პირველიც და ცარიელიც?!
პირველიც და ცარიელიც?!
17.03.2018
ავტორი:

მაშინ, როცა ფიბა-ს მიერ გამოქვეყნებულ, თამაშებზე მაყურებელთა დასწერების რეიტინგებში საქართელო პირველ ადგილზეა (ფიბა-მ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები დაიანგარიშა), საქართველოს ჩემპიონატი, სუპერლიგა, თუ არ ჩავთვლით რეგიონებს, მხოლოდ ოქმებში ჩასაწერად მიმდინარეობს. არადა, ცარიელი ტრიბუნების წინ მიმდინარე ქვეყნის საკალათბურთო ჩემპიონატს, რომელიც მართალია, ევროპულ ლეგიონში გასული ნაკრების მოთამაშეების იქაურ ჩემპიონატებთან ვერ მივა, ინტრიგა მაინც არ აკლია.

შესაძლოა ამიტომაც, ბოლო წლებია, სტერეოტიპად ჩამოყალიბდა, რომ გუნდი, რომელმაც წინა ტურნირი მოიგო და მისი მომდევნო საფეხურზე მყოფი გუნდიც დაუმარცხებელია. თანაც, ამას, მავანთა თქმით ე.წ. ჯიბის მსაჯენი „აყომარებენ", რომლებიც როგორც „წესი", მხოლოდ ძლიერებს სწყალობენ. ამ ეჭვებს, 2017 წლის ბოლოს, საკალათბურთო მსაჯების ხმაურიც დაემატა და ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში მათი კალათბურთიდან მოკვეთის თემა. ესაო, და გამოძიებას საკალათბურთო მაღალჩინოსნებამდეც კი მივყავდით. ეს ჩვენი, ჟურნალისტების ინტერპრეტაცია არაა - ეს არის ის რეალობა, რის შესახებაც დაკავების მომენტში ხმამაღლა საუბრობდნენ. შემდეგ კი, ყველაფერი მიყუჩდა, ისევე როგორც ეს სხვა წლებში ხდებოდა, სხვადასხვა სკანდალის დროს ქართულ კალათბურთში. არადა, რეალურად, სუპერლოგის თამაშებზე, ის „სახეები" არ ჩანან, თორემ ბავშვთა საკალათბურთო პირველობაზე, თუ შეივლით, აუცილებლად ნახავთ ერთ-ერთი გუნდის სათადარიგო სკამიდან, როგორ აძლევენ დარიგებებს მომავალ თაობას. თაობას, რომელმაც ქართული კალათბურთის მომავალი უნდა ააშენოს. თუმცა, ეს სხვა თემაა, თან გამოძიება გრძელდება, ამიტომ, უმჯობესია, სუპერლიგის თამაშების კალენდარსა და ინტრიგას დავუბრუნდეთ.


დღეს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ სათამაშო დღეს, გათამშების ლიდერებმა „ქუთაისმა", „რუსთავმა" და „დინამომ", ერთი მეორეს მიყოლებით წააგეს. თუ ქუთაისელები, 2017-18 წლების სეზონის გათამაშების საკმაოდ საინტერესო გუნდთან „ოლიმპთან" 11 ქულით, 78-67 დამარცხდნენ  (იხ. სტატისტიკა ), ასევე 11 ქულით 97-86 წააგო შეხვედრა „რუსთავმა" „მგზავრებთანაც" (იხ. სტატისტიკა ), ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო" კი გათვლილსა და გააზრებულ დაპირისპირებას წააწყდა ლიგის დებიუტანტ „მარნეული-დელტასგან" და ბოლო წამებში 2 ქულის სხვაობით 75-77 დამარცხა (იხ. სტატისტიკა).

ბუნებრივია, არც „მარნეულსა" და „მგზავრებს" გვინდა დავუკარგოთ გარჯა, თუმცა, არც უმაგისობაა, რომ ლიდერებმა მეტოქეები ვერ დააფასეს.  ფაქტია, რომ მეორე თამაშია, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი, „ქუთაისის" შემდეგ, „რუსთავაც" ამარცხებს. „მგზავრების" 5 მოთამაშეც, რომ 10-ქულიანი ზღვარის გადალახვას ახერხებს, ესეც მათ ბრძოლისუნარიანობაზე ლაპარაკობს. ალბათ, ახლა მთავარია, მომავალ თამაშებში ბერიშვილმა, გუნდის ამ კონდიციაში შენარჩუნება მოახერხოს. მით უმეტეს, რომ მომდევნო კალენდარულ შეხვედრას „მგზავრები" - „კაკტუსის" წინააღმდეგ, 24 მარტს გამართავს. არჩილ ჟღენტის გუნდმა კი დღეს, თავის მხრივ, გათამაშების აუტსაიდერი „სოხუმი" მთელი ერთი თამაშის ანგარიშით, 61-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 134-73 დაამრაცხა (იხ. სტატისტიკა ).


მომდევნო ტურში, საინტერესო იქნება „ოლიმპისა" და „რუსთავის" დაპირიპსირებაც. თუმცა, მანამდე „მარნეული-დელტა", „ქუთაისს" ეთამაშება. საინტერესოა, რამდენად მოახერხებს, „დინამოსთან" 2-თამაშმოგებული „დელტა"  (ამ თემით აპელირებედნენ მარნეულის ქომაგები) „ამბიციური გუნდის" სტატუსის შენარჩუნებას და არ დაემსგავსება იმ „ჟანგიან თოფს, ერთხელ, რომ ისვრის". მითუმეტეს, რომ საკალათბურთო კულუარებში, კარგა ხანია მიდის ლაპარაკი ე.წ. უხილავ დაჯგუფებებზე და ამ დაჯგუფებებში, რომელი გუნდი, ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ამ შემთხვევაში, „ქუთაისი", „დელტა" და „მზგავრები" სწორედ ის სამეულია, რომლებიც საკალათბურთო არჩევნებზე „სხვა ბანაკში" იყვნენ.

რადგან ბანაკებს შევეხეთ, იმასაც ვიტყვი, რომ საკალთბურთო კულუარებში, ასევე აქტიურად განიხილება სუპერლიგაში მე-10 გუნდის დამატების საკითხი. „მეორე ბანაკის" სამადლობელო ჟესტად. ასე, რომ თუ ეს გამართლდა, ნათელია, ფლეი-ოფებამდე დარჩენილ ტურებში, რატომ „დაიკიდებს" „სოხუმი" 61-ქულიან მარცხს. თუმცა, ამავე კულუარებში მოთელვისას, ისიც გავარკვიეთ, რომ სუპერლიგის რიგი კლუბები, ლიგაში მატებას და რეგულაციაში ცვლილებებს, კატეგორიულად შეეწინააღმდეგებიან.



მანამდე, კი ქვეყნის ჩემპიონი, რომელმაც შარშანდელი ჩემპიონატისგან განსხვავებით, წლეულს სხვა გუნდებს მისცა შანსი, ძლიერზე გამარჯვების გემო ეგემათ, ევროტურნირების ჩამთავრების შემდეგ, ვერა და ვერ მოდის ჩვეულ კონდიციაში. ირაკლი ხოშტარია, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდში  ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, როგორც შეტევაში, ისე თავდასხმაში. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობენ და იმდეოვნებენ, რომ ფლეი-ოფისთვის სათანადო ფორმაში იქნებიან.

ფლეი-ოფამდე კი „დინამოს" 20 მარტს, ქუთაისში, საქართველოს თასის ½ ფინალი აქვს გასამართი. შეხვედრა სამშაბათს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 18:30 საათზე დაიწყება. ოთხშაბათს 21 მარტს, კი იმავე დროს, 18:30 რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში, „რუსთავი"-„კაკტუსს" უმასპინძლებს.  საკალათბურთო თასის ნახევარფინალები, მათი გამართვის ადგილიდან გამომდინარე მაყურებელს მოკლებული არ იქნება. აი, რაც შეეხება ფინალს და სუპერლიგის ფლეი-ოფებს, ალბათ, წელს ვეღარ, მაგრამ ფედერაციას რაღაც სტრატეგიის, ანდა სულაც დარბაზის (წინასაპრეზიდენტო არჩევნებისას დაპირებული ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი) შეცვლა მაინც მოუწვეს, რომ თბილისში, სანაკრებო თამაშების გარდა, მატჩებზე მაყურებელი დააბრუნოს.

იხილეთ სატურნირო ცხრილი