თავისუფლების 8 მედალი 20-წლამდეთა ევროზე
თავისუფლების 8 მედალი 20-წლამდეთა ევროზე
03.07.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 20-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოთხი მედალი მოიპოვა. 20-წლამდელებმა ოთხი ფინალი იჭიდავეს და აქედან ჩემპიონობას მხოლოდ ერთმა მიაღწია.


ჩვენი გუნდიდან საქართველოს ჰიმნი დავით აბდალაძემ ააჟღერა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე აბდალაძემ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში საფრანგეთის წარმომადგენელი ხამზატ არსამერზუევი 4-3 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის პატივი დაიმსახურა.


ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა დავით კოღუაშვილს (86 კგ), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთის წარმომადგენელ რახიმ მაგამადოვთან 3-9 დამარცხდა.


ასევე მეორე ადგილით დაასრულა  ევროპის ჩემპიონატი ანდრო მარგიშვილმა (92 კგ), რომელმაც ფინალი მოლდაველ იონ დემიანთან 1-11 წააგო.


ვერცხლის მედალი  ერგო  მერაბ სულეიმანაშვილსაც (125 კგ). ქართველი მძიმეწონოსანი ოქროს მედლისთვის შეხვედრაში სომეხ ლიოვა გევორქიანთან 2-13 დამარცხდა.


ერთი დღით ადრე ასევე მეორე ადგილი დაიკავა ოთარ ადეიშვილმა (79 კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ).


შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.