ნინო სალუქვაძისა და კაკო მოსულიშვილის წყვილის ვერცხლი გრანადის გრან პრიზე
ნინო სალუქვაძისა და კაკო მოსულიშვილის წყვილის ვერცხლი გრანადის გრან პრიზე
24.05.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

გრანადაში (ესპანეთი) მიმდინარე დიდი პრიზზე (ISSF Grand Prix 2022), ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულმა ტყვიის მსროლელმა, ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ, კაკო მოსულიშვილთან ერთად, შერეულ წყვილებში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს ფინალში სერბების - ზორანა არუნოვიჩისა და დამირ მიკეს წყვილთან მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა და მცირედით, ერთი ქულის სხვაობით დამარცხდნენ.


სერბულმა წყვილმა 574 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, სალუქვაძე/მოსულიშვილმა 573 ქულით - მეორე.


ერთი დღით ადრე, 22 მაისს ნინო სალუქვაძემ პნევმატური იარაღიდან პირად პირველობაშიც იასპარეზა და მე-12 ადგილი დაიკავა.


გრანადას დიდ პრიზზე საქართველო ასევე წარმოდგენილია კაცთა ნაკრებით. ჩვენი სამეულიდან პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ყველაზე უკეთ ცოტნე მაჭავარიანი გამოვიდა - 578 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა. ლევან ქადაგიძე 572 ქულით მე-14 იყო, ხოლო კაკო მოსულიშვილი 569 ქულით მე-16.