პაატა გურასპაულმა ერთი დაპირება შეასრულა
პაატა გურასპაულმა ერთი დაპირება შეასრულა
17.04.2018
ავტორი:

აქართველოს საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტად არჩევისას, „ქორთიარდ მერიოტში" გაკეთებული განცხადების შემდეგ, პაატა გურასპაულმა პირობა შეასრულა და მართალია, თებერვლის ნაცვლად აპრილში, მაგრამ ფედერაციის რიგგარეშე, საერთო ყრილობა მოიწვია. 2017 წლის დეკემბერში საკალათბურთო ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ სწორედ, ამ ყრილობაზე უნდა დაწყებულიყო ფედერაციის წესდებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე მუშაობა. ასევე უნდა განსაზღვრულიყო გამგეობის წევრთა რაოდენობა, ფუნქციები, ქმდეითუნარიანობა და ისიც თქვა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი გამგეობის თავმჯდომარე აღარ იქნებაო.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ გულშემატკივარი. პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ კალათბურთს. აუცილებელი იქნება, ამ მუშაობის რეგიონებში გაშლა. თბილისშიც არსებობს რამდენიმე გზა სარეკლამო თვალსაზრისით, PR-ის თვალსაზრისით, საკლუბო თალსაზრისით, რომლის მნიშვნელობა უნდა წინ წამოვწიოთ. ნაკრების თამაშების მნიშვნელობას უნდა გავუსვათ ხაზი და დროთა განმავლობაში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც იყო თუნდაც „ვითა"-„კაკტუსის", „ვითა"-„დინამოს" თამაშებზე, გადავსებული სპორტის სასახლის ტრიბუნები. კიდევ ერთ ფაქტი, რომ ვერის ბაღის ბავშვთა საკალათბურთო სასახლე, კვლავ გადმოგვეცემა ფედერაციას მმართველობაში და მის ბალანსზე იქნება, ამის თქმის საფუძველს მაძლევს. ის ჩვენი სახლია და ესეც მოტივაცია იქნება, რაც შეიძლება უმოკლეს დროში, დარბაზებში დავაბრუნოთ ხალხი" - პაატა გურასპაულმა ესეც, იმ ყრილობის დასრულების შემდეგ თქვა.

Tsff.ge-სთვის ხელთარსებული ინფორმაციის თანახმად, გურასპაულის ამ დაპირებიდან 127 დღის შემდეგ ვერის ბაღში მდებარე ბავშვთა საკალათბურთო სასახლე, ფედერაციის საკუთრებაში ჯერ ისევ არ გადასულა. თუმცა, 9-15 აპრილის ჩათვლით, თბილისელთავის და არა მხოლოდ მათთვის პოპულარულ საკალათბურთო სივრცეში, „ბასკონიის" კემპი ჩატარდა.

„აქ იყვნენ ჩამოსული ბასკონიადან და აქ უნდა გაიხსნას, საკალათბურთო სკოლა და ჩვენ გვქვს სურვილი, რომ ეს მოხდეს. თუმცა, რაც შეეხება ვერის ბაღს, უნდა ითქვას, რომ სიტუაცია არის სრულიად მძიმე, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. არ არსებობს გათბობის სისტემა. რკალი, რომელიც გათბობა გგონიათ, არის ვენტილაცია და სწორედ, ის უშლის ხელს, განათებას. ის რაც რუსთავში და ქუთაისშია, ის - დარბაზები მონაგონია, იმდენად ცუდია. ასე რომ, გადმოცემა ამ დარბაზის ჩვენთვის, არის დოკუმენტების მზადების პროცესში. ეს საკითხი გადაწყვეტილია და ეს, მინისტრმაც დაადასტურა. თუმცა, არის ერთი გადმოცემა მართვაში და მერე არის მისი გამოყენება. მე გეუბნებით, რომ უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგავართ და უკვე ვფიქრობთ, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. როგორ მოვაწესიგოთ ვერის ბაღი, როგორ მივიყვანოთ იმ კონდიციამდე, რომ იქ ჩატარდეს სუპერლიგის თამაშები, „ა" ლიგის მატჩები, ბავშვთა ლიგის თამაშები, ასაკობრივი ტურნირები და ამ ყველაფერს მიეცეს ცივილიზებული ხასიათი. კი, ზაფხულის პერიოდში შეიძლება ჩაატარო მატჩები, მაგრამ ზამთრის პერიოდში იქ თამაშები ვერ ჩატარდება. ეს ფედერაციის საზრუნავია, მაგრამ მარტო ფედერაცია, ამას ვერ გასწვდება. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პოტენციურ სპონსორებთან, რომ ვერის ბაღი მოვიყვანოთ, სრულ მზადყოფნაში", - ეს კიდევ პაატა გურასპაულმა 20 დღის წინ, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დღეს, კი ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის ფედერაციის საერთო ყრილობას 34 დელეგატიდან 32  დაესწრო. მას შემდეგ, რაც წესედების ახალი რედაქციის შესახებ მსჯელობა გაიმართა, ის, ახალი რედაქციით 82%-იანი მხარდაჭერით მიიღეს. მეორე საკითხი, რომელზეც ყრილობის წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვეტეს, ფედერაციის გამგეობის წევრთა რაოდენობის გაზრდა გახლდათ. 2017  წლის დეკემბერში, გურასპაულმა ამ გარემოებასაც გაუსვა ხაზი. დღეს კი, საანგარიშო, დეკემბერში ჩატარებული ყრილობის დროს დამტკიცებულ გამგეობის 11 წევრს კიდევ 4 დაემატა. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, გამგეობა 15 წევრის შემადგენლობით ორ დღეში შეიკრიბება, თავმჯდომარეს აირჩევს და სამუშაო პრიორიტეტებს დასახავს. პაატა გურასპაულის, კიდევ ერთი, დეკემბერში მიცემული პირობა, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არ იყოს, გამგეობის თავმჯდომარე, სწორედ, ამ შეკრებაზე გაირკვევა.  ახალ წესდებაში ასევე განსაზღვრულია, რომ ფედერაციის გამგეობა თვეში მინიმუმ ერთხელ უნდა შეიკრიბოს.