ჩემი ბრალიც არის, არ უნდა გამერისკა
ჩემი ბრალიც არის, არ უნდა გამერისკა
18.04.2018
ავტორი:

გიორგი მერებაშვილმა ექსტრაკლასაში მიმდინარე სეზონი ვადაზე ადრე დაამთავრა, სანაკრებო ფანჯრის დროს კი იძულებითი „ტაიმ-აუტი" აიღო. პოლონური ექსტრაკლასას გათამაშების მორიგი ტურის მატჩში, პლოცკისა და კრაკოვის „ვისლებს" შორის, ქართველი ფეხბურთელი მე-16 წუთზე შეცვალეს.

„ჩემი ბრალია, მაწუხებდა თამაშის წინ. წინა ტურიც ამ მიზეზის გამო გამოვტოვე. ვფიქრობ, რომ ვიჩქარე. თუმცა თამაშების დატვირთვიდან, ფლეი-ოფებიდან გამომდინარე, როდესაც ყველა თამაში მნიშვნელოვნია, ეს აჩქარებაც ამით იყო გამოწვეული. ეს თამაშიც უნდა გამომეტოვებინა. მაგრამ ახლა უკვე ვეღარ შევცვლით და გამოვასწორებთ ვერაფერს. ახლა მთავარია, ოპერაციამ ჩაიაროს კარგად და რეაბილიტაცია გავიარო შემდეგ კარგად. 3 და 4 თვეც მალე გაივლის", - ამბობს გიორგი მერებაშვილი.

პოლონური ჩემპიონატის 31-ე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მარჯვენა ფეხის მიმზიდავი კუნთი  ("პახი") გაიწყვიტა. ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფეხბურთელს ოპერაცია ფინეთში ჩაუტარდება, ხოლო რეაბილიტაციის ხანგრძლივ, შესაძლოა 4-5 თვიან პროცესს უკვე თბილისში გაივლის.