„დავით ყიფიანის თასის“ გათამაშებას „საბურთალო“, „ლოკომოტივი“, „სიონი“, და „კოლხეთი 1913“ გამოეთიშენ
„დავით ყიფიანის თასის“ გათამაშებას „საბურთალო“, „ლოკომოტივი“, „სიონი“, და „კოლხეთი 1913“ გამოეთიშენ
13.06.2018
ავტორი:

„რუსთავი", „სამტრედია", „დილა", „ჩიხურა" „ტორპედო" და „დინამო თბილისი" - ეს ეროვნული ლიგის გათამაშების მონაწილე ის კლუბებია, რომლებმაც საქართველოს „დავით ყიფიანის თაისის" გათამაშების 1/8 ფინალში გასვლა მოახერხეს. 1/8 ფინალის წილისყრა ორშაბათს, 18 ივნისს გაიმართება.

დღეს, კი „მიხეილ მესხი 2"-ზე, მეორე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელობის ტურნირის 1/16 ფინალის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფინალის ტოლფასი იყო. სათასო თბილისურ დერბიში „ლოკომოტივი" და „დინამო თბილისი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩის სტარტზე, დინამოელთა მიერ გატანილ სწრაფ გოლსა და ამავე ტაიმში, „დინამო თბილისის" 2 ბურთიანი უპირატესობას, შესაძლოა, სხვა გუნდი წელში გაეტეხა. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე „ლოკომოტივმა" ანგარიშის შემცირება მოახერხა, შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე კი ანგარიშის გათანაბრება შესძლო.




„ვფიქრობ, რომ საინტერესო თამაში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ძირითადად რეალურ დროში და პლიუს მერე დამატებითში ოთხჯერ მოგვიწია თამაშში დაბრუნება, საინტერესო თამაში გამოდგა. ვფიქრობ, რომ ორივე მხრიდან იყო გახსნილი თამაში. რეალურად ჩვენ უპირატესობას ვფლობდით.  გვქონდა კარგი საგოლე მომენტები. შეგვეძლო დავწინაურებულიყავით. ვფიქრობ, რომ ასეთი გახსნილი თამაშები დააბრუნებს გულშემატკივარს ტრიბუნაზე. უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდება. ჩვენი მთავარი მიზანიც ეს არის. მადლობელი ვარ ბიჭების, ბოლომდე იბრძოლეს, თავდადებით ყველა ეპიზოდში", - ლაშა ჭაღიაშვილი, „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი.

პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრის დარჩენილ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საფეხბურთო დრამა გათამაშდა. შეხვედრის 87-ე წუთზე შეცვლაზე, მეორე ტაიმში შემოსულმა ოთარ კიტეიშვილმა მეოთხე მცდელობის შემდეგ, ლუკა შეროზიას კარის აღება მესამედ მოახერხა. აქვე, უნდა აღინიშნოს შეროზიას ამ და სხვა მატჩებშიც ნაჩვენები თამაში. ალბათ, ბოლო მატჩებში, სწორედ ამ ფეხბურთელის დამსახურებაა, რომ „ლოკომოტივის" კარი საიმედოდაა დაცული. თუმცა, არც ნიკა ჭანტურიას, „ლოკომოტივის" მცველს ვუკარგავთ, დინამოელთა თითქმის კარის ხაზიდან გამოტანილ ბურთს.




„თავიდანვე ვიცოდით, რომ წინ რთული თამაში გველოდა. „ლოკომოტივი" ბოლო თამაშებში ძალიან კარგად გამოიყურება და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ეროვნულ ლიგაში. რაც შეეხება კონკრეტულად სათასო დაპირისპირებას, დაძაბული თამაში გამოვიდა. 3-ჯერ ვიგებდით ფაქტიურად და სამივეჯერ მოგებული თამაში მოგვიტრიალეს. თუმცა, მოვახერხეთ მაინც და პენალტების სერიაში მომდევნო ეტაპზე გავედით. ყველამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს დასაფასებელია" , - ოთარ კიტეიშვილი, დინამოელთა კაპიტანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სათასო შეხვედრაში, დინამოელთა თავკაცმა, კახი კაჭარავამ დასვენების საშუალება მისცა ბუდუ ზივზივაძეს, ოთარ კიტეიშვილი და აკაკი შულაია კი შეცვლაზე შემოიყვანა. მოგეხსენებათ, რომ სანაკრებო ფანჯრის დროს „დინამო თბილისის" ძირითადი შემაგდენლობის 9 ფეხბურთელი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში იყო გამოძახებული და ის დრო, რომლებიც სხვა გუნდებმა „დასვენებას" მოანდომეს, დინამოელთათვის ყველაზე დაძაბული და გადატვირთული გამოდგა. ამას ეროვნული ლიგის მჭიდრო გრაფიკიც დაემატა -  10 ივნისს „დინამო თბილისი" ჩიხურას ეთამაშა, 17 ივნისს კი გათამაშების ლიდერთან „საბურთალოსთან" აქვს შეხვედრა გასამართი. ამ მატჩებს შორის კი,  ფინალის ტოლფასი სათასო 1/16 ფინალი დაემთხვა „ლოკომოტივთან". შეგახსენებთ, „დავით ყიფიანის თასის" გათამაშების ამ რაუნდში, ეს იყო ერთად-ერთი დაპირისპირება, რომელშიც ელიგის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს.  




მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე, როდესაც  „დინამო თბილისის" 2-3 იგებდა, მათ კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. შეხვედრის დამატებულ 15 წუთიან ტაიმებში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და საბოლოოდ, მატჩი 4-4 დაასრულეს. საფეხბურთო ლატარეაში კი დინამოელები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ და ამასთან, „დინამო თბილისის" ახალგაზრდა მეკარემ დემეტრე ბულისკერიამ, ერთი 11-მეტრიანის მოგერიებაც მოახერხა (სრული სტატისტიკა) (4-5).

„ამ მატჩის შეფასებისას, როდესაც 0-2 იგებ, თამაში უნდა დამთავრდეს... მიუხედავად ამისა ბიჭები იყვნენ მონდომებულები და ბოლომდე შეეცადნენ ეთამაშათ. ვფიქრობ, რომ ისეთი კურიოზული გოლები გაგვივიდა, ორი, როგორიც ფეხბურთში ძალიან იშვიათად ხდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ასეთი თამაში, სანახაობრივი კუთხით, კარგა ხანია არ ყოფილა. „ლოკომოტივის" სახით კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. გუნდი შეეცადა, რომ ბოლომდე ებრძოლა. ჩვენ რაღაცეებში შეცდომები დავუშვით, მაგრამ ბოლოს მაინც გამოვასწორეთ. რაც შეეხება მეკარის შეცდომას, ვფიქრობ, რომ მე-4 გოლი მისი შეცდომა იყო, თუმცა 11-მეტრიანებში მან გადაგვარჩინა. ამიტომ, დღევანდელი გამარჯვება, ყველას დამსახურებაა", - კახი კაჭარავა, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი.




1/16 ფინალის დანარჩენი შეხვედრები 12 და 13 ივნისს ასე დასრულდა:

„ვიტ ჯორჯია 2" - „საბურთალო"    0 -  0 (4-2 პენალტები)

„გაგრა" - „სიონი" 2 - 1

„გორი" - „ტორპედო" 0-2

„თბილისი 2016" - „ჩიხურა" 0-6

„მეტა" - „თბილისი სითი"  0-0  (3-2 პენალტები)

„გურია" - „კოლხეთი 1913" 1 - 0

„მარკ სტარსი" - „მერანი"  2 - 4

„ქოჯაელი"  - „დილა" 0- 8

„მეშახტე" - „სამტრედია" 2 - 3

„სამგურალი" - „რუსთავი" 2 - 2 (5-6 პენალტები)

სრული სტატისტიკა