასქელციო საქმიანობა, თქვენი საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იყო. ნიშნავს ეს, რომ „დინამოს" სკოლაში თქვენს მიერ შერჩეული ბავშვებიც დაიწყებენ ვარჯიშს და არა მხოლოდ თბილისიდან?


- ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება და მიზანი ისაა, რომ რეგიონებში, მივიზიდოთ, არა მხოლოდ პერსპექტიული ახალგაზრდები, არამედ ის ბავშვებიც, რომლებიც ჩვენი მოსაზრებით ითამაშებენ კალათბურთს და ნაწილი დიდ კალათბურთს. ამიტომ, ამას სკაუტინგი, რომ დავარქვათ, დიდი იმედი გვაქვს, „დინამოს" ბაზაზე კარგად ავაწყობთ. იქნება ეს სხვადასხვა რაიონი, სოფელი თუ ქალაქი, გამოვყოფთ ისეთ ბავშვებს, რომლებიდანაც რამდენიმე მაინც გაამართლებს.


- ისევ მთავარ გუნდს, რომ დავუბრუნდეთ. ახალ სეზონზე, რომელიც რამდენიმე დღეში „დუდუ დადიანის მემორიალით" გაიხსნება ტრადიციულად, როგორია გუნდის მიზნები? მითუმეტეს, რომ ჩემპიონობასთან ერთად, „დინამო" დადიანის მემორიალის 2017 წლის ტიტული მფლობელია.


- „დუდუ დადიანის თასი" ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანა. სახელიდან და იმ ადამიანის პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც დუდუ დადიანი იყო და ვის სახელსაც ეს თასი ატარებს. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ ამ ტურნირზე. თუმცა, ისევე როგორც ჩემპიონატში და ყველა შეჯიბრში, რომელზეც მოგვიწევს ასპარეზობა.




- რეალობაა, რომ გუნდს, თუ არ ჩავთვლით მოთამაშეთა სანათესაოს, არ ჰყავს ქომაგთა „ტრიბუნა". თუ აპირებს „დინამოს" ახალი ხელმძღვანელობა საკლუბო ფერებიდან ნარინჯისფერის ამოღებას. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ თბილისის „დინამო" ე.წ. „ფანსექტორმა" ვეღარ მიიღო?


- ამის შესახებ მეც მითხრეს. მაგრამ ჩემი აღქმით, ის ფერი, რომელი ფანებს აღიზიანებთ, აშკარად საკალათბურთო ბურთის ფერია და ჩემთვის არანაირად არის გამაღიზიანებელი. პირიქით... თუმცა, სამომავლოდ, ალბათ ლოგოს თემაზეც დავფიქრდებით.


- დიდხანს არ მინდა შეგაწყინოთ, მაგრამ ალბათ, ქართულ სპორტში, არა მხოლოდ კალათბურთში არადარ დარეგულირდა ე.წ. სპონსორინგის თემა. სახელმწიფოზე „გამოკიდება" და მხოლოდ ამ მიმართულებით არსებობაზე ფიქრი, ჩვენი აზრით ნებისმიერი სპორტის განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.  ამ კუთხით რამე სიახლე თუ იგეგემება?


- იმედი გვაქვს, რომ ბიზნეს და კერძო სექტორს ინტერესი გაუჩნდება ითანამშრომლონ თბილისის „დინამოსთან". ჩადონ ინვესტიცია „დინამოში". რა თქმა უნდა, ეს ინვესტიცია უნდა იყო მათთვის მარკეტინგული და PR-ული თვალსაზრისით უკუგების სანაცვლოდ. ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 1 დღე არის რაც „დინამოში" მომხდარი ცვლილებების შესახებ ეს ინფორმაცია გავრცელდა და ერთ დღეში, ლიდერი ბიზნესკომპანიებიდან მივიღეთ შემოთავაზებები თანამშრომლობის მზაობაზე, რაც ძალიან სასიხარულოა.  


***

ჩვენის მხრივ კი შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" 2018-2019 წლების სეზონის მორიგ საკალათბურთო აქტივობაში, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ჩაერთვება, როდესაც თბილისში, სტარტს აიღებს „დუდუ დადიანის მემორიალი".


საკალათბურთო კლუბის თბილისის „დინამოს" ფოტოები