"ტორპედო" საპასუხო მატჩისთვის მზადაა
"ტორპედო" საპასუხო მატჩისთვის მზადაა
17.07.2018
ავტორი:

საქართველოს ჩემპიონმა, ქუთაისის „ტორპედომ" საპასუხო მატჩისწინა პრესკონფერენცია და ბოლო ვარჯიში „შერიფის" სტადიონზე გამართა. ქართული კლუბი მოლდოვაში 14 ივლისს ჩავიდა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშისთვის მომზადებაც იქ გაიარა. „შერიფთან" მატჩი, 18 ივლისს, თბილისის დროით 21:00 დაიწყება და ფეხბურთის მოყვარულებს მის ნახვა YouTube-ს მეშვეობით შეეძლებათ.



„ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდის უკლებლივ ყველა წევრს გათვიცნობიერებული აქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის. ტირაპსოლში, ადრე იმიტომ ჩამოვედით, რომ აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო და აქაურობას შევჩვეოდით.თითოეული მატჩის წინ მეტოქის ანალიზს ვაკეთებთ და შემდეგ ვწყვეტთ, როგორ ვითამაშოთ. ის, რომ შინ 2:1 გვაქვს მოგებული, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას და უკნიდან თამაშს ვაპირებთ. დღეს აქ ტაქტიკებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ვიმეორებ, მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ. დანარჩენი ხვალ გამოჩნდება! „ ერთს ვიტყვი, რომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული მივანიჭოთ", - ამბობს მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე კახა ჩხეტიანი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ ტორპედოელებმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო შეხვედრა 10 ივლისს ქუთაისში გამართეს და მინიმალური ანგარიშით 2-1 გაიმარჯვეს. გოლები გიორგი ქიმაძემ და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.




„3 დღეა ტირასპოლში ვართ და ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის. 2:1 არ არის ის ანგარიში, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ ხვალინდელ მატჩს სრული სერიოზულობით ვეკიდებით."შერიფი" ძალიან კარგი გუნდია და ვიცით, რომ იოლი შეხვედრა არ გველის, თუმცა ყველაფრისთვის მოვემზადეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ გავალთ. საამისოდ, ფეხბურთელები ყველაფერს ვიზამთ", - ამბობს როინ კვასხვაძე, ტორპედოელთა კაპიტანი.

10 ივლისს, ქუთაისელთა რიგებში, რამდენიმე „ახალმა" ფეხბურთელმა ითამაშა. ჩანდა რომ ახალ ფეხბურთელებს, შეთამაშება აკლდათ. თუმცა, მოიხედავად ამისა, „ტორპედომ" 2-რაინდოან ბრძოლაში დაწინაურება მოახერხა. მატჩის შემდეგ, ტორპედოელთა მთავარმა მწვრთნელმა, „შერიფთან" ორ განსხვავებულ ტაიმთან დაკავშირებული კითხის პასუხშიც, სწორედ, ამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.




„გუნდთან შეგუება არ გამიჭირდა და ხვალ ყველანაირად ვეცდებით, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ. პირველ თამაშს რაც შეეხება, ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი მეორე ტაიმი იყო და ცუდად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ როცა დავწინაურდით, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვიფიქრეთ. ამ თამაშს, ბევრჯერ გადავხედეთ და რა შეცდომებიც გვქონდა, ხვალ, აუცილებლად გამოვასწორებთ", - ამბობს მათე ცინცაძე.

„შერიფისა" და „ტორპედოსა"  საპასუხო მატჩის  მთავარი მსაჯი, რომელიც ტირასპოლში გაიმართება პიტერ კიარსგაარდი იქნება, რომელსაც მისივე თანამემამულეთა, დანიელ მსაჯთა ბრიგადა მიეხმარება.