ქართველი ქალები უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის თამაშებს იწყებენ
ქართველი ქალები უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის თამაშებს იწყებენ
21.07.2018
ავტორი:

ერთი ქართული გუნდი - ქუთაისის „მართვე"  და ორიც ქართველი ფეხბურთელი ქალი ნინო სუთიძე და გულნარა გაბელია 7-13 აგვისტოს ჩათვლით, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში აიღებს სტარტს. 10 ქალაქში 4-4 გუნდად დაწყვილებული ჯგუფებიდან, მომდევნო რაუნდში მხოლოდ 1 გუნდი გადავა, სადაც უკვე 32 საუკეთესო გუნდი ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს ბრძოლას.

ტურნირში, მეორედ მიიღებს მონაწილეობას ქუთაისის „მართვე" რომელიც ქალთა საფეხბურთო ეროვნული გათამაშების 2-გზის გამარჯვებულია. ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ქუთაისელი გოგონებს 10 მატჩი აქვთ ჩატარებული და აქედან 7 მოგებული და ორიც ფრედ დამთავრებული.  თუმცა, „მართვე" ამ შედეგის მიუხედავად სატურნირო ცხრილში, მხოლოდ მესამე ადგილზეა.




ქუთაისელი გოგონები მე-3 ჯგუფში მოხდნენ და მათი მეტოქეები შოტლანდიური „გლაზგო სიტი", „გორნიკ ლიეჟნა" პოლონეთიდან და ბელგიური „ანდერლეჰტი" იქნებიან. თამაშები შოტლანდიაში, ედინბურგში გაიმართება.  ევროტურნირისთვის, ქუთაისელი გოგონები 3 უკრაინელი ლეგიონერით არიან გაძლიერებულები.

ბუდაპეშტში ითამაშებს საკვალიფიკაციო რაუნდს, საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ნინო სუთიძე, რომელიც 2017-18 წლების თურქეთის ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის,  „ათაშეჰირ ბელედიესპორის" ღირსებას დაიცავს. ქართველი ფეხბურთელის სტამბულური გუნდის მეტოქეები, მე-4 ჯგუფში „სლავია პრაღა" ჩეხეთიდან, უნგრული „MTK ჰუნგარია" და კოსოვოს „მიტროვიცა" იქნებიან.

„ვემზადები ჩემპიონთა ლიგისთვის, რომელიც ჩემთვის რიგით მესამე იქნება. რთულია წინასწარ პროგნოზების გაკეთება, თუმცა თუ საკლუბო სარეიტინგო ქულებით ვიმსჯელებთ, ჯგუფში ფავორიტი ჩეხეთის „სლავია პრაღა" არის", - ამბობს TSFF.GE-სთან საუბარში ნინო სუთიძე.




ჩემპიონთა ლიგაში მეხუთედ მოუწევს უეფა-ს ქალთა ჩემპიონატზე ასპარეზობის დაწყება საქართველოს 2-გზის საუკეთესო ქალ ფეხბურთელსა და ყაზახური ჩემპიონატების მრავალგზის გოლეადორ გულნარა გაბელიას, რომელსაც ამ 5 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგაზე 12 გოლი აქვს გატანილი.

 „ვემზადებით ჩეპიონთა ლიგის თამაშებისთვის. 29 ივლისს ლიეტუვაში მივფრინავთ მოსამზადებლად და შემდეგ, იქიდან გადავალთ ლატვიაში, სადაც შესარჩევი თამაშები გაიმართება. იმედი გვაქვს, რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევას მოვახერხებთ", - ამბობს გულნარა გაბელია, რომლის ყაზახურმა „ბიიკმა" 3-ჯერ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპის დაძლევა წინა წლებში მოახერხა და 1/16 ფინალიც ითამაშა.




გაბელიას „ბიიკი" მე-7 ჯგუფში ასპარეზობს და მისი მეტოქეები „ლანდაჰაუზ აუსტრია", ბერძნული „აკადემია ელპიდესი" და რიგის საფეხბურთო სკოლის გუნდები იქნებიან.

წარმატების შემთხვევაში, ქართული გუნდისა და ქართველი გოგონების გუნდები მეტოქეების ვინაობა 17 აგვისტოს კენჭისყრაზე გაირკვევა. 1/16 ფინალები კი 12/13 და 26/27 სექტემბერს გაიმართება.