მედიის მხარდაჭერის იმედად და მედიისა და ლიდერების გარეშე, ეროვნული თებერვლის თამაშებისთვის ემზადება
მედიის მხარდაჭერის იმედად და მედიისა და ლიდერების გარეშე, ეროვნული თებერვლის თამაშებისთვის ემზადება
18.02.2018
ავტორი:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 23 და 25 თებერვალს, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მორიგ შეხვედრებს გამართავს, ჯერ ავსტრიაში და შემდეგ თბილისში, გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს. ახალი შესარჩევი ციკლის სტარტზე, ქართველ კალათბურთელებმა 2 შეხვედრა გამართეს და ორივეში მარცხი განიცადეს.  თავდაპირველად, ქართველი კალათბურთელები გერმანიაში, 9 ქულით დამარცხდნენ ადგილობრივ ნაკრებთან 79-70. მომდევნო შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, სერბეთში, ევროპის მოქმედ ვიცე-ჩემპიონთან სერბეთთან 105-87 დამარცხდა. მომდევნო, მესამე თამაში კი ქართველ კალათბურთელებს კვლავ გასვლაზე ექნებათ და ამჯერად, G ჯგუფის კიდევ ერთ ნაკრებს ავსტრიას დაუპირისპირდებიან.

„პირველ რიგში იცით, რომ ისევ ევრო-ლიგის მოთამაშეების გარეშე მოგვიწევს თამაში. არის ტრავმებიც, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. პირველად მივდივართ ჩარტერით, ავსტირაში. ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. დაბრუნებისთანავე დავისვენებთ და გერმანიის წინააღმდეგ მატჩისთვის დავიწყებთ მზადებას. ბევრი ვიშრომეთ იმისთვისაც რომ მაიკლ დიქსონი ეროვნულ ნაკრებში დარჩენილიყო. ეს საკითხი მოვაგვარეთ.  ავსტრია, უპირატეს მდგომარეობაშია, რადგან 5 წლის განმავლობაში ვინც კი თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში, მათგან არცერთი მოთამაშე არ აკლიათ. თავადაც იციან რომ უფრო დიდი შანსი აქვთ. მაგრამ ჩვენთვის კარგია ის, რომ მომდევნო თამაშებს სახლში გავმართავთ: გერმანიასთან, ავსტრიასთან, სერბებთან. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ავსტრიაში, მოვიგებთ თუ წავაგებთ, შემდეგ შეხვედრებში აუცილებლად ვითამაშებთ. იცით, რომ 25-ში არის თამაში გერმანიასთან. ჩვენ თუ ავსტრიასთნ მოვიგებთ ბოლო დღეს ბილეთებს ვეღარ შეიძენთ, ამიტომ ვისაც ჩვენი სჯერა, ახლავე დაიჭიროს თადარიგი", - ამბობს ვლადიმერ ბოისა.


საქართველოს დელეგაცია, ავსტრიაში ჩარტერული რეისით კი მიემგზავრება, თუმცა, თვითმფრინავში ჩვენდა სამწუხაროდ, არ გამოინახა, იმ სპორტული მედიისთვის რამდენიმე ადგილი, რომლებიც ეროვნული ჩემპიონატის თამაშებსაც კი რეგულარულად აშუქებენ. ამდენად, სპორტული მედია, მხოლოდ კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის იმედად რჩება, ჩვენი გუნდის ავსტრიული ტურნეს შესახებ. ავსტრიაში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ჩატრეტით გამგზავრების თაობაზე, ნაკრების თავკაცის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა.

„სამწუხაროდ, შენგელიას ჩამოსვლა ვერანაირად მოხერხდა. შერმადინის ჩამოსვლის საკითხში კი თავად „მალაგის" მერი იყო  ჩართული, მაგრამ მაინც არ გამოვიდა. მე ძალიან მინდა, რომ კალათბურთი ამ კუთხით ფეხბურთს დაემსგავსოს და ისე იყოს მსგავსი პრობლემები მოგვარებული, როგორც ამას FIFA აკეთებს", - ამბობს ვლადიმერ ბოისა.

თავის მხრივ, სპორტული ჟურნალისტებიც იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსგავსად, კალათბურთის ფედერაციაც, მომავალში ჩარტერულ რეისებში მედიის წარმომადგენლების ტრანსპორტირებას გაითვალისწინებს.

მანამდე კი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა ილიას ზუროსმა, ნაკრების შესახებ, სწორედ პრესკონფერენციაზე ისაუბრა: „ყველასგან, განსაკუთრებით კი მედიისგან ველოდებით მხარდაჭერას. ძალიან ადვილია გამარჯვების ერთად აღნიშვნა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სირთულეების ერთად გადალახვა. არაჯანსაღ კრიტიკას კი, ჯობია გვერდში დაუდგეთ საქართველოს ნაკრებს.  პრობლემები იმიტომ გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომელთაც გამხნევება და გულშემატკივრის სიყვარული სჭირდებათ. გერმანიასთან მატჩში კი ველით, რომ დარბაზი სავსე იქნება".


ბუნებრივია, მედია, ისევე როგორც ადრე იქნება ქვეყნის ინტერესების დასაცავად, თუმცა არ იქნება ურიგო, თუკი, მომავალში, მედიის როლს თავად ფედერაციაც დააფასებს. მითუმეტეს, რომ საკალათბურთო სამყაროში არსებულ დაძაბულ ფონზე, მედიის სწორ და გამართულ მნიშნველობას, სპორტის პოპულარიზაციისთვის დიდი როლი ენიჭება.

„როგორც მწვრთნელი მადლობას ვუხდი ფედერაციას, რადგან ს ძალიან რთული პერიოდია ქართული კალათბურთისთვის და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მოთამაშეები ჩამოეყვანათ. თუმცა, სამწუხაროდ, FIBA-სა და ევრო-ლიგას შორის არსებულმა კონფლიქტმა არ მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ძალა დაგვებრუნებინა. ფედერაციამ ბევრი იშრომა, რადგან კომუნიკაცია ამ გუნდებსა და სხვა პირებს შორის ძალიან რთული პროცესია", - ამბობს ზუროსი. „დღეს ჩვენ მომზადება უკვე დავიწყეთ. თუმცა, ეს უფრო აღდგენითი ვარჯიშებია გასული თამაშების შემდეგ. ლეგიონერები კი მოგვიანებით შემოგვიერთდებიან. მოგეხსენებათ, მეორე ფანჯრის თამაშები იწყება. ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დიდი დრო არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ყველა დეტალზე მოვახერხოთ ყურადღების გამახვილება. ახალი მწრთვნელის შემოგვიერთდა - თემურ კანკია, რომელიც, გვჯერა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი პროგრამის შესრულებაში და გუნდის ფილოსოფიას დიდ დახმარებას გაუწევს.

ვერაფერს ვიტყვი მოთამაშეებზე, სანამ არ ვნახავ მათ მომზადების პერიოდში. ცინცაძე ჩვენთან იყო დიდი ხანი და ძალიან ბევრს შრომობდა, აქტიურად ვარჯიშობდა. დღეს, რუმინეთში აქვს თამაში და ვნახავთ, როგორ ფორმაშია. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მისი ძალა და გონება დაგვეხმარება მომდევნო თამაშებში.  დარბაიძესა და როგავას საკითხიც ვარჯიშზე გაირკვევა.

დიქსონი, პირდაპირ ავსტრიიაში შეუერთდება გუნდს. ცქიტიშვილი ხვალ ჩამოდის და სავარაუდოდ სრული შემადგენლობით ვერ ვივარჯიშებთ. ბექა წივწივაძეს დიდი დრო არ აქვს ნათამაშები, მაგრამ კარგად იცნობს გუნდის სპეციფიკას, სისტემას. ის სხვა მოთამაშეებიც ვარჯიშებზე აჩვენებენ საკუთარ ფორმას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ძირითად შემადგენლობაზე.  საბოლოო შემადგენლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ბოლო ვარჯიშის შემდეგ, სამშაბათს მივიღებთ.



ოპონენტები ძალიან ძლიერები არიან. ავსტრიის გუნდში ძალიან კარგი ნაზავია, ახალი მწრთვნელი კი ჰყავთ, მაგრამ მოთამაშეები დიდი ხანია ერთად თამაშობენ და ერთმანეთის კარგად ესმით.  ავსტრიას ჰყავს მაჰალბაშიჩი, ძალიან ძლიერი და ტანმაღალი მოთამაშე, რომელიც ევროპის ლიგაზე თითოეულ შეხვედრაში 20-ზე მეტ ქულას აგროვებს, ასევე, ჰყავს ბევრი კარგი მსროლელი,  „ბაიერნისა", „ანდორას" მოთამაშეები, ისინი თამაშობენ ერთად, ჩვენ კი ყოველ ჯერზე ახალი გუნდით ვთამაშობთ", - ამბობს ზუროსი.

ავსტრიაში, საქრთველოს ნაკრები 23 თებერვალს, შვეხატის საკალათბურთ არენაზე გამართავს მატჩს და იმავე დღეს, თბილისში დაბრუნდება. 25 თებერვალს, ქართველი კალათბურთელები უკვე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.  

„გერმანიისა და ესპანეთის შემთხვევაშიც, ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, დიდი ხანია თამაშობენ. გერმანია ერთ-ერთი ფავორიტია ჩვენს ჯგუფში სერბეთთან ერთად. მათ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ და კონკურენტუნარიანი ლიგა აქვთ, სადაც ბევრი ამერიკელი მოთამაშეც თამაშობს. ჩვენი პრობლემა კი ისაა, რომ საკმარისი დრო არ გვაქვს ერთობლივი ვარჯიშებისთვის. კალათბურთი არის გუნდური სპორტი, ერთად ფუნქციონირება, მუშაობა და ვარჯიში მნიშვნელოვანია.

მთავარია მონდომება და შრომა. ის რომ ასეთი ძლიერი მეტოქეები გვყავს, არ ნიშნავს რომ არ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ გპირდებით, რომ ბოლომდე ვითამაშებთ და მეც, როგორც ბერძენი, გეტყვით რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ.მესამე ფანჯრის თამაშები თბილისში გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიყოთ, პოზიტიურად, ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ და გავავსოთ დარბაზი. გულშემატკივარს შეუძლია ყველაფრის გადალახვაში დაეხმაროს გუნდს", - ამბობს ილიას ზუროსი.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, ავსტრიაში გამგზავრებამდე, მედიისთვის ღია ვარჯიშს, სამშაბათს, 20 თებერვალს თბილისში გამართავს, 21-ში კი ჩარტერული რეისით ავსტრიას გაემგზავრება.