ლაშა ტალახაძე დებიუტშივე ევროპის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს
ლაშა ტალახაძე დებიუტშივე ევროპის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს
23.05.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ლაშა ტალახაძეს ნაყოფიერი 2021 წელი ჰქონდა, მოიგო ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები, მოიგო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. გარდა ამისა, არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ერთი სიტყვით, მოიგო ყველაფერი, რაც მოსაგები იყო, მაგრამ იყო კიდევ ერთი - ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის წოდება, რომელიც პირველად უნდა ჩატარებულიყო.

ქართველ გოლიათს ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის წოდება, ამჯერად კი ევროპის წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენ გამოკითხვაშიც ლიდერად მოგვევლინა, ამასთან დებიუტშივე. მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ონლაინ გამოკითხვაში 4750 ხმა მიიღო.


ქალთა შორის ევროპის საუკეთესო ძალოსნის წოდება ერგო რუმინელ ტომა ლორედანას, რომელმაც 2021 წელს ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.


ევროპის წლის საუკეთესო ძალოსნებს დააჯილდოებენ 27 მაისს, საიუბილეო მე-100 ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც ტირანა უმასპინძლებს.