როდესაც ბიჭებში ამდენი ტალანტია, არ შეიძლება ისინი გოგონებშიც არ იყვნენ - ირის ანტმანი
როდესაც ბიჭებში ამდენი ტალანტია, არ შეიძლება ისინი გოგონებშიც არ იყვნენ - ირის ანტმანი
24.05.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი, პოსტზე დანიშვნის დღიდან, მაქსიმალურად ცდილობს დაესწროს ქალთა ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს, ისევე, როგორც ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის მატჩებს. ჩვენი გვერდი მას სწორედ, ერთ-ერთი ასეთ რიგით დღეს შეხვდა და გაიცნო. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ იყო, ოფიციალური ინტერვიუ და მხოლოდ, „შინაურულად" ვისაუბრეთ, გეტყვით იმას, რომ ირისს, სჯერა, რომ ქვეყანაში, სადაც ვაჟთა შორის ამდენი ტალანტი და ნიჭიერი ფეხბურთელია, არც ქალები უნდა იყვნენ „შორს" და სწორ, თანმიმდევრულ სამწვრთნელო პროცესებსა და სელექციას, აუცილებლად მოყვება შედეგი.

ამ მიზნით, ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა საქართველოში ტალანტთა პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამაში როგორც ასაკობრივი ნაკრებების, აგრეთვე ეროვნული ნაკრების წევრები და ეროვნული გუნდის კანდიდატები მონაწილეობენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთელ გოგონებს სპეციალური სავარჯიშო ტესტები ჩაუტარდებათ და შედეგების მიხედვით მოთამაშეები კონკრეტული მიმართულების გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.




როგორც სფფ-ს სანაკრებო გვერდი იტყობინება, პროექტის მიზანი სპორტსმენთა ფიზიკური და მენტალური გაძლიერებაა.


პროგრამაში ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად გოგონათა ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და მათი შტაბის წევრები არიან ჩართული. ტალანტთა პროგრამის პირველი ეტაპი რუსთავში მდებარე ეროვნული გუნდების ტექნიკურ ცენტრში შედგა, სადაც „ნორჩი დინამოს", „ელიტას", „კვარტალის", სოხუმის „დინამოს", „გორი იუნაიტედისა" და „ვერეს" ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.


პროგრამის ფარგლებში, უახლოეს დღეებში, კიდევ რამდენიმე ტესტია დაგეგმილი, რომელშიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე დასავლეთ საქართველოს რეგიონის  ფეხბურთელები ჩაერთვებიან.


სტატიაში გამოყენებულია სფფ-ს ფოტოები