თბილისის „დინამო“ ფიბას ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
თბილისის „დინამო“ ფიბას ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
11.09.2018
ავტორი:

საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" ფიბა-ს პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მეორედ, 2018 წლის 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მორიგ გათამაშებას საწყისი, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე სალონიკის „არისი" იქნება.  ამ გუნდების პირველი შეხვედრა 20 სექტემბერს, თბილისში გაიმართება, საპასუხო კი 2 დღის შემდეგ, 22 სექტემბერს სალონიკში. საქართველის მოქმედი ჩემპიონი ამ და საერთოდ 2018-19 წლების სეზონისთვის მზადებას აგვისტოს ბოლოდან შეუდგა.

ახალ სეზონს, დინამოელები სრულიად განახლებული შემადგნელობით ხვდებიან. მოქმედი ჩემპიონიდან, გუნდის მთავარი მწვრთნელის ირაკლი ხოშტარიას შემადგნელობაში,  მხოლოდ მიხეილ ბერიშვილი და ლევან გრძელიძე დარჩნენ. კლუბს, ახალ სეზონში სუპერლიგაში ცნობადი სახეები მერაბ ბოქოლიშვილი და მიხეილ ჭოჭუა დაემატებიან. „დინამომ" დაიმატა მაიზერ რევაზიშვილი, რომელიც გასულ სეზონში „სოხუმში" ასპარეზობდა და მერაბ მირზიაშვილი  „არენადან".




მათ გარდა, ირაკლი ხოშტარიას მეთვალყურეობით, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი, „დინამოს" საკალათბურთო სკოლის აღსაზრდელები გიორგი ბიგანიშვილი და  ვლადიმერ თავაქარაშვილიც  ვარჯიშობენ. კლუბში აკვირდებიან ლეგიონერებსაც. თუმცა, თუ ვისზე შეჩერდება საბოლოოდ დინამოელთა სამწვრთნელო შტაბის ყურადღება, ეს სანაკრებო მატჩების შემდეგ გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებში „დინამოდან" სამნი, მიხეილ ბერიშვილი, მიხეილ ჭოჭუა და მერაბ ბოქოლიშვილი არიან გამოძახებულები.

დღეს, საკალათბურთო კლუბის თბილისის „დინამოს" ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა 20 სექტემბრის მატჩზე დასასწრები მედია-აკრედიტაციების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო.




აქვე, დაანონსდა, რომ 20 სექტემბრის ფიბას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩზე, რომელიც თბილისის „დინამოსა" და სალონიკის „არისს" შორის გაიმართება, დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაწყებულია tkt.ge/DinamovsAris . ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.  

შეხვედრა 20 სექტემბერს, თბილისში, 19:00 დაიწყება და ის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.