გაშინაურებულმა ბრაზილიელებმა დღეს ბურთი კარგად „აგორავეს“
გაშინაურებულმა ბრაზილიელებმა დღეს ბურთი კარგად „აგორავეს“
05.04.2018
ავტორი:

ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლები, 2 დღის მანძილზე ტყუილად ეცადნენ ფუტსალის სამშობლოდან ნატურალიზებული ფეხბურთელებით გაჯერებული, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ რაიმე მოეხერხებინათ. ამ გუნდების პირველი შეხვედრიდან განსხვავებით, დღეს, სწრაფი გოლი არ გასულა. თუმცა, საკუთარ საჯარიმოში ინგლისელთა დაუდევრობის შედეგად, გაშვებული პირველი გოლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა მალევე კიდევ 2 გაიტანეს და პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე მშვიდად გავიდნენ. ანგარიში 3-0 იყო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კი დღეს, 5 აპრილს,  საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მატჩი, ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო წუთიერი დუმილით დაიწყო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში ინგლისის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩიც, პირველის მსგავსად წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის.  შეხვედრა,  ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით 6:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დუბლი, უკვე გაშინაურებულმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა სიმი საიოტიმ და გია ნიყვაშვილმა შეასრულეს, თითო გოლი კი, რონინიომ და ლევან კობაიძემ გაიტანეს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრება დღეს ასეთი შემადგენლობით დაიწყო თამაში: ბუკია, კაკაბაძე, რონინიო, თალესი, სიმი საიოტი. სათადარიგო შემადგენლობაში კი ავთანდილ ასათიანს ასეთი ჰყავდა: კეფაშვილი, ჯამბურია, ჭანუყვაძე, ჭუმბურიძე, კობაიძე, მაისაია, ნიყვაშვილი, კეკელია. გოლები ქართველმა ფეხბურთელებმა ასეთი თანმიმდევრობით გაიტანეს: 1-0 სიმი საიოტი (9), 2-0 სიმი საიოტი (11), 3-0 რონინიო (18), 4-0 ნიყვაშვილი (37), 5-0 ნიყვაშვილი (38), 6-0 კობაიძე (40)

აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის მანძილზე ბურთს ქართველი ფეხბურთელები აკონტროლებნდნენ. მეორე ტაიმის შუაწელში, კი როდესაც ანგარიში 5-0 იყო, სამმა ბრაზილიელმა პატარა შოუც კი მოაწყო. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ნაკრებებს შორის 4 აპრილს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი, ავთანდილ ასათიანის გუნდი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.