დღეს, ოთოს მამას ველაპარაკე - ოთოსთვის ფანებიც გაერთიანდნენ
დღეს, ოთოს მამას ველაპარაკე - ოთოსთვის ფანებიც გაერთიანდნენ
25.03.2018
ავტორი: თაჯი

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის" ფეხბურთელებისა და ფან-ზონის, საფეხბურთო კლუბების „რუსთავისა" და „გორის" ფან-სექტორების შემდეგ, #ოთოსთვის „ქომაგებიც" ერთიანდებიან. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გუშინ, საქართველოსა და ლიტვის ეროვნული ნაკრებების მატჩის მსვლელობისას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფან-სექტრორზე მთელი თამაშის მანძილზე იყო გამოფენილი ბანერი: „ოთო ტრიბუნა გელის".

6 წლის ოთო ხარაძე დაახლოებით 2 კვირის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა და მთელი ეს პერიოდი იაშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, პატარას საბედნიეროდ სასიცოცხლო ორგანოები დაზიანებული არ ჰქონდა, თუმცა სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.



„ექიმების 24 საათიანი დაკვირვების ქვეშ ვართ ახლაც. რეანიმაციიდან ნეიროქირურგიულ პალატაში გადაგვიყვანეს და დღეს, ზონდიც მოვხსენით. შიგადაშიგ ცნობიერება აქვს. გუშინ, ღამით წამიერად მიცნო, ვიცნ ვიყავი და ჩამეხუტა. ცქიფზე ვართ გადარჩენილები, რომ ხერხემალი არ დაუზიანდა. როგორც ექიმები ამბობენ, დაახლოებით 4 წელია, 5-ბალიანი კომიდან, საქართველოში არავინ გამოსულაო. უფალმა გადაგვარჩინა. ისეთი ბედნიერი ვარ, ასე მგონია, ახლა დაიბადა",  - ამბობს ჩემთან საუბარში, ოთოს მამა ნიკა, რომელსაც პირადად მე „დინამო თბილისის" ფან-სექტორიდან წლებია ვიცნობ.

იაშვილის კლინიკაში, 5-ბალიანი კომაში, ოთო 9 დღეა იმყოფებოდა. პატარა გულშემატკივარზე საუბრობს, დღეს თითქმის ყველა, საავადმყოფოში. დღეიდან, მას შემდეგ რაც 6 წლის პაციენტს ზონდი მოხსნეს, ოჯახის წევრები უკვე ცდილობენ, „ძალით აჭამონ". ექიმები კი ოთოს ჯანმრთელობის დინამიკას კლინიკაში, კიდევ 10 დღის მანძილზე დააკვირდებიან. ამის შემდეგ, ექიმების რეკომენდაციით, ოთოს საბოლოოდ გამოსაჯანმრთელებად და სარეაბილიტაციოდ, უცხოეთში წასვლაა საჭირო.


„სავარაუდოდ დაფინასებას ვიშოვით, დაახლოებით საერთო თანხის 70-80 %-ს. დანარჩენი კი ჩემი დასამატებელი იქნება"- ამბობს ნიკა.

ამ მომენტისთვის, ნიკასთვის „დასამატებლად", ოთოს მშობლების მეგობრებმა #ოთოსთვის გახსნეს საბანკო ანგარიში "თი-ბი-სი ბანკში", სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისთვის სასურველი თანხის გადარიცხვა.  ანგარიშის ნომერია GE38TB7091845061600009, მიმღების პირადი ნომერი #01010003147

ჩემის მხრივ, მადლობას გიხდით ყველას, ვინც #ოთოსთვის უკვე იაქტიურა, ისე, როგორც შეეძლო, მათ შორის ჩემს კოლეგებს პრეს-სამსახურებიდან ჯანდაცვის სამინისტროში და იაშვილის კლინიკაშო. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც თქვენი თანადგომა არც პატარა ოთოს მოაკლდება და არც მათ, ვისი დახმარებაც ჩვენ ოდესმე შეგვეძლება.

 

ავტორი: თაჯი