ფუტსალის ლიგის 2017-18 წ.წ გათამაშების VIII ტურის მატჩების მიმოხილვა
ფუტსალის ლიგის 2017-18 წ.წ გათამაშების VIII ტურის მატჩების მიმოხილვა
10.02.2018
ავტორი:

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017-2018 წ.წ გათამაშების, VIII ტურის შეხვედრები სამ დღეზე გადანაწილდა და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

მეორე წრემ სტარტი 6 თებერვალს ქუთაისში აიღო. ადგილობრივმა „მართვემ" მოქმედ ჩემპიონს „სტუ-თელასს" უმასპინძლა და 4-8 დამარცხდა. ენერგეტიკოსების რიგებიდან ორ-ორი გატანილი ბურთით ავთანდილ  ასათიანი და ნუკრი ჭუმბურიძე გამოირჩნენ, ხოლო ქუთაისის "მართვედან" დუბლი  თამაზ  გოგსაძემ გაიფორმა.

ტური 9 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა. „აფხაზურ დერბიში" „აფხაზეთი კოლხი"-„გულრიფშს" დაუპირისპირდა და 2-10 დამარცხდა. გამარჯვებულებს მათმა კაპიტანმა, ამირან ცხომარიამ ულიდერა, რომელმაც ოთხ გოლთან ერთად თავის აქტივში ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

„მიუხედავად  ანგარიშისა  ეს  მარტივი თამაში  არ  ყოფილა,  პირველი პერიოდი  იყო  რთული, თუმცა როდესაც შესვენებაზე  გასახდელში შევედით  მივიღეთ  მწვრთნელისგან  შესაბამისი  დავალებები და  ვფიქრობ მეორე  ნახევარში  შევასრულეთ  კიდეც  ამოცანა.  ვემზადებით   შემდეგი თამაშებისთვის,  ჩვენი  მთავარი  მიზანი  ამ  პერიოდისთვის,  პლეი-ოფში  თამაშია", - ამბობს ამირან ცხომარია, „კოლხი"

სრულად გაამართალა გულშემატკივართა იმედები ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ, რომელშიც გათამაშებს ერთპიროვნული ლიდერი „"აგორა"', ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა. მატჩის საწყისი წუთები ფავორიტის უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-8 წუთისთვის ალიკ სარქისიანის შეგირდები ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა ამის შემდეგ „სტუდენტებმა" საოცარი ბრძოლისუნიარიანობა გამოავლინეს და პირველ ნახევარში სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს. მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რასაც ხელი 24-წუთზე "აგორას" ლიდერის, დავით ბობოხიძეს გაძევებამაც შეუწყო. წითელ ბარათს 6 მეტრიანი საჯარიმო დარტყმაც მოყვა, რომელიც „შავიზღვისპირელებმა" ზუსტად გამოიყენეს და ანგარიში გაათანაბრეს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ეპიზოდებში მსაჯები უხეშად შეცდნენ - გამეორებისას ნათლად გამოჩნდა, რომ ბობოხიძე ხელით საჯარიმოს გარეთ თამაშობდა. მალევე ეფექტური კონტრშეტევის შედეგად, ბსუ-მ წინ გასვლაც შეძლო და  კიდევ ერთ ხმაურიან სენსაციას „მიუახლოვდა".  მატჩი ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა, ორივე გუნდი ახლოს იყოს გოლის გატანასთან და საბოლოოდ ეს "აგორას" ფეხბურთელებმა მოახერხეს. ჰეთ-თრიკი გიგა დანელიამ გაიფორმა. დროის გასვლასთან ერთად ფრეც სრულიად ლოგიკურ შედეგად მოჩნდა, რაც უდაოდ ბათუმელთა აქტივი უფრო იყო. თუმცა მატჩის დასასრული საოცარი გამოდგა - დროის ამოწურვამდე ორი წამით ადრე, "აგორას" მეკარემ ალი ასლანმა ხელით მეტოქის კარისკენ გაგზავნა ბურთი, რომელიც ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ ბსუ-ს მეკარეს და ისე გადაკვეთა კარის ხაზი - მიუხედავად იმისა, რომ საფინალო სირენა ბურთის ჰაერში ყოფნის დროს გაისმა, მსაჯებმა წესების სრული დაცვით ბსუ-ს კარის აღება დააფიქსირეს, რამაც "აგორას" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა - 4-3.

„პირველ  რიგში  მინდა  ავღნიშნო, რომ  ძალიან  დაძაბული თამაში  იყო,  ფავორიტს  ვეთამაშებოდით  და  ეს  ასეა სატურნირო  ცხრილითაც.  ჩვენ  ბოლომდე  ვიბრძოლეთ,   დავამუშავეთ  ის  კომბინაციები  რომელიც  "აგორას"თან  გამოგვადგებოდა,  თუმცა  ბოლო  წუთზე  გასული   სადაო გოლის საშუალებით  დავმარცხდით. ფრე ჩვენთვის  სასურველი შედეგი  იყო.   რაც  შეეხება  გოლს,  ჩვენს  გუნდსაც  რომ გაეტანა  მსგავსი  გოლი  ჩვენც  გვექნებოდა   პრეტენზია  რომ აუცილებლად  ჩათვლილიყო. არაუშავს  ყველაფერი  წინ არის",- ამბობს ბაჩანა  ცხადაძე , ბსუ-ს წარმომადგენელი.

„ძალიან  დაძაბული  და  სანახაობრივი  თამაში  იყო,  ბევრი  ვიბრძოლეთ   თავიდან  ვიგებდით , თუმცა  ალბათ  შემდეგ  მოვეშვით   და  მოწინააღმდეგემ   ჯერ  ანგარიშის  გათანაბრება  შემდეგ  კი  წინ  გასვლა მოახერხა.  უცნაური  თუმცა   ჩვენი  გუნდისთვის  ძალიან  მნიშვნელოვანი  გოლი  გავიდა ბოლო წამზე. თქვენს  კითხვაზე  ბსუ-ს  მოთამაშე  რომ  ვყოფილიყავი  მექნებოდა  თუ არა  მოწინააღმდეგეს  მსგავსად  პრეტენზია  არ  ვიცი, რადგან  მეც  სათამაშო ეპიზოდში  ვიყავი  და  ვერ დავინახე.  მადლობა  მინდა  ვუთხრა   მეტოქეს  ღირსეული  თამაშისთვის", - ამბობს გიგა დანელია, „აგორას" ფეხბურთელი.

მერვე ტური 10 თებერვალს, თბილისისა და ტატიშვილის დაპირისპირებით დასრულდა. მიუხედავად სერიოზული საკადრო პრობლემებისა, „მედიკოსებმა" უმძიმეს ბრძოლაში მაინც შეძლეს სამი ქულის მოპოვება  - 3-2. ტატიშვილის რიგებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა გიორგი ლუკავამ, რომელიც თავის გუნდს ორი გატანილი გოლით დაეხმარა.

სატურნიროს ცხრილს 19 ქულით ერთპიროვნულად კვლავ "აგორა" ლიდერობს, რომელსაც თითო ქულით ჩამორჩებიან თელასი და ტატიშვილი. 17 ქულით მეოთხე პოზიციაზე კოლხი იმყოფება, რომელი 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს თბილისსა და ბსუ-ს.

06.02.2018.ფუტსალის ლიგა.VIII ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)

მართვე (ქუთაისი) - სტუ-თელასი 4-8 (0-3)

გოლები- 03-12' გეგეშიძე (0-1), 14-44' ჭუმბურიძე (0-2), 18-36' ასათიანი (0-3), 23-12' სოზაშვილი (0-4), 23-49' ასათიანი (0-5), 24-00' ესებუა (0-6), 27-03' კიკნაველიძე (1-6), 29-56' გოგსაძე (2-6), 33-42' ჭუმბურიძე (2-7), 38-06' ტყემალაძე (2-8), 38-41' გოგალაძე (3-8), 39-12' გოგსაძე (4-8)

 

09.10.2018.ფუტსალის ლიგა. VIII ტური (ოლიმპიური სასახლე)

აფხაზეთი - კოლხი-გულრიფში 2-10 (2-4)

გოლები- 04-03' ს.ლომიძე (1-0), 09-49' ცხომარია (1-1), 12-54' ცხომარია (1-2), 14-11' ჭოხონელიძე (1-3), 17-10' ი.მამაგულაშვილი (2-3), 19-05' ცხომარია (2-4), 22-47' რეხვიაშვილი (2-5), 26-40' ი.მამაგულაშვილი (ს.კ 2-6), 29-13' ჰოსეინზადე (2-7), 36-11' ცხომარია (2-8), 38-21' ღუდუშაური (2-9), 39-24' ალავერიქჰანი (2-10)

გაფრთხილება- 18-47' კუხიანიძე (აფხ)

 

ბსუ (ბთ) - "აგორა" 3-4 (1-2)

გოლები- 05-41' დანელია (0-1), 07-04' დანელია (0-2), 10-24' დოლიძე (1-2), 24-02' ასამბაძე (6მ.2-2), 25-29' ჯალაღანია (3-2), 35-45' დანელია (3-3), 40-00' გორგოშაძე (ს.კ.3-4)

გაფრთხილება- 19-57' ხინიკაძე (ბსუ), 33-22' გაბუნია (ბსუ), 34-54' ცეცხლაძე (ბსუ), 38-21' გორგოშაძე (ბსუ)

გაძევება- 24-00' ბობოხიძე (აგო)

 

10.02.2018.ფუტსალის ლიგა.VIII ტური (ოლიმპიური სასახლე)

თბილისი - ტატიშვილი 2-3 (1-2)

გოლები- 07-18' ლუკავა (0-1), 10-47' გოგოხია (1-1), 17-04' ლუკავა (1-2), 23-53' კუხალეიშვილი (2-2), 32-42' ჭიაბერაშვილი (ს.კ 2-3)

გაფრთხილება- 36-50' ონიანი (ტატ), 39-48' წოწკოლაური (თბ)

 

ბომბარდირები- გიგა დანელია ("აგორა") - 13, ამირან ცხომარია (კოლხი) - 11, გიორგი სილაგავა (ტატიშვილი)-  10, ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი), ჰოსეინზადე (კოლხი) - 9

***

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან- "სოკარი", ტელეკომპანია „SILK",„ნაბეღლავი",იურიდიული ჯგუფი „McGill", „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები- რადიოები, „იმედი", JAKO FM, „კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო"

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური