გარანტია პირველი მეოთხედის შემდეგ?
გარანტია პირველი მეოთხედის შემდეგ?
15.03.2018
ავტორი:

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის თამაშები გაიმართა. გათამაშების სატურნირო ცხრილში მდგომმა სამივე გუნდმა ამ დღეს სწორედ, თბილისში იასპარეზა. დღის ბოლოს, სატურნირო ცხრილში, გათამაშებას 39 ქულით, კვლავ „ქუთაისი" უდგას სათავეში, თუმცა მეორე და მესამე ადგილებს შორის მცირედი ცვლილება მოხდა. თბილისი „დინამო", რომელსაც ფლეი-ოფების დაწყებამდე, რამდენიმე ტურით ადრე 37 ქულა აქვს, მეორე საფეხურზე, იმავე რაოდენობის ქულების მქონე „რუსთავს" ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგის ხარჯზე უსწრებს.


„სოხუმი" - „რუსთავი" 68 -78 (14-10 / 23 -25 / 15- 31/ 16 -12 )

„რუსთავმა" კი დღეს, ოლიმპიურ სასახლეში, ტურის სათამაშო დღე გახსნა. ის, სუპერლიგის აუტსაიდერს „სოხუმს" შეხვდა და 10-ქულიანი სხვაობით 78-68 გაიმარჯვა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა სოხუმელებმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს პირველი ნახევარი 37-35 მოუგეს. თუმცა, საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, ძალები არ ეყოთ. რუსთაველებმა, მეორე ტაიმში „სოხუმს" აჯობეს და საბოლოოდაც გაიმარჯვეს.

(იხილეთ სტატისტიკა )


„მგზავრები" - „ქუთაისი"  81-72 (13-13 /18 -18 / 29-17 / 21-24)

მეორე ტურია „ქუთაისი", რანგით დაბალ გუნდებთან აგებს. „კაკტუსის" შემდეგ, ქუთაისელები, ამჯერად, კიდევ ერთ თბილისურ კლუბთან, „მგზავრებთან", ანგარიშით 81-72 დამარცხდნენ. შეხვედრის პირველი მეოთხედი, მრავალქულიანობით არ გამოირჩეოდა და ფრედ 13-13 დასრულდა. 5-5 ქულით მეტი ჩააგდეს გუნდებმა მეორე მეოთხედში, შესაბამისად, მატჩის ეს მონაკვეთიც ფრედ, მხოლოდ 18-18 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ კი, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში 31-31 იყო დაფიქსირებული.

გათამაშების ლიდერმა, მესამე მეოთხედში, კონცეტრაცია დაკარგა. როგორც სჩანს, ნამგზავრებს, გადაღლა დაეტყოთ. „მგზავრებმა" კი პერიმეტრიც კარგად დატვირთეს და ფარქვეშაც წაუვიდათ თამაში. მესამე მეოთხედის დამთავრებამდე 1 წუთზე ცოტა მეტი იყო დარჩენილი, როდესაც ტაბლოზე ანგარიში 58-44  ენთო „მგზავრების" სასარგებლოდ. მასპინძლებმა ამ მეოთხედის მოგება 29-17 მოახერხეს. შესაბამისად, დასკვნითი მონაკვეთის წინ, შეხვედრაში 12 ქულით, ანგარიშით  60-48 დაწინაურდნენ. ალბათ, მატჩის ამ მონაკვეთში აღნიშვნის ღირსია, მასპინძელთა მე-5 ნომერი, ადრიან ბოუი, რომელმაც საერთო ჯამში 19 ქულა დააგროვა და გუნდში, ყველაზე შედეგიანი იყო.

„მიმდინარე მესამე  ტურში, ერთ გამარჯვება გვქონდა. რამდენიმე მატჩი ბოლო წუთებზე წავაგეთ. იმ შეხვედრებში, ძალიან დიდი პრობლემა გვქონდა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ამ წაგებებიდან გამომდინარე, სერიოზულად ვემზადებოდით ამ გამარჯვებისთვის. ეს გამოჩნდა კიდეც მოედანზე. „ქუთაისის" ყველა მინუსები შევისწავლეთ, გავაანალიზეთ და შესაბამისად შედეგიც სახეზეა", - ამბობს ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების" მთავარი მწვრთნელი.

„მგზავრებისგან" განსხვავებით, კოტე ტუღუშის გუნდმა,  თამაში ვერ გამოასწორა დღესაც, ან უშუალო კონკურენტებთან სათამაშოდ ძალებს იზოგავს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დასკვნით მეოთხედში, 5:30-ზე მასპინძელთა სასარგებლოდ სხვაობა 16 ქულა იყო. მეოთხე მეოთხედში სამ წუთში რიჩარდ მათიაშვილი ზედიზედ 3 ჯარიმას იღებს, შესაბამისად, ამის ხარჯზე, „მგზავრები" ქულებში სხვაობის შენარჩუნებასაც ახრეხრებენ და გაზრდასაც, 69-53. მატჩის დასრულებამდე, 1:25 ადრე, სხვაობა 11 ქულაა 78-67. დარჩენილ დროში, „ქუთაისი" მხოლოდ იმას ახერხებს, რომ თამაშს 9 ქულით აგებს, მეტზე დრო აღარ დარჩათ.

"მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ვართ, გვიწევს თითოეული ქულისთვის მაქსიმალური ბრძოლა. „მგზავრებმა" დღეს, ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რომ დავემარცხებინეთ და ეს მოახერხეს კიდეც. ჩვენ გასულ 2 ტურში არადამაჯერებელი თამაში ვაჩვენეთ და აშკარაა, რომ გუნდს რაღაც ჩავარდნა და კრიზისი აქვს. მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს მალე გამოვასწორო. უკვე 2 დღეში უკვე მომდევნო მატჩი გველის ისევ თბილისში, ისევ სერიოზულ გუნდთან და შეცდომის უფლება აღარ გვაქვს", - ამბობს კოტე ტუღუში, „ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი.

ქუთაისელთაგან, ყველაზე მეტი 18 ქულა, ჯონოთან ლიმ დააგროვა.

(იხილეთ სტატისტიკა)


„ოლიმპი" - „დინამო"  78-87 (16 -36 / 19 -12 / 21-18 / 22 -21)

პირველ მეოთხედში ნაშრომი „ჩაყარა წყალში", თუ ზედმეტად დაიჯერა დროზე ადრე გამარჯვება გუნდმა, ამას ირაკლი ხოშტარია, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი, საკუთარ მოთამაშეებს, თამაშის შემდეგაც მიუთითებდა და უახლოეს „თეორიაზე" გაუხსენებს.  ფაქტია, რომ 20-ქულიანი უპირატესობიდან, რომელსაც გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ ფლობდა, მატჩის დასრულებამდე 58,9 წამით ადრე, მხოლოდ 5 ქულაღა იყო.

შეხვედრის სტარტზევე, „დინამომ" ინიციატივა ხელთ იგდო და ანგარიშში დაწინაურდა. პირველი მეოთხედის 7:21 წუთზე, ანგარიში 2-10 იყო „დინამოს" სასარგებლოდ,  საქართველოს ჩემპიონის მიერ ჩაგდებული 10-დან 6 ქულა, ლაველ ბოიდის ანგარიშზე. აქედან ბოიდმა, დროის ამ მცირე მონაკვეთში 2-დან 2 ზუსტი 3-ქულიანი ჩააგდო. ამ მეოთხედის შემდეგ, ბოიდის გვარის გასწვრივ 12 ქულა ეწერა, რომელიც კალათბურთელმა, მხოლოდ 4 ზუსტი სროლით დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ამ მეოთხედში, დინამოელთა მიერ პერიმეტრიდან ნასროლების პროცენტმა 100% შეადგინა. საერთო ჯამში, მატჩის საწყის ეტაპზე აღებული 36 ქულიდან უმეტესი წილი, სწორედ 3-ქულიანების ხარჯზე მოდის. ამ მონაკვეთში სროლები წაუვიდათ ნოდო გოგოძეს, ალექსანდერ მიტროვიჩს, რავანე ლის.

ძირითადად პირველი მეოთხედის მსგავსად განვითარდა, მეორე პერიოდიც. მხოლოდ, ერთი განსხვავებით.  ამ მონაკვეთის დასრულებამდე 2:54-ით ადრე „ოლიმპმა" ანგარიშში სხვაობა, რომელმაც ერთ მონაკვეთში 24 ქულაც კი შეადგინა,  ჯერ 16 ქულამდე შეამცირა 30-46, ტაიმის ბოლოს კი ტაბლოზე 35-48, მხოლოდ 13-ქულიანი სხვაობაღა იყო დარჩენილი „დინამოს" სასარგებლოდ. აღნიშნული მეოთხედი, ისევე, როგორც მომდევნო ორი, „ოლიმპმა" მოიგო.

მესამე მეოთხედი, „ოლიმპმა" კი მოიგო და გადამწყვეტი მონაკვეთის წინ, საერთო ანგარიშში მხოლოდ 10 ქულაღა იყო სხვაობა, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა, ერთ მომენტში კიდევ მოახერხა უპირატესობის 19 ქულამდე გაზრდა, თუმცა ეს იყო და ეს. ამ მეოთხედში, ხოშტარიას გუნდში იმატა შეცდომებმა დაცვაში, ამას ემატებოდა გაცუდებული საჯარიმო სროლები და განსხვავებით პირველი მეოთხედისგან, არაზუსტი სამქულიანებიც.

თუკი პირველ მეოთხედში ბოიდმა დაგვამახსოვრა თავი პერიმეტრიდან, ბოლო, დასკვნით პერიოდში, თითქმის იგივე გაიმეორე „ოლიმპის" მე-5 ნომერმა, რევაზ როგავამ, რომელმაც საბოლოოდ 19 ქულის დაგროვება შესძლო და თანაგუნდელი მარიუს ჰილის შემდეგ, რომლის სათვალავშიც 21 ქულა დაგროვდა, მეორე იყო გუნდში. 21 ქულით, დინამოელთა შორის საუკეთესო  ნოდარ გოგოძე იყო. აღასანიშნავია, რომ მოქმედი ჩემპიონის რიგებში, იმ კალათბურთელებმა, ვინც ჯამში „დინამოს" 87 ქულა მოუტანეს, ასეთი კი გუნდში სულ 6 აღმოჩნდა, 10-ქულიანი ზღვარი ყველამ გადალახა (იხილეთ სტატისტიკა).


საკალათბურთო სუპერლიგის მომდევნო ტური ზეგ, შაბათს, 17 მარტს გაიმართება.

გათამაშების ცხრილი