პეკინი-2022-ის ბილეთები არ გაიყიდება
პეკინი-2022-ის ბილეთები არ გაიყიდება
18.01.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ჩინეთში COVID-19-ის ლოკალური ახალი აფეთქებების გამო, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება - მათ მაყურებელთა გარკვეულ ჯგუფებში გადაანაწილებენ.

სექტემბრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) განაცხადა, რომ პეკინის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ბილეთები მხოლოდ ჩინეთში მაცხოვრებელი გულშემატკივრებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი.


„იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიაზე კონტროლის და პროფილაქტიკის სფეროში შექმნილი მდგომარეობა სერიოზულია, ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა და მაყურებელთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  გადაწყდა ბილეთების გაყიდვის თავდაპირველ გეგმაში ცვლილებების შეტანა და მაყურებელთა გარკვეულ ჯგუფზე მათი გადანაწილება," - აცხადებს პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტი.


აღნიშნულია, რომ ისინი, ვისაც ტრიბუნებზე დაუშვებენ, ვალდებულნი იქნებიან მკაცრად დაიცვან ყველა ეპიდსაწინააღმდეგო მოთხოვნა შეჯიბრების დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ, რათა ასპარეზობათა მშვიდად ჩატარების შესაძლებლობა იყოს უზრუნველყოფილი.