„ქუთაისი“, ქორქია-საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებულია
„ქუთაისი“, ქორქია-საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებულია
04.02.2018
ავტორი:

ქუთაისში, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალის ფინალურ შეხვედრაში, მასპინძელთა გუნდმა „ქუთაისმა", „რუსთავი" 118-104 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს, ანზორ საკანდელიძემ და ნოდარ ქორქიამ გადასცეს მთავარი პრიზი.

ქუთაისელთაგან განსხვავებით, ფინალური მატჩი, „რუსთავმა" შესუსტებული შემადგენლობით ჩაატარა. გუნდს, რუსთაველი ლეგიონერები აკლდნენ. შესაძლოა ამიტომაც, „ქუთაისს" მატჩის დასაწყისშივე, თამაშის სადავეების ხელში აღება და მისი გამარჯვებამდე მიყვანა, არ გასჭირვებია. „ქუთაისის" შემადგენლობაში 23 ქულით, 12 მოხსნითა და 6 გადაცემით, საუკეთესო რიჩარდ მათიაშვილი იყო. 15-15 ქულა დააგროვეს გიორგი ბარბაქაძემ და აკაკი დვალიშვილმა. მატჩში კი, ორივე გუნდში, ყველაზე შედეგიანი რუსთაველი ერეკლე ლორთქიფანიძე იყო. მან 31 ქულის დაგროვება შესძლო. 3 ქულით ნაკლაბი, 28 ქულა, ლევან ცეკვავას ანგარიშზეა. 14 ქულა კი „რუსთავს" ლევან ხმელიძემ შესძინა.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალზე, რომელიც იმერეთის მთავარ ქალაქში 2018 წლის 1-4 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა, საუკეთესო უკანახაზელად ქუთაისელთა ამერიკელი ლეგიონერი დეჟუან რაიტი დაასახელეს. მემორიალის საუკეთესო ფორვარდი, ასევე „ქუთაისის" მოთამაშე, გიორგი ბარბაქაძე გახდა.


საკალათბურთო კლუბი "რუსთავის" ფოტოგრაფის, მირიან ჩხეიძის ფოტოები