„საბურთალოს" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
„საბურთალოს" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
16.09.2018
ავტორი:

თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგის მესამე წრის მორიგი ტური სრულფასოვნად ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ უეფას ჯერ, ჩემპიონთა ლიგის, შემდეგ კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე მონაწილეობის გამო, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ქუთაისის „ტორპედოს", რამდენიმე ტურის შეხვედრა გადაიდო. ელიგის 24-ე ტურის შემდეგ, ტორპედოელები მე-5 ადგილზე არიან, თუმცა მხოლოდ 21 მატჩი აქვთ გამართული და 34 ქულა დაგროვებული.


იმერული დერბი

24-ე ტურის შეხვედრაში „ტორპედომ" რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საჩხერის „ჩიხურას" უმასპინძლა. ამ მატჩში, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ოდნავ შეცვლილი შემადგენლობით მოუწია თამაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, იმერულ დერბიში, მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო.




გოლი კი, ამ შეხვედრაში, მხოლოდ ერთი გავიდა. 59-ე წუთზე, მეორე ტაიმის დასაწყისში ქუთაისელთა გახშირებული შეტევები, როგორც იქნა, გრიგოლ დოლიძის გადაცემის შემდეგ, ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა ლევან კუტალიამ, 1-0. „ტორპედოსა" და"ჩიხურას" ამ დაპირისპირებაში მეტი გოლი აღარ გასულა. ქუთაისელებმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერეს და სატურნირო ცხრილში 4 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა „ჩიხურასთან", რომელმაც დღეს, ეროვნული ლიგის გათამაშებაში მე-3 შეხვედრა წააგო ზედიზედ.


 

თბილისური დერბი

თბილისურ დერბიში კი, „დინამო არენაზე" ელიგის მიმდინარე ჩემპიონატის პირველ 2 საფეხურზე მყოფი გუნდები „დინამო თბილისი" და გათამაშების ლიდერი „საბურთალო" დაუპირისპირდნენ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, უფრო დაძაბული გამოდგა შინაარსით, ვიდრე სანახაობრიობით გამოირჩეოდა. ორივე გუნდს, ყვითელი ბარათების გამო, რამდენიმე ძირითადი მოთამაშე აკლდა. გია ჭიაბრიშვილის „საბურთალომ", თბილისურ გასვლაზე თამაში დაცვიდან ამჯობინა. შესაძლოა ამიტომაც, დინამოელებს, უჭირდათ ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე აწყობილი დაცვის ხაზის გარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობით „დინამო თბილისი" უკეთესად გამოიყურებოდა, სწორედ მათ მეკარეს სტეპან სიკაჩს, ისევე, როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში უფრო მოუხდა გარჯა, ვიდრე ლაზარე კუპატაძეს, საბურთალოელთა მეკარეს.




გოლები, ამ შეხვედრაში 3 გავიდა. აქედან ორი პირველი და მეორე ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთებზე. ანგარიში, „საბურთალომ" გახსნა. პირველი ტაიმისთვის, 2 დამატებული წუთის შემდეგ, უკვე მე-4 დამატებული სრულდებოდა, როდესაც კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთზე კარგად ითამაშა სიკაჩმა. თუმცა, დინამოელთა მცველებს გაგი მარგველაშვილი გამოეპარათ, რომელმაც, შანსი ხელიდან არ გაუშვა და დინამოელებს, გოლი გასახდელში გაატანა, 0-1.




საერთო ჯამში, არ შეცვლილა სურათი მეორე ტაიმშიც. „დინამო თბილისის" შემაგდენლობაში კი კაჭარავამ დმიტრო ივანისენია, მათე ვაწაძით შეცვალა, რამაც მასპინძელთა შეტევები ოდნავ უფრო გაამწვავა. 58-ე წუთზე, ლევან შენგელიას, რომელიც დინამოელთა შორის, დღეს ყველაზე გამორჩეული იყო, მორიგ ჩაწოდებას, მათე ვაწაძის დარტყმა მოჰყვა კარის მიმართულებით. კუპატაძემ, ბურთი კი მოიგერია, მაგრამ ის გიორგი რეხვიაშვილს მოხვდა და ანგარიში გათანაბრდა 1-1. ისევე, როგორც ამ გუნდების მეორე წრის შეხვედრაში, დღესაც მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. თუმცა, ამჯერად დინამოელებს გაუმართლათ და ლევან შენგელიამ „დინამო თბილისის" შემადგენლობაში სადებიუტო გოლთან ერთად, გუნდს ძალზედ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა, 2-1.




დღევანდელი გამარჯვებით, მასპინძლებმა, გათამაშების ლიდერის 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს. „საბურთალოსა" და „დინამო თბილისს" შორის სხვაობა, კვლავ 5 ქულამდე დავიდა. აქედან, დინამოელებს, გათამაშების ლიდერთან ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ტურის დანარჩენ შეხვედრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:

„სამტრედია" - „დილა" 3-5

„ლოკომოტივი" - „სიონი" 1-0

„რუსთავი" - „კოლხეთი 1913" 0-0


სატურნირო ცხრილი

ეროვნული ლიგის მომდევნო 25-ე ტური 21 და 23 სექტემბერს გაიმართება.


"ტორპედოსა" და "დინამო თბილისის" ფოტოები