კახეთი ქართული ფეხბურთის სამსახურში აქტიურდება
კახეთი ქართული ფეხბურთის სამსახურში აქტიურდება
14.02.2018
ავტორი:

კახეთის სხვადასხვა რეგიონის ბაშვები ამიერიდან ლაგოდეხში, ნოდარ ახალკაცის სახელობის  აკადემიაში  გაივლიან წვრთნას. 14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ლაგოდეხის აკადემიის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე შეკრებილმა სტუმარ-მასპინძელმა, ერთხმად აღნიშნა, რომ ახალი სპორტული კომპლექსი, რეგიონში, არა მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, არამედ, ეს გახდება ადგილი, რომელიც ქართული ფეხბურთის რიგებს ნიჭიერი ფეხბურთელებითაც მოამარაგებს. ამისთვის, კი აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, დღეს ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემია გაიხსნა. ლაგოდეხის ბაზაზე ახალი საფარი დაიგო, დამონტაჟდა ახალი განათება და შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი კი საშუალებას გვაძლევს აკადემიამ სრულყოფილად იმუშაოს. ამ აკადემიაში ორი გუნდი იქნება, რომელებიც აქ იცხოვრებენ, ივარჯიშებენ და, რა თქმა უნდა, განათლებას მიიღებენ. განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის აკადემია სრულიად კახეთის რეგიონს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული აკადემია რიგით მესამეა. ერთი ცენტრალური ფილიალი თბილისშია, მეორე დასავლეთ საქართველოში - კერძოდ ზუგდიდში, მესამე კი, კახეთში გავხსენით. ეს წინსვლა საშუალებას გვაძლევს, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში და ამით ხელი შევუწყოთ ქართული ფეხბურთის განვითარებას", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.

ლაგოდეხის, ნოდარ ახალკაცის სახელობის ბაზის გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფეხბურთის ფედერაციის, ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირები, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია გაწია. ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი სულ 110 ადამიანზეა გათვლილი.  ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ ლაგოდეხის აკადემიის მთავარ მწვრთნელად გიორგი ნუსხელიძე იმუშავებს, მისი დამხმარეები კი ადგილობრივი სპეციალისტები - ალექსანდრე ჯაფარიძე, შიო შეყელაშვილი და ვახტანგ თანდაშვილი იქნებიან.

სფფ-ის სრული დაფინანსებით ჩატარდა  ლაგოდეხის ბაზაზე სათამაშო მინდორის  საფუძვლის მოწყობის სამუშაოები. დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. სტადიონი აღიჭურვა 300 ლუქსიანი განათების სისტემით აღიჭურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ აკადემიის აღსაზრდელებსა და საწვრთნელ შეკრებაზე შესულ ასაკობრივ ნაკრებებს, უკვე ღამის განათებაზეც შეეძლებათ ვარჯიში.