მას შემდეგ, რაც ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კლუბი თბილისის "დინამო" და მისი საწვრთნელი ბაზა იყიდა, „დინამოს" აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ვატო ნაცვლიშვილმა საკუთარ სოციალუ ქსელში შემდეგი განცხადება გააკეთა:
„3 -ჯერ სუპერლიგის ჩემპიონი, 2-ჯერ ვიცე ჩემპიონი, 2-ჯერ საქართველოს თასი, 2-ჯერ ოთარ ქორქიას სუპურთასი, 2-ჯერ დუდუ დადიანის მემორიალი, 1-ჯერ მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძეს თასი. 2-ჯერ ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა, ეს არის ჩემი და თბილისის დინამოს 7 წლიანი ურთიერთობა! წარმატებას ვუსურვებ თბილისის დინამოს! ის ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იქნება! მადლობა ყველა დინამოელს! ცხოვრება გრძელდება! პ.ს. რაც არ გკლავს, გაძლიერებს!" - ნათქვამია ნაცვლიშვილის მიმართვაში.
რამდენიმე კვირის წინ, კონკრეტულად 2 დღით ადრე, ვიდრე „დინამო" ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრას გამართავდა სალონიკის „არისის" წინააღმდეგ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ბანკმა, რომელიც თავის მხრივ, 8 წლის განმავლობაში პატრონაჟს უწევდა თბილისის „დინამოს", კლუბის ისტორიული ბაზა და თავად კლუბი გაყიდა. მის პრეზიდენტს, ვატო ნაცვლიშვილსა და კლუბის ხელმძღვანელობის რამდენიმე თანამშრომელს კი, ვადაამოწურული ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელა.
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა. საკალათბურთო გუნდ „დინამოს" საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ „დინამოს", - ამ შინაარსის განცხადება გავრცელდა დღეს, ქართულ მედიაში, რომელიც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ გააკეთა.
ისტორიული ბაზის და იქ მყოფი კლუბის (ასევე საკალათბურთო სკოლის, „დინამო 2"-ისა და საქართველოს ქალთა მოქმედი ჩემპიონი გუნდის „დინამოს") ახალი მეპატრონე ზაზა ფაჩულიაა, NBA-ს კლუბ „დეტროიტ პისტონსის" ქართველი კალათბურთელი. ამ ახალ გამოწვევამდე (შეგახსენებთ, თბილისში პოპულარულიაზაზა ფაჩულიას აკადემიაც) და აკადემიის დაარსებამდე ზაზა ფაჩულია, ყოველწლიურად ატარებდა საქართველოში საკალათბურთო კემპებს. სწორედ, ზაზას წარმატებული კარიერის გამო ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში, აშშ-დან შორს, საქართველოშიც, უამრავმა ბავშვმა შეიყვარა სპორტის ეს სახეობა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ დინამოს განვითარებისთვის. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ დინამოს საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს", - ამბობს ზაზა ფაჩულია.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის განცხადების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია, არის თუ არა ყველაზე ტიტულოვანი ქართული საკალათბურთო კლუბის თბილისის „დინამოს" სახელის სამართალმემკვიდრე ახალი მფლობელი. ამ მომენტისთვის TSFF.GE-ს ხელთარსებული ინფორმაციით, თბილისის „დინამოს" სახელის მფლობელი საქართველოს კალათბურთის ფედერაციაა. მიუხედავად ამისა, „დინამოს" ახალი ხელმძღვანელობა, საკალათბურთო სუპერლიგაში ორი თბილისის „დინამოს" (თუ „დინამო თბილისის") გამოჩენას, რის შესახებაც აქტიურად დაიწყეს კულუარებში საუბარი, გამორიცხავს.
ამ ეტაპზე არავინ საუბრობს, თბილისის „დინამოში" განხორციელებულ ცვლილებებზე. არაა გამორიცხული, რომ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე, „დინამოში" მოყვანილ რიგ კალათბურთელებს (რის შესახებაც კულუარებში აგრეთვე საუბრობენ) „დინამოს" ახალი ხელმძღვანელობა დაემშვიდობოს. განსაკუთრებით ეს ლეგიონერებს ეხება. ამ ხმებს ისიც უდევს საფუძვლად, რომ ზაზასთან ერთად, „დინამოს" ახალი პატრონის შიო ხეცურიანის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბევრს საუბრობდნენ, ეროვნულ ლიგაში, ლეგიონერ კალათბურთელთა კვოტებზე. „დინამოში" კი დღეს 5 ლეგიონერია. თუმცა, დიდი ალბათობით, კლუბის ახალ მფლობელებს ამ შემთხვევაში ორმხრივი შეთანხმებებით დამშვიდობება, თუ არა და კომპენსაციის გადახდა მოუწევთ. ამასთან, კალათბურთში გამოწრთობილი ახალი მენეჯმენტი, სავარაუდოდ, მწვრთნელის, ირაკლი ხოშტარიას ფუნქციებში არ ჩაერევა. ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც.
ახალი ხელმძღვანელობა, მას შემდეგ რაც ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ბანკის თანამშრომლების მიერ ოთახები დაილუქა, მეორე დღეა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და ეტაპობრივად ბაზის გადაბარების საკითხებს აგვარებს და თანამშრომლებს ეცნობა. თბილისის „დინამოს" ახალი პრეზიდენტი ყოფილი კალათბურთელი, ბუბა კვიმსაძეა, რომელის სახელსაც საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010" უკავშირდება. ეს კლუბი კი, წლების მანძილზე თბილისელთა უმთავრესი კონკურენტი იყო ეროვნულ ჩემპიონატში.
შეგახსნებთ, რომ ამ მომენტისთვის თბილისის „დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კიდევ ერთი კლუბი, 90-იანების ტრადიციული და პოპულარული თბილისური კლუბი „კაკტუსიც" ვარჯიშობს, რომელმაც გასული წლის გათამაშებაში მე-4 ადგილი დაიკავა. „კაკტუსს", რომელიც დიღომში რადენიმე წელია ვარჯიშობს, ბაზასთან 2018-2019 წლის საკალათბურთო სეზონის ბოლომდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.
მიმდინარე მოვლენებზე, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც თავის მხრივ, ოქტომბრის დასაწყისში დაგეგმილი ტრადიციული ტურნირი, „დუდუ დადიანის მემორიალი", 2 კვირით გადადო. შესაბამისად, გადაიდო საკალათბურთო სუპერლიგის სტარტიც, რომელშიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „დინამო" აუცილებლად ითამაშებს.