ფიფა-ს კონგრესი ფეხბურთის მომავალზე მსჯელობს
ფიფა-ს კონგრესი ფეხბურთის მომავალზე მსჯელობს
13.06.2018
ავტორი:

ხვალ,  მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი იწყება. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენაა, ვიდრე ხვალინდელი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ან თავად გახსნის ცერემონიალია, დღეს ამ წუთებში მიმდინარეობს. ფიფა-ს კონგრესის ტელე-ტრანსლიაცია ამ წუთებში ტარდება.

უკვე ცხადია, რომ ფიფასა და უეფას შორის დაძაბულობის ტემპერატურა ძალიან მაღალია. სწორედ ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციების საოცრად ნეგატიური პოზიციის შედეგად, ფიფამ კონგრესის დღის წესრიგში აღარ შეიტანა 25-მილიარდიანი პროექტი 24-გუნდიანი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა და მსოფლიო ერთა ლიგის შესახებ.

განსაკუთრებით მკაცრი იყო უეფას პრეზიდენტის - ჩეფერინის განცხადებები, რომ იგი „არ დაუშვებს, რომ ვინმემ გაყიდოს ფეხბურთის სული".

ამავე ორგანიზაციების ზეწოლით, ფიფამ უკან დაიხია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ყატარში მონაწილე გუნდების 48-გუნდამდე გაზრდის საკითხშიც. ფიფას პრეზიდენტმა - ინფანტინომ ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დღეს ნაადრევია, განსაკუთრებით, თავად ყატარის თანხმობის გარეშე.

თუმცა ეს ყრილობა მაინც შევა ისტორიაში, ვინაიდან პირველად მოხდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელს აირჩევენ თავად ფედერაციები და არა ფიფას საკონსულო (იგივე ყოფილი აღმასკომი), როგორც ადრე ხდებოდა-ხოლმე.

კერძოდ, დღეს ფედერაციები კენჭისყრით გაარკვევენ 2026 წლის მასპინძელ ქვეყანას ორი კანდიდატიდან: (1) აშშ-კანადა-მექსიკა გაერთიანებულად და (2) მოროკო.