ქართველი გოგონებისთვის ფეხბედნიერი 13 მაისი
ქართველი გოგონებისთვის ფეხბედნიერი 13 მაისი
13.05.2018
ავტორი:

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის ტურნირის გამარჯვებულია, ქართველმა გოგონებმა 9-13 მაისის ჩათვლით 3 შეხვედრა გამართეს და სამივეში გაიმარჯვეს. თავდაპირველად ქართველმა გოგონებმა ყაზახი თანატოლები დაამარცხეს 3-1.  მომდევნო მატჩში უკვე, რუმინელებს სძლიეს 2-1. ტურნირის გადამწყვეტ მატჩში კი მინიმალური ანგარიშით 1-0 ბელარუსის, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერად მომზადებული ნაკრები დაამარცხეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.



„პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ფეხბურთელებს მთლიან სტაფს და ჩვენს ხელმძღვანელობას, რომლებიც ყველანაირ პირობას გვიქმნიან კარგად მოვემზადოთ ამა თუ იმ ტურნირისთვის. რაც შეეხება გუნდს, ვთვლი, სამივე თამაში მაღალ დონეზე ჩაატარეს. თან არ დაგავიწყდეთ, ბელორუსთან ბოლო მატჩი ამ ტურნირის წესებიდან გამომდინარე 10 წუთი 10 ფეხბურთელით მოგვიწია თამაში და გუნდმა გოლი არ გაუშვა. ვინც უყურა თამაშს, მგონი ყველამ დაინახა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელები ძალიან უდისციპლინოდ იქცეოდნენ და ცდილობდნენ ჩვენი გოგოები პროვოკაციაზე წამოეგოთ. მათ საპირისპიროდ, პირიქით გეტყვით, ძალიან დისციპლინირებული და პროფესიონალური თაობა მოდის, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი საქმე და ქვეყანა, რაც დაამტკიცეს კიდეც. რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა დააკმაყოფილდნენ და მეტი უნდა მოინდომონ უკეთესი შედეგს, რომ მივაღწიოთ. მჯერა ჩვენი მომავლის. ქართველებს ძალიან მალე გვინდა მაღალი შედეგების მიღწევა, მაგრამ მერწმუნეთ ქართული ფეხბურთი სწორ გზაზეა და წარმატებებიც იქნება როგორც ქალთა ფეხბურთში, ასევე ვაჟთა ფეხბურთში. იგივეს თქმა შემიძლია, ამავე ასაკში, ვაჟთა შორის ტურნირზე, სადაც, ჩემი შეხედულებით კარგად გამოვიდა საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრები, რომელსაც ზვიად ჯელაძიე ასპარეზობს. ბიჭებმა, ორი თამაში მოიგეს და თუ უყურეთ ყველა გუნდს აჯობეს თამაშით", - ამბობს ლევან ბაჯელიძე, ქალთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი.


ტურნირის გადამწყვეტ მატჩში, საქართველოსა და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ქართველმა გოგონებმა პირველი ორი თამაშისგან განსხვავებით, ბოლო მატჩი შედარებით სუსტად დაიწყეს. თუმცა, გოლის გატანა პირველივე ტაიმში მოახერხეს. ქართველი ფეხბურთელები მე-17 ნომერმა ნათია წოწერიამ გაიტანა, რომელმაც ტურნირის მანძილზე, საერთო ჯამში 3 გოლი გაიტანა. ამასთან ერთად, პირველი ტაიმის შემდეგ, იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა ლევან ბაჯელიძეს.


„არ მინდა ვინმე გამოვყო. ტურნირზე, ყველამ კარგათ ითამაშა. რაც შეეხება მწყერაშვილს როგორც კი ბავშვი ცუდად დაეცა და თავი ცუდად იგრძნო, ეგრევე შევცვალეთ. თამაშის შემდეგ, საბედნიეროდ არ ქონდა ტვინის შერყევის ნიშნები", - ამბობს ლევან ბაჯელიძე.

აქვე გეტვით, რომ ტურნირი 3 გოლით დაამთავრა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა გოგონამ, ანასტასია ბოლქვაძემაც.



უეფას განვითარების თასის ტურნირის ბოლო მატჩში, საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: სვეტლანა გაბელაია („ნიკე" თბილისი),  გვანცა ქადაგიშვილი („ნორჩი დინამო"), ელენე რაუხი („თბილისის თბილისი", კ), ანა აკობიძე („ნიკე" თბილისი),  ქეთევან ცაავა („მართვე" ქუთაისი), ნათია დანელია („ნიკე" თბილისი),  მაიკო ბებია („ნიკე" თბილისი),  ლიზი მწყერაშვილი („ნიკე" თბილისი),  ანასტასია ბოლქვაძე („ნიკე" თბილისი),  ანა წულაია („კოლხეთი" ხობი), ნათია წოწერია („ლანჩხუთი").

შეცვლაზე შევიდნენ: ლანა მჟავია („ლანჩუთი"), ნინო გურიელიძე („ნორჩი დინამო"), მეგი ეჯიბია („ნიკე" თბილისი),  მეგი გოცირიძე („თბილისის თბილისი"), ლიკა ხუნაშვილი („თბილისის თბილისი"), მარიამ გოროზია („კოლხეთი" ხობი), მარიამ რომანჩუკი („ლანჩხუთი").

დღესვე, პეტრო არენაზე, ყაზახეთისა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა 2-0, ყაზახეთის გამარჯვებით დასრულდა.