უმიზეზო ალბანური აყალმაყალის ფონზე „ტორპედო“ მატჩისთვის ემზადება
უმიზეზო ალბანური აყალმაყალის ფონზე „ტორპედო“ მატჩისთვის ემზადება
08.08.2018
ავტორი:

ხვალ, 9 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება. 21:00-ზე ქუთაისის „ტორპედო" ალბანურ „კუკეშს" დაუპირისპირდება. ქუთაისური კლუბის მესვეურების გადაწყვეტილებით 12 წლამდე ბავშების თამაშზე უფასოდ დაიშვებიან, დანარჩენი გულშემატკივრისთვის კი ბილეთები სალაროებში გაიყიდება და მათი ფასი 4 ლარი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ თამაში თბილისში და არა ქუთაისში ტარდება, კლუბის ორგანიზებით, იმერეთის მთავარი ქალაქიდან თბილისში 5 ავტობუსი ქომაგებს ელიან.

„ცხადია, ჩვენთვის უფრო სასურველი და კომფორტული იქნებოდა ქუთაისში გვეთამაშა, მაგრამ იქ მოედნის საფარის შეცვლა იგეგმება და ამის გამო თამაში თბილისში გვიწევს. შესაძლოა, ქუთაისში მეტი გულშემატკივარი დასწრებოდა მატჩს, მაგრამ მხარდაჭერის იმედი თბილისშიც გვაქვს და ყველას ვთხოვ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. ვიცი, რომ ჩვენს საქომაგოდ ქუთაისიდანაც ბევრნი ჩამოვლენ... დასახულ მიზნამდე ერთად მივიდეთ!", - ამბობს კახა ჩხეტიანი, ქუთაისის „ტორპედოს" მთავარი მწრთნელი.




ქუთაისელებმა დღეს, 19 საათიდან მიხეილ მესხზე ივარჯიშეს. გუნდთან ერთად იყო ლევან კუტალიაც, რომელმაც ევროტურნირის ბოლო მატჩი გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი „ვიკუნგურისთან" მატჩის შემდეგ შეუძლოდ გახდა და მას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გარკვეული დროის გატარება მოუხდა.

„ლაზარ მარინმა ფარერებში მაღალი სიცხის გამო ვერ ითამაშა, თუმცა მთელი ეს პერიოდია გუნდთან ერთად აქტიურად ვარჯიშობს და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზადაა. როგორც მწვრთნელს, მირჩევნია ის ფეხბურთელი გამოვიყენო, რომელიც კონკრეტული მატჩისთვის სათანადოდ იქნება მომზადებული. გლეოფილო ვლიტერი კარგი, პერსპექტიული ფეხბურთელია, თუმცა ამ შეხვედრისთვის ის მზად არ არის. როცა მზად იქნება, "ტორპედოს განაცხადშიც სწორედ მაშინ იქნება! ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის. გუნდში მშვენიერი, საბრძოლო განწყობაა და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ვნახეთ "კუკესის" თამაშები, შევიმუშავეთ შესაბამისი ტაქტიკა... ჩემი ფეხბურთელების დიდი იმედი მაქვს", - ამბობს კახა ჩხეტიანი.



კახა ჩხეტიანმა მატჩისწინა  პრესკონფერენციაზე „კუკეშის" შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი, რომელშიც ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობი ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ძარია თამაშობს, მებრძოლო გუნდია. „თავისუფალ ზონებს იშვიათად თუ ტოვებს. ნახავდით ალბათ, "ყარაბაღთანაც" როგორ ითამაშეს... ასეა თუ ისე, უნდა შევუტიოთ და მეტოქე ვაიძულოთ, სივრცეები გახსნას", - ამბობს ჩხეტიანი.

„როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, გუნდში კარგი და საბრძოლოო განწყობაა. ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადეთ. ბევრი ახალწვეული გვყავს და დღითიდღე ერთმანეთს უკეთ ვუგებთ. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და ალბათ ჩვენს თამაშსაც ატყობთ, რომ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ! ფეხბურთელებმა კარგად ვიცით, რომ არაა ეს ის მეტოქე, რომლის ბარიერის გადალახვა არ შეგვიძლია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპალიგის პლეი-ოფში გავიდეთ... მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ. მათი მხარდაჭერა ახლა ძალიან გვჭირდება", - ამბობს როინ კვასხვაძე, ტორპედოელთა კაპიტანი.




ქუთაისის „ტორპედოსა" და ალბანური „კუკეშის" თბილისურ დაპირისპირებას მატჩამდე ერთი დღით ადრე დაძაბული ფონი დაერთო. ალბანურმა კლუბმა ქუთაისელები რასიზმში დაადანაშაულა და ამის მიზეზად მის 4 ფეხბურთელზე ვიზების გაუცემლობა დაასახელა.

„გუნდის ატმოსფერო არაა კარგი. ამის მიზეზი 4 ფეხბურთელისთვის ვიზის გაუცემლობაა. აქედან გამომდინარე წამოიჭრა დანარჩენი პრობლემებიც. ხაზი მინდა გავუსვა ფეირ-პლეის პრინციპების დაცვას. ჩვენ აქ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ და არ გვინდა მას პოლიტიკა დავუკავშიროთ. ჩვენ ვართ ფეხბურთელები და არა პოლიტიკოსები. ჩვენ არ ვართ დევნილები, ასეთი რამ მე აქამდე არსად მინახავს. მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ვის მოვთხოვო პასუხი. ჩემთვის სულერთია ვინაა დამნაშავე, საქართველოს სახელმწიფო თუ ორგანიზატორი გუნდი", - ამბობს პრესკონფერენციაზე, თბილისში არმანდუ ცუნგუ, „კუკეშის" მთავარი მწვრთნელი.




TSFF.GE შეეცადა გაერკვია, რამ გამოიწვია კუკეშელთა მსგავსი განცხადებები და კითხვით „ტორპედოს" ხელმძღვანელობას მიმართა. როგორც ირკვევა, ზემოთხსენებული 4 ფეხბურთელიდან, რომელთა შორის ერთ-ერთი არის კოსოვოელი, ვიზებზე მოთხოვნა ქუთაისურმა კლუბმა, დაგვიანებით ორშაბათს მიიღო.  

გამონაკლისი, სწორედ კოსოვოელი იყო, რომლის შესახებაც, ეტყობა „კუკეშის" ხელმძღვანელობამ, ერთი კვირისწინანდელი აზერბაიჯანული ინციდენტი გათვალა (აზერბაიჯანმა არ დაუშვა კოსოვოელი თავის ტერიტორიაზე) და „კუკეშის" მესამე მეკარისთის ვიზა პარასკევს, 3 აგვისტოს მოითხოვა. შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 5-10 წუთში „ტორპედომ" კოსოვოელს მოწვევა გადაუგზავნა, მის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტსაც მიმართა თხოვნით, არ შეექმენათ ფეხბურთელისთვის პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს აღიარებული კოსოვოს დამოუკიდებლობა, ქუთაისურმა კლუბმა საფეხბურთო პრინციპებით იხელმძღვანელა და იმ გარემოებით, რომ კოსოვო უეფას წევრია. თუმცა, თბილისის აეროპორტში, კოსოვოლეს 4 საათის მანძილზე მაინც მოიწია ყურყუტი და შესაბამისად, სტუმართა რისხვაც ამან გამოიწვია.




რაც შეეხება დანარჩენ 3 ფეხბურთელს, მათ შორის 2 მაკედონიელს, რომლებიც ასევე სათადარიგო შემადგენლობის რგოლის მოთამაშეები არიან, მათ შესახებ „ტორპედოში" შეტყობინება მხოლოდ ორშაბათს მოვიდა. ამასთან ხაზგასასმელია, რომ ვიზის მიღების მსურველთა უმრავლესობის განაცხადს არ ჰქონდა დართული ფოტოსურათი, ან იყო მთელი რიგი შეცდომებით შევსებული, რამაც ვიზის გაცემის პროცესი შეაფერხა.

მიუხედავად ამისა, ვითარების განსამუხტად „ტორპედომ" მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომლეიც თავის მხრივ დაუკავშირდა  უეფა-ს და აცნობა, რომ ისინი მზად არიან ჩაერთონ საქმეში და „კუკეშს" დაეხმარონ. თუმცა, ამ დახმარებაზე კი, უკვე თავად  ალბანურმა კლუბმა განაცხადა უარი.  უარი მაკედონილეზე, მოზამბიკელი კი თბილისში 9 აგვისტოს გამთენიისას ჩამოვა.

საბოლოოდ, „კუკეში" 7 აგვისტოს გვიან ღამით 18 ფეხბურთელის და აგრესიულად განწყობილი ჟურნალისტების თანხლებით თბილისში ჩამოვიდა, სასტუმრო „რედისონში" დაბინავდა და დღეს, მიხეილ მესხზე ივარჯიშა.

რაც შეეხება ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას, რომელიც 16 აგვისტოს გაიმართება, ის ქუთაისელებისთვის უფრო ფსიქოლოგიურად იქნება რთული, ვიდრე სპორტული თვალსაზრისით, რადგან „კუკეშთან" ერთად საქართველოში ჩამოსული მედიის წარმომადგენლები, საკუთარ მაყურებელსა და მკითხველს ქართული გუნდის მიმართ აგრესიულად აწყობენ. ამის დასტური, თუნდაც ალბანელ ჟურნალისტთა შეცხადება იყო, იმის თაობაზე, რომ თურმე „კუკეშს" აეროპორტიდან და შემდეგ ყველგან, სადაც გუნდი ავტობუსით გადაადგილდება პოლიციის ექსკორტი აცილებს. ამ ინფორმაციით, ალბანელი ჟურნალისტი, განზრახ შეეცადა, „კუკეშის" მიმართ არარსებული საფრთეების შესახებ ეამბო, რაც საპასუხო მატჩის წინ, ტირანაში (და მან რეპორტაჟისას ტირანა რამდენჯერმე ახსენა),  ქართველების მიმართ აუცილებლად გამოიწვევს აგრესიას.