სოლომონ კვირკველია ქართული მედიის რჩეული გახდა
სოლომონ კვირკველია ქართული მედიის რჩეული გახდა
12.06.2018
ავტორი:

ჟურნალისტებმა, 10 წლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. 80 გამოკითხულში 211 ხმით, 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის" მცველი სოლომონ კვირკველია აღიარეს. გამოკითხვა, დამოუკიდებელ საქართველოში, ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა „სარბიელმა" ჩაატარა, რომელიც თითქმის წელია ინტერნეტსივრცეში აღსდგა. ბუნებრივია, რომ სარბიელელებმა არც საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაივიწყეს.

„პირველ რიგში მადლობას ვუხდი „სარბიელს" ასეთი კარგი ჯილდოსთვის. სასიამოვნოა, ყველა სპორტსმენისთვის, როდესაც, შენი ქვეყნის გულშემატკივარი და ჟურნალისტები დაგასახელებენ საუკეთესო ფეხბურთელად. ეს ერთგვარი სტიმული იქნება სამომავლოდ"- ამბობს საბა კვირკველია.




მედიის რჩეული ქართველი ფეხბურთელი ჯერ არ საუბრობს იმ მოსალოდნელ ტრანსფერზე, რომლის შესახებაც არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპულ პრესაშიც გაკვრით დაიწერა. ყვითელი ინფორმაციით, „ლესტერი" კვირკველიას სანაცვლოდ, მზადაა 17 მილიონი ევრო გადაიხადოს.

„ლესტრეში" გადასვლის შესახებ, ამ ეტაპზე მიჭირს პასუხის გაცემა, მაგრამ დაინტერესება არის. ბუნებრივია, ინგლისის პრემიერლიგა, ჩემი ოცნების ჩემპიონატია და თუ იქნება შემოთავაზება, მოვსინჯავ ჩემს ძალებს", - ამბობს კვირკველია.

„სარბიელის" გამოკითხვაში კი სპორტულმა მედიამ 16 ფეხბურთელის გვარი დაასახელა.  კვირკველიას გარდა დასახელებულთა შორის მოხვდნენ: გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია), ვაკო  ყაზაიშვილი („სან ხოსე", აშშ), გიორგი ქვილითაი („რაპიდი", ავსტრია), ოთარ კაკაბაძე („ხიმნასტიკი", ესპანეთი), ვაკო გვილია („ლუცერნი", შვეიცარია), ჯაბა კანკავა („ტობოლი", ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე („რანდერსი", დანია),  როინ კვასხვაძე   („ტორპედო", ქუთაისი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", უკრაინა), ოთარ კიტეიშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა", ესპანეთი), გიორგი ლორია („ანჟი", რუსეთი), დავით სხირტლაძე („ორჰუსი", დანია), ხვიჩა კვარაცხელია („დინამო თბილისი").



ტრადიციულად, ქულების დარიცხვის სისტემა ამჯერადაც, მარტივი იყო. შესაბამისად, პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭებოდა 3, მეორეს - 2, მესამე - 1 ქულა. ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან პირველ სამეულში კვირკველია, კაშია და ჩაკვეტაძე შევიდნენ. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ფეხბურთელთა შორის ეროვნულ ლიგაში დარეგისტრირებული მხოლოდ 3 ფეხბურთელი დასახელდა (კვასხვაძე, კიტეიშვილი და კვარაცხელია).

Tsff.ge - ი ულოცავს საბას დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენს კოლეგებს, „სარბილეს" კი ტრადიციის აღდგენას.

და ბოლოს, სპორტულ მედიას, რომლიც არა თუ 80-ი, არამედ ხშირად 10 კაცამდეც კი არ დადის საფეხბურთო მატჩებზე და ბუნებრივია, არც აშუქებს ზოგჯერ სანაკრებო თამაშებსაც კი და შესაბამისად, არც კი იცის ბევრი ფეხბურთელის გვარი, მათი სახეზე ცნობა ხომ ზდემეტი თავისტკივილია, ვურჩევთ, ონლაინრეჟმში, საფეხბურთო გვარების მიღმა სტატისტიკის კითხვას და სატრანსფერო თანხების დაზეპირებას, ფეხბურთის საყურებლად სიარული დაიწყონ.

„სარბიელის" დაჯილდოვებას კი ჟურნალისტების გარდა, თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და თბილისის „დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.