ქალთა ლიგის ლიდერმა პირველი ქულები დაკარგა
ქალთა ლიგის ლიდერმა პირველი ქულები დაკარგა
21.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს, ქალთა ლიგის მე-4 ტური გაიმართა. 2022 წლის სეზონის სატურნირო ცხრილის ლიდერმა „სამეგრელომ" პირველი ქულები დაკარგა. მიუხედავად ამისა, გუნდმა, პირველი ადგილი შეინარჩუნა. ქუთაისის „მართვემ" კი, მიმდინარე გათამაშებაში პირველი თამაში მოიგო.


„ლანჩუთი" - „სამეგრელო" 1-1

მოლოდინისამებრ, გვიმბალაურიში, სფფ-ს საფეხბურთო აკადემიაში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „ლანჩხუთისა" და „სამეგრელოს" შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. რეალურად, კარის ჩარჩოს მიმართულებით არც ერთ გუნდს არ დაურტყამს, თუმცა, სტუმართა მეკარემ სვეტლანა გაბელაიამ, მეორე ტაიმში, გოლისგან ერთხელ მაინც იხსნა „სამეგრელოს" კარი. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში, 65-ე წუთზე კი, „ლანჩხუთმა" ანგარიში გაათანაბრა. გოლი მარიამ კალანდაძემ გაიტანა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ქულა გადაურჩინა. ამ მომენტის მსგავსი, კუთხურიდან ჩამოწოდებული გოლით გაიხსნა ანგარიში პირველ ტაიმში. „ლანჩხუთს", ანა კირვალიძემ,  22-ე წუთზე გაუტანა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა" ზედიზედ მეორე შეხვედრა ითამაშა ფრედ და „სამეგრელოს", სატურნირო ცხრილში, კვლავ ორი ქულით ჩამორჩება.


„გორი იუნაიტედი" - „მართვე" 0-4

პირველი და თანაც, დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა გორში, ახალბაღის სტადიონზე ქუთაისის „მართვემ". ანგარიში სტუმართაგან, 33-ე წუთზე, გამოცდილმა ლანა გორგაძემ გახნსა. კიდევ 4 წუთში, ანა ჯანელიძის გოლის შემდეგ ქუთაისელები უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მეორე ტაიმის დასაწყიში კი, „მართვემ", „გორი იუნაიტედს", შეხვედრის გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაუწურა, რამეთუ, ჯერ 48-ე წუთზე მარიამ შონიამ გაზარდა ანგარიში სამამდე, 52-ე წუთზე კი, ლანა გორგაძემ დუბლი გაიფორმა. შეხვედრის დარჩენილ დროში, „მართვემ" ყველა ღონე იხმარა, რომ მიმდინარე სეზონში პირველი 3 ქულა აეღო.


„დინამო" სოხუმი - „ნორჩი დინამო" 2-2

ოთხი გოლი გავიდა თბილისშიც, სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრში. თუმცა, აქ გუნდები ყაიმით დაშორდნენ. ორი „დინამოს" დერბი, საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში კი, მე-10 წუთზე, სოხუმელთაგან, გამოცდილმა ნინო პასიკაშვილმა გახსნა. ნორჩდინამოელებს, 16 წუთი დასჭირდათ ანგარიშის გასათანაბრებლად. გოლი, თბილისური გუნდიდან, ასევე გამოცდილმა ეკა ხარაიშვილმა, სტანდარტულიდან გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, სტუმრები, უფრო უკეთ გამოიყურებოდნენ და კიდევ ერთი სტანდარტულის რეალიზებაც მოახერხეს. 42-ე წუთზე გოლი ანა მინაძემ გაიტანა და შესვენებაზეც „ნორჩი დინამო" ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში კი, სოხუმელებმა, უპირატესობა მოიპოვეს და სტუმართა საჯარიმოში „დაბანაკდნენ" კიდეც, თუმცა, მხოლოდ ქულის გადარჩენა მოახერხეს. შეხვედრის მიწურულს, 88-ე წუთზე, 11-მეტრიანი ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა.


„კვარტალი" - „კოლხეთი"  ხობი 0-2

ორი გოლი გავიდა თბილისში გამართულ კიდევ ერთ მატჩი. სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, ხობის „კოლხეთმა", „კვარტალთან" შეხვედრაში პირველ ათ წუთში, ამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. ანა წულაიამ დუბლი მე-4 და მე-10 წუთებზე გაიტანა. ამ მატჩში, მეტი გოლი აღარ გასულა. რეალურად ამ მატჩში, მასპინძლებს, გუნდის ხერხემლის, ნინო სუთიძის არყოფნის გამო, ნომინალური მცველის გარეშე მოუხდა თამაში და „კვარტალსაც" თამაშის საწყის წუთებზე ადაპტაცია მოუხდა. გამოცდილმა ხობელებმა, კი, რომლებიც მეორე სეზონია სტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდნენ, ამ მომენტით კარგად ისარგებლეს.


***

ქალთა ლიგის მორიგი, მე-5 ტური 28 და 29 მაისს გაიმართება. გათამაშების კალენდარი და სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.

 

სფფ-ს ფოტო