გულნარა გაბელიას კიდევ ერთი შანსი ითამაშოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალი
გულნარა გაბელიას კიდევ ერთი შანსი ითამაშოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალი
13.08.2018
ავტორი:

დღეს, 13 აგვისტოს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართება. რიგაში,  ყაზახური „ბიიკ ყაზიგიურტი", რომელშიც ქართველი ფეხბურთელი გულნარა გაბელია თამაშობს „ლანდაჰაუზ აუსტრიას" დაუპირისპირდება.

„რიგა ძალიან ლამაზი ქალაქია. ჩვენთვისაც საკვალიფიკაციო ტურნირი ძალიან კარგად მიდის.  ორივე თამაში მოვიგეთ და ბოლო, ავსტრიულ გუნდთან გვექნება გასარკვევი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოგებისთვის ვიბრძოლებთ. მიზნის მისაღწევად, თავს არ დავზოგავთ. რიგაში, იმისთვის ჩამოვედით, რომ საკვალიფიკაციო ჯგუფიდან გავიდეთ. ბუნებრივია, მეც გუნდთან ერთად მზად ვარ ამ ბრძოლისთვის და შემდგომ კიდევ ერთხელ 1/16 ფინალში სათამაშოდ", - ამბობს გულნარა გაბელია, რომელმაც უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ჯგუფის შეხვედრებში გოლის გატანა უკვე მოახერხა.




ქართველი ქალი ფეხბურთელის გუნდი, ყაზახური „ბიიკ ყაზიგიურტი" ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მე-7 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. პირველ შეხვედრაში გაბელიას „ბიიკმა" მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა ბერძნული „აკადემია, ხოლო მეორე მატჩში მასპინძლებს, „რიგასს" 5-0 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2-გზის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და ყაზახური ჩემპიონატების მრავალგზის გოლეადორი გულნარა გაბელია, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაში მეხუთედ ასპარეზობს.  საერთო ჯამში ამ ტურნირზე მის ანგარიშზე უკვე 13 გატანილი გოლია.  

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ჯგუფურ შეხვედრას გამართავს 13 აგვისტოს ქუთაისის „მართვეც", რომელმაც ჯგუფში ორივე შეხვედრა წააგო და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის შანსი დაკარგა. სავარაუდოდ, ისევე, როგორც სტამბულის „ათაშეჰირ ბელედიეპორმა", რომელიც ქართველი ფეხბურთელი ქალი, ნინო სუთიძეც ირიცხება. 1/16 ფინალში მხოლოდ ჯგუფიდან საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები გადიან.