სეოკ-ის პრეზიდენტმა შეკრებაზე მყოფი ქვიშის მოჭიდავეები მოინახულა
სეოკ-ის პრეზიდენტმა შეკრებაზე მყოფი ქვიშის მოჭიდავეები მოინახულა
03.06.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები გუნდი ბათუმში გადის საწვრთნელ შეკრებას.


ეროვნულმა ნაკრებმა გუნდმა მსოფლიოს სერიის პირველ ეტაპზე, რომელიც ამავდროულად გახლდათ მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშების სალიცენზიო ტურნირი, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში წარმატებით იასპარეზა და სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა. ამჯერად ქვიშის მოჭიდავეთა  ეროვნული ნაკრები გუნდი სინგაპურში გასამართ მსოფლიოს სერიის მეორე ეტაპზე საასპარეზოდ ემზადება, რომელიც ასევე მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშების სალიცენზიო ტურნირიცაა.


დღეს ბათუმში საწვრთნელ  შეკრებაზე მყოფ ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები გუნდის ვარჯიშს დაესწრო სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სეოკ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა ეროვნული ნაკრები გუნდის მნიშვნელოვანი გამარჯვებები ქვიშის მსოფლიოს პირველ თამაშებზე, ასევე მსოფლიოს სერიის სხვადასხვა ეტაპებზე. მოახლოებულ შეჯიბრებებზე კი წარმატებები უსურვა ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნულ ნაკრებ გუნდს.


სინგაპურში საქართველოს ქვიშის ეროვნული ნაკრები გუნდი - ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (80 კგ), დავით ხუციშვილი (90 კგ), დავით ფირუზაშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია ( +90 კგ), მთავარ მწვრთნელთან ჯემალ კილაძესთან, საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტთან ლაშა ლომიძესთან და გენერალურ მდივანთან ჯონი ცივაძესთან ერთად  7 ივნისს გაემგზავრება. შეჯიბრი 10-11 ივნისს გაიმართება.


ქვიშის მსოფლიოს მეორე თამაშებს,  რომელიც გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ეგიდით  ბალი (ინდონეზია) 5-12 აგვისტოს უმასპინძლებს და მასში  საქართველოდან მონაწილეობას  მიიღებენ ქვიშის მოჭიდავეთა და წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდები.