ყაზახეთის შემდეგ, რუმინეთი...
ყაზახეთის შემდეგ, რუმინეთი...
11.05.2018
ავტორი:

საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრებმა, დღეს უეფა-ს განვითარების თასის გათამაშებაზე, მეორე მატჩი ჩაატარა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა გოგონებმა ამჯერად, რუმინელ თანატოლებს სძლიეს მინიმალური ანგარიშით 2-1. თუმცა, ასპარეზობის 2 დღის შემდეგ, მხოლოდ მათ შესძლეს 2 თამაშის მოგება და შესაბამისად, 6 ქულის დაგროვებაც.  

ვიდრე, უშუალოდ დღევანდელ მატჩზე გეტყვით, გაცნობებთ, რომ დღესვე თბილისში, „პეტრო არენაზე" ყაზახეთისა და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა. დებულების თანახმად კი, ასეთ შემთხვევაში 11-მეტრიანების სერია ინიშნება, რომელშიც იღბალი დღეს, ყაზახი გოგონების მხარეს იყო. ყაზახეთმა 4-2 მოიგო. 2 შეხვედრის შემდეგ, ჯგუფში ბოლო ადგილზე ბელარუსები არიან, რომლებიც, პირველ ტურში რუმინელებთან დამარცხდნენ. ქართველ გოგონებს კი, 13 მაისს,  „მესხი 2"-ზე დაუპირისპირდებიან.



თუმცა, მანამდე დღევანდელ თამაშს დავუბრუნდეთ, რომელიც ლევან ბაჯელიძის გოგონებმა, იმავე შემადგენლობით დაიწყეს., რომლითაც 2 დღით ადრე, ყაზახეთის ნაკრებს სძლიეს ანგარიშით 3-1. საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სვეტლანა გაბელაია („ნიკე" თბილისი),  გვანცა ქადაგიშვილი („ნორჩი დინამო"), ელენე რაუხი („თბილისის თბილისი", კ), ანა აკობიძე („ნიკე" თბილისი),  ქეთევან ცაავა („მართვე" ქუთაისი), ნათია დანელია („ნიკე" თბილისი),  მაიკო ბებია („ნიკე" თბილისი),  ლიზი მწყერაშვილი („ნიკე" თბილისი),  ანასტასია ბოლქვაძე („ნიკე" თბილისი),  ანა წულაია („კოლხეთი" ხობი), ნათია წოწერია („ლანჩხუთი").

უეფა-ს განვითარების თასის ტურნირის პირველი სამატჩო დღის მსგავსად, დღესაც შეხვედრის დაწყება, ქალ ფეხბურთელებს წვიმის თანხლებით მოუხდათ. ამას დაემატა ისიც, რომ რუმინელებმა სრწაფი გოლის გატანაც მოახერხეს. შეხვედრის მე-4 წუთზე, ცუდად მოგერიებული კუთხურის შემდეგ, ბურთი საქართველოს ნაკრები კარში ქრისტინე ტუდორაჩემ გაიტანა და სტუმრები 0-1 დააწინაურა.



„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გოგონებს თავდადებული თამაშისთვის, გულშემატკივარს - მხარდაჭერისთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას. გაშვებული გოლის მიუხედავად, გუნდმა შესძლო თამაშის შემოტრიალება და გამარჯვებამდე მიყვანა. ბოლოსკენ, დაგეთანხმებით, რომ გუნდს დაღლა შეეტყო, რაც მჭიდრო სათამაშო გრაფიკითაა განპირობებული. ბოლო თამაში, კვლავ ერთ დღეში გვაქვს. ჩვენი მომავალი მეტოქე ფიზიკურად, საკმაოდ კარგად მომზადებული გუნდია. ამიტომ, ახლა მთავარია, სწრაფად მოვახერხოთ ძალების აღდგენა, რათა წარმატებულად დავასრულოთ ეს ტურნირი" - ამბობს ლევან ბაჯელიძე, ქალთა 16-წლამდე, ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელი.

ქართველ გოგონებს, დღეს, გონზე მოსასვლელად ცოტა დრო დასჭირდათ და რუმინელთა კარის მიმართულებით რამდენიმე სახიფათო შეტევაც განავითარეს. თუმცა, გოლით დაგვირგვინება, მხოლოდ 31-ე წუთზე მოახერხეს. შეხვედრაში ანგარიში ნათია წოწერიამ გაათანაბრა  1-1. საინტერესო გამოდგა, შეხვედრის მეორე ტაიმიც. საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, პირველი მატჩის მსგავსად ანა წულაია, ნათია დანელია და ლიზი მწყერაშვილი გამოირჩეოდნენ. სწორედ, ამ უკანასკნელის აქტიურობას მიჰყვა 11-მეტრიანი, რომელიც ზუსტად გამოიყენა ანასტასია ბოლქვძემ, 2-1. ანასტასია ბოლქვაძისთვის, დღეს გატანილი გოლი, მესამეა მიმდინარე ტურნირზე.



მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა, თამაშში გამოკვეთილი ლიდერი დღეს არ ყოფილა და გოლის გატანის შესაძებლობები ჰქონდათ, როგორც ქართველ, ასევე რუმინელ გოგონებს. ვითარება განსაკუთრებით მატჩის ბოლი წუთებზე, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქართველმა გოგონებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს თამაში და „დაცვაში ჩაჯდნენ". თუმცა, დღეს იღბალი საქართველოს ნაკრების მხარეს იყო.

აქვე გეტყვით, რომ ისევე, როგორც წინა თამაშში, დღესაც ლევან ბაჯელიძემ სათადარიგოთა სკამზე მჯომ ყველა გოგონას მისცა თამაშის შანსი. ამრიგად შეცვლაზე  შემოვიდნენ ლანა მჟავია („ლანჩუთი"), ნინო გურიელიძე („ნორჩი დინამო"), მეგი ეჯიბია („ნიკე" თბილისი),  მეგი გოცირიძე („თბილისის თბილისი"), ლიკა ხუნაშვილი („თბილისის თბილისი"), მარიამ გოროზია („კოლხეთი" ხობი), მარიამ რომანჩუკი („ლანჩხუთი").



მატჩის შემდეგ, ქართველი გოგონები სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მოინახულა, მიულოცა გამარჯვება და ბოლო, მესამე შეხვედრაში წარმატება უსურვა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ მესხზე მოსული მაყურებელი, რომელიც არცთუ ისე ცოტა იყო, მთელი თამაშის მანძილზე ამხნევებდა საქართვეოლოს 16-წლამდე ქალთა ნაკრებს, რომლის დიდ ნაწილსაც 2020 წელს, საქართველოში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ტურნირის თამაში მოუწევს.

2020 წლამდე კი, გოგონათა შორის,  უეფა-ს განვითარების თასის გათამაშების მესამე, ბოლო ტურის მატჩები 13 მაისს, ერთსა და იმავე დროს გაიმართება. 11:00 საათზე „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის" სათადარიგო მოედანზე ბელარუსსა და საქართველოს შორის შეხვედრა ჩატარდება და „დავით პეტრიაშვილი არენაზე" კი, რუმინეთის მეტოქე ყაზახეთი იქნება.


ლაშა კუპრაშვილის ფოტოები