ამჯერად, მედლების გარეშე - ნინო სალუქვაძემ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა
ამჯერად, მედლების გარეშე - ნინო სალუქვაძემ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა
30.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პირველმა ოლიმპიელმა ქალმა, რომელმაც ზაფხულის მეცხრე ოლიმპაიადზე მიიღო მონაწილეობა, ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ, ტოკიოს თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა.  პირველ სახეობაში, წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამჯერად, 25-მეტრიდან სპორტული იარაღით სროლაში სცადა ბედი. თუმცა, ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, რომელიც ორ დღეს მიმდინარეობდა, 44 სპორტსმენს შორის, ქართველმა ჯამური 578 ქულა დააგროვა და 25-ე ადგილზე გავიდა.


კვალიფიკაციის პირველ დღეს, სალუქვაძის შედეგი, 94, 98, 99 ქულა იყო, რამაც ჯამურ მაჩვენებელში,  291 ქულა და იმ დღის მონაცემებით მე-7 შედეგი იყო.  დღეს, მსროლელებს სამი სერია უკვე სწრაფ სროლებში ჰქონდათ. ნინომ 94, 96 და 97 ქულა დააფიქსირა, ჯამში როგორც ვთქვით 578 ქულა დააგროვა. საბოლოოდ,  25-ე ადგილი დაიკავა, რაც ასპარეზობის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინალში კი, 8 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი გავიდა.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედეგის მიუხედავად, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ქალის გამოსვლა, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. თავის მე-9 ოლიმპიადამდე, სალუქვაძეს, უკვე მოპოვებული ჰქონდა ოლიმპიური თამაშების სამი მედალი - ოქრო და ვერცხლი 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე, 2008 წელს კი, პეკინში, ბრინჯაოს მედალი მოიგო. ჯერ-ჯერობით, სალუქვაძის შედეგი ქალთა შორის რეკორდულია და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ნინო სალუქვაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც აპირებს გამოსვლას.



სპორტის სამინისტროს ფოტო