„ტორპედო“, მძიმე მატჩის მოლოდინშია
„ტორპედო“, მძიმე მატჩის მოლოდინშია
09.08.2018
ავტორი:

მას შემდეგ, რაც ვიზების და ექსკორტის „თემა" ჩავარდა და ამას, 9 აგვისტოს, „ტორპედოსთან" ჩავარდნილი თამაში მოჰყვა, ალბანური „კუკეშის" მთავარმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, იერიში ქართულ და შესაძლოა ალბანური მედიის იმ ნაწილზეც მიიტანა, რომელიც დღევანდელი მარცხის შემდეგ, არმანდუ ცუნგუს აუცილებლად გააკრიტიკებდა. ყოველ შემთხვევაში, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, წინა პრესკონფერენციისგან განსხვავებით, კუკეშელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს კბილი გაჰკრა, თქვენ ხომ ფეხბურთი მწვრთნელზე კარგად იცითო.




მწვრთნელზე კარგად ვიცით ფეხბურთი მედიამ თუ არა, ეს დავის საგანი არაა, რადგან მედია არის მედია და მას თავისი მოვალეობა აქვს, მათ შორის კრიტიკაც და იმ თემებზე პასუხების ძებნაც, რაც თუნდაც „კუკეშის" ფეხბურთელებისთვის ვითომდა ვიზების გაუცემლობას და შემდგომ, საქართველოში გუნდისადმი უყურადღებობას მოჰყვა. მითუმეტეს, რომ საქართველოსთვის, კლუბი იქნება ეს, თუ ნაკრები, სტუმარი გუნდის მიღება არახალია და ამ კუთხით, დღემდე ქართველებისადმი, რომლებსაც ბოლო წლებში ბევრი საერთაშორისო მაღალი დონის ტურნირის მასპინძლობა მოუხდათ, პრეტენზია არავის ჰქონია. რასაც გამოცდილი ჟურნალისტები დაგვეთანხმებიან, სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ხშირად იმ მასპინძლების მიმართ, სადაც ქართული გუნდები ჩასულან. თუმცა, ეს თემა შორს წაგვიყვანს. ფაქტი, კი ერთია, „კუკეშთან" ერთად, თბილისში ჩამოსულმა რამდენიმე ალბანელმა ჟურნალისტმა, ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ ერთი კვირის თავზე, ქუთაისის „ტორპედოს", რომელიც საპასუხო მატჩის გასამართად ჩავა ტირანაში, აგრესიულად განწყობილი გარემო დახვდეს. ეს, რომ ასე იქნება, კარგად იციან ქუთაისელებმაც. მითუმეტეს, რომ ალბანური კლუბის ოფიციალური ფეისბუქგვერდის კომენტარებში ბლომად არის ნაწერი სადაც, საქართველოს უსურვებენ, ბევრი პუტინის ბომბი მოხვდეს კიდევო.



ალბათ, აქვე, არმანდუ ცუნგუს ორაზროვანი ცინიკური ფრაზის კიდევ ერთ პატარა დეტალზე შევჩერდებით -  საფეხბურთო მწვრთნელის უფლება-მოვალეობებზე და შემდეგ თამაშს დავუბრუნდებით. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბუნებრივია, ეს ის ადამიანია, რომელმაც გუნდი თამაშისთვის უნდა მოამზადოს და არა იაფფასიანი მასკარადები მოაწყოს მედიასთან შეხვედრისას, რითაც ცუნგუ, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდამდე შეეცადა მოსალოდნელი შედეგისგან უბრალოდ, პასუხისმგებლობა მოეხსნა და ყველაფერი ვიზებისთვის და „მტრულად განწყობილი" მასპინძლისთვის დაებრალებინა.  ფაქტია, რომ ამ კუთხით, ძალით შეთითხნილი აგრესიით, ალბანელები მზად არიან დაგვხდნენ ქართველებს.

რაც შეეხება უშუალოდ „ტორპედოსა" და „კუკეშის" დაპირისპირებას, ის ქუთაისელთა აქტიურობით დაწიყო და უკვე შეხვედრის მე-3 წუთზე გიორგი კუხიანიძემ ანგარშის გახსნა მოახერხა 1-0 და მასპინძლებს, თავდაჯერება შემატა.  კიდევ 12 წუთში, კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა, „ტორპედო" კი, ანგარიშით 2-0 დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გოლიდან 7 წუთში, კუკეშელებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს, აღსანიშნავია, რომ კახა ჩხეტიანის ბიჭები, სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ალბანელებსაც თამაშის წესებს კარნახობდნენ.




„შესაძლებელი იყო, გოლი არ გაგვეშვა და უფრო მეტი გაგვეტანა.  თუმცა, ფეხბურთში ასე არ ხდება. ბოლო წუთებზე, „კუკეშმა" დაგვანახა  ის შეცდომები, რაზეც მომდევნო თამაშში აუცილებლად გვექნება ყურადღება გასამახვილებელი. გასვლითი შეხვედრისას ადვილი მატჩი ნამდვილად არ გველის. „კუკეში" საკუთარ მოედანზე ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ ჩვენც გვაქვს მიზნები და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. შემდეგ ეტაპზე გასვლაა ჩვენი მიზანი და ყველაფერს პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ", - ამბობს კახა ჩხეტიანი, ტორპედოელთა მთავარი მწვრთნელი.

ჩხეტიანის თქმის არ იყოს და დღეს ტორპედოლეთა კარში, მართლაც დასანანი გოლები გავიდა. პირველი გოლი ალბანელებმა 22-ე წუთზე გაიტანეს. კუკეშელთა 28-ე ნომერი კარგა ხანი ცდილობდა პარტნიორი მოეძებნა და ბოლოს, ქუთაისელთა საჯარიმოში ბურთი ჩაწეოდებინა. საბოლოოდ კი, ეს ჩაწოდება გოლად გადაიქცა, 2-1. მეორე გოლი სტუმრება მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე, 11-მეტრიანით გაიტანეს, რომელიც ერთის შეხედვით საეჭვო იყო.

„კუკეში", სტანდარტული მდგომარეობების დროს ძალიან სახიფათოა. მატჩის ბოლოსკენ ცოტა, კონცენტრაცია დავკარგეთ. მეორე გოლიც ამის ბრალია", - ამბობს, კახა ჩხეტიანი.




„კუკეშთან" მატჩამდე, ჩხეტიანმა ყურადღება გაამახვილა, რომ მეტოქე, თავისუფალ ზონებს იშვიათად ტოვებდა. ამიტომ, ასეთი ზონების მოსანახად, მან ტორპედოელებს, შეტევის გაძლიერება და ამის ხარჯზე სივრცეების მონახვა დაავალა. რაც, ქუთაისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კარგად მოახერხეს. ამაზე პირველი ტაიმის შედეგიც მეტყველებს, 4-1. კუხიანიძის შემდეგ, „კუკეშის" კარში გოლები 28- ე წუთზე ლაზარ მარინმა და 31-ზე გიორგი ქიმაძემ გაიტანეს.

„მეორე ტაიმის მიწურულს იყო კონცეტრაციის პრობლემა. თუმცა, ეს უფრო გამოუცდელობის ბრალია. ნელ-ნელა ყველაფერს გამოვასწორებთ და ყველაფერი დალაგდება. 5-2 ანგარიში, არანაირად არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას. ალბანეთში, უნდა ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რომელიც ჩვენ შეგვეფერება, როგორიც აქ ვითამაშეთ პირველ ტაიმში. დღეს, ღირსეულად ვითამაშეთ ბიჭებმა. პირველ ტაიმშივე შევასრულეთ თითქმის ის დავალებები, რაც მწვრთნელმა მოგვცა. გვინდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ. დღეს, ნახევარი საქმე გაკეთდა. ნახევარი, ალბანეთში დაგვრჩა გასაკეთებელი. ყველაფერს ჩავდებთ საპასუხო შეხვედრაში იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ", - ამბობს მათე ცინცაძე.




ბუნებრვია, მეორე ნახევარში ქუთაისელები, ოდნავ მოდუნებულები გამოვიდნენ, რამაც ალბანელთა გააქტიურება გამოიწვია. რამდენიმე მომენტში, მათ ქუთაისელთა მეკარე, როინ კვასხვაძეც შეაწუხეს. თუმცა, რამდენიმე სახიფათო მომენტი „ტორპედოსაც" ჰქონდა. ერთი, ლაცნის დარტყმული, რომელიც ხარიხას მოხვდა, მეორე კი თორნიკე კაპანძის გოლი 86-ე წუთზე. საერთო ჯამში, „კუკეშთან" მატჩში, „ტორპედომ" 5-2 გაიმარჯვა, არც თუ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და საპასუხო თამაშის წინ ალბანეთში კარგი „ფორით" მიემგზავრება.

ამ შეხვედრაში, მოგეხსენებათ „კუკეშის" შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა ირაკლი ძარიამაც ითამაშა. ალბანური გუნდის 33-ე ნომერი, სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა, არმანდუ ცუნგუმ მოედანზე ის მხოლოდ 63 წუთი დატოვა. ირაკლი ძარია, „კუკეშთან" ერთად ტირანაში 10 აგვისტოს, გამთენიისას გაემგზავრება.



„ტორპედო" კი ალბანეთის გზას, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, 13 აგვისტოს დაადგება. საქმე ისაა, რომ არა მხოლოდ ქუთაისელები, საერთოდ, საქართველოში, სპორტული გუნდები თამაშზე მშვიდად წასასვლელად, ვერადავერ პოულობენ ან თანხას (ჩარტერული რეისები კი საკმაოდ დიდია), ან ავიაკომპანიას (ისინი არ თანხმდებიან), ან მგზავრთა სასურველი რაოდენობის ბორტს. არადა ასეთ შემთხვევაში, დროც დაიზოგებოდა და სპორტსმენთა ენერგიაც.

„კუკეშისა" და „ტორპედოს" საპასუხო შეხვედრა 16 აგვისტოს, ქალაქ ელბასანში  გაიმართება.

დასასრულს გეტყვით, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის რაუნდში „ტორპედო"-„კუკეშის" წყვილში  გამარჯვებული  „ლუდოგორეცი"  „ზრნინჟსკი"-ს შორის საუკეთესოს შეხვდება. ამ დაპირისპირებაში კი „ლუდოგორეცმა" მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა და ახლა, მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას, საპასუხო მატჩი გადაწყვეტს, რომელიც ასევე 16 აგვისტოს გაიმართება.


ლაშა კუპრაშვილის ფოტოები