სუპერ თასი - ‘შავი ლომის’ ხუთქულიანი ნახტომი პენზაში
სუპერ თასი - ‘შავი ლომის’ ხუთქულიანი ნახტომი პენზაში
23.10.2021
ავტორი: რაგბის კავშირი

'შავმა ლომმა' რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე რაუნდში, პენზაში 'ლოკომოტივი' 27:11 დაამარცხა და დაგეგმილი პრემიაც აიღო.


ქართული ფრენჩაიზისთვის ეს პირველი გასვლითი თამაში იყო. რუსეთის ჩემპიონატის შარშანდელი ფინალისტი 'ლოკომოტივ-პენზა', წელს ისე მძლავრად ვეღარ გამოიყურება და ტურნირზეც უკვე მესამე შეხვედრა დათმო, თანაც ყველა ბონუსით.


მეტოქე გუნდის ბირთვს ქართველი ლეგიონერები წარმოადგენენ და 'შავი ლომის' წინააღმდეგ ხუთივემ ითამაშა. გიორგი ჭყოიძე, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი და ნიკა ცირეკიძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, რევაზ ბროძელი კი შეცვლაზე შევიდა. დავით გურგენაძეა შერკინების მწვრთნელი.


პენზაში 'შავმა ლომმა' კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, იყო ლამაზი მომენტები და ლელოები. მეორე ტაიმში მოედანთან ერთად შეხვედრაც დამძიმდა. იმატა შეცდომებმა, პაუზებმა, ჯაჯგურმა. საბოლოოდ სტუმრებმა ხასიათი გამოავლინეს და მატჩის მიწურულს მეოთხე, ბონუსის მომტანი ლელოც გაიტანეს.



თამაში ძლიერ ქარში დაიწყო, რომელიც პირველ ტაიმში ზურგს მასპინძლებს უმაგრებდა, მაგრამ ამან 'ლოკომოტივს' ვერ უშველა. საწყისი პინგ-პონგის შემდეგ, შეცდომა 'ლოკომოტივმა' დაუშვა და გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმიდან ანგარიში გახსნა. გარკვეული დროით მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და გაგვიმართლა, ჭყოიძემ ლელოს ხაზთან დავარდნილი ბურთი რომ ვერ დაიმორჩილა, თორემ ლელო გარდაუვალი იყო. ამ პერიოდში ორჯერ დასარტყმელ პოზიციაში დავჯარიმდით და პენზელები 6:3 დაწინაურდნენ.


მე-16 წუთზე უკვე მასპინძლებმა დაუშვეს შეცდომა - ჯერ რაქიდან გაიტანეს ბურთი ცუდად, მერე ფეხით მოგერიებისას შალვა მამუკაშვილმა დაფარებაზე ითამაშა, რამდენიმე მიძალების შემდეგ კი ლელო დავით გიგაურმა გაიტანა და ბაბუნაშვილმაც გარდასახა. 23-ე წუთზე 'შავმა ლომმა' დაახლოებით 15-მეტრიანი მოლი ააგორა და ის მამუკაშვილის ლელოთი დასრულდა. სტუმრებმა ინიციატივა იგრძნეს და ტაიმის ბოლოს კარგი ხელდახელ შეტევის შემდეგ მესამე ლელოც გაიტანეს.



40 წუთი უკვე გასული იყო, როდესაც ჩვენს ნახევარზე გადაკიდებული ბურთი 10-მეტრიან წყვეტილთან ავიღეთ და ლაშა ხმალაძემ ხელდახელ კონტრშეტევა წამოიწყო, კარგად იმუშავა მიყოლამ, ოფლოუდებმა და სანდრო მამამთავრიშვილმა, მერაბ შარიქაძემ, დავით გიგაურმა, ნოდარ ჭეიშვილმა, თენგიზ პერანიძემ, შალვა მამუკაშვილმა და ბოლოს მამამთავრიშვილმა, ბურთი მეტოქის ლელომდე 20 წამში ჩაარბენინეს და ორი მიძალების შემდეგ ლუკა ივანიშვილმა ლელოც გაიტანა, მაგრამ რეფერიმ ის ვერ დააფიქსირა და ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა. 5-მეტრიანი შერკინებიდა, მეორე ჯერზე პერანიძემ ცენტრისკენ წაიღო ბურთი, სისწრაფეში ბაბუნაშვილს გაატანა და მანაც ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა - 22:6.


მეორე ტაიმში თამაშის დალაგება გაგვიჭირდა. შეცდომების გამო 'ლოკომოტივმა' წნეხში მოგვაქცია და სინბინით შალვა მამუკაშვილი დავკარგეთ, 49-ე წუთზე კი მოლის შედეგად ლელო მივიღეთ. მანამდე იყო ეპიზოდი, როდესაც მასპინძლებმა ხაზზე გაშალეს ბურთი და ნიკა ცირეკიძეს მისი დამიწების საშუალება მირიან მოდებაძემ არ მისცა. 'ლოკომოტივს' ჯარიმით ჩამორჩენის კიდევ უფრო შემცირების შანსი მიეცა, თუმცა ლელოზე თამაში გადაწყვიტა და ვერ გათვალა.



დასკვნით 20 წუთში 'შავმა ლომმა' ინიციატივა დაიბრუნა. მეტოქემ გარკვეული დროით შეძლო თავის დაცვა, მაგრამ 75-ე წუთზე მოლს გოგა ხუროშვილი რომ მოწყდა, მისი შემჩერებელი აღარავინ იყო. ბოლო წუთზე ძალისმიერი ლელოს გატანა მამამთავრიშვილსაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ჩაუხურეს და საბოლოოდ 'შავმა ლომმა' 'ლოკომოტივ-პენზა' 27:11 დაამარცხა.


აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ტურის მეორე მატჩში, ისრაელის 'თელავივ ჰითმა' მოსკოვში 'ენისეი-სტმ' 34:31 დაამარცხა. მასპინძლებმა ხუთი ლელო გაიტანეს, სტუმრებმა ოთხი, მაგრამ კარში უკეთ ურტყეს და ისტორიაში პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს. 'ენისეის' რიგებში 51-ე წუთზე ლელო დავით მესხმა გაიტანა და იმ მომენტისთვის საკუთარი გუნდი 26:24 დააწინაურა.


'ენისეის' გაწითლებულ დროზე გატანილმა ლელომ ნუგეშის ქულა მოუპოვა და 3 თამაშიდამ 11 ქულით, ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე რჩება. 'შავ ლომს' ორი თამაშიდან ქულათა მაქსიმუმი (10) აქვს და 30 ოქტომბერს სოჭში, ჩვენი დროით 13 საათზე ეთამაშება. ამავე დღეს 'ლოკომოტივ-პენზა' 'თელავივ ჰითს' მასპინძლობს.



რაგბი ევროპის სუპერ თასი / აღმოსავლეთ კონფერენცია

III რაუნდი. 23 ოქტომბერი

პენზა. „პერვომაისკი".

ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) - შავი ლომი (საქართველო) 11:27


შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

4 ლელო: გიგაური, მამუკაშვილი, ბაბუნაშვილი, ხუროშვილი

2 გარდასახვა: ბაბუნაშვილი

1 ჯარიმა: ბაბუნაშვილი


ენისეი სტმ (რუსეთი) - თელავივ ჰითი (ისრაელი) 31:34


ენისეი 3 2 0 1 97-61 11
შავი ლომი 2 2 0 0 60-21 10
ჰითი 2 1 0 1 44-64 4
ლოკ. პენზა 3 0 0 3 38-93 0


30 ოქტომბერი. IV რაუნდი

ენისეი სტმ (რუსეთი) - შავი ლომი (საქართველო)

ლოკომოტივ-პენზა (რუსეთი) - თელავივ ჰითი (ისრაელი)



ფოტო: Rugby Club Lokomotiv Penza