ბათუმის „დინამო“ უეფა-ს კონფერენს ლიგაზე გამოსვლას აგრძელებს
ბათუმის „დინამო“ უეფა-ს კონფერენს ლიგაზე გამოსვლას აგრძელებს
29.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშებას აგრძელებს ბათუმის „დინამო". აჭარულმა კლუბმა, რომელმაც ბათუმის ახალ სტადიონზე, საკუთარი ქომაგის წინ, მინიმალური ანგარიშით 0-1 წააგო ბორისოვის „ბატესთან", დღეს, საპასუხო შეხვედრაშიც, პირველი ტაიმის შემდეგ, ამავე ანგარიშით მარცხდებოდა. თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდი, შესვენების შემდეგ, სტადიონზე სხვა შემართებით გამოვიდა და მოწინააღმდეგის კარში, ოთხი გოლი გაიტანა. მატჩი, 1-4 მოიგო, რაც, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებისთვის საკმარი აღმოჩნდა. ახლა, ბათუმური კლუბი, მესამე საკვალიფიკაციო ეტაზე, მეზობელი თურქეთის „სივასპორს" შეხვდებიან. პირველი მატჩი, 5 აგვისტოს, ბათუმში გაიმართება.


„რა მოხდა მეორე ტაიმში? მეტოქე უფროთავისუფლად თამაშობდა, ჩვენ კი პირიქით. პენალტის შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ თამაში დავკარგეთ, მაგრამ მეორე გოლის გაშვების შისი ნამდვილად არსებობდა და როდესაც ფეხბურთის თამაშის გეშინია, ის ხდება, რაც მოხდა. გულშემატკივრების ძალიან მრცხვენია, იმ ადამიანების, ვინც წუხს კლუბზე, მათი, ვინც ეს საქმე მომანდო. ძალიან მრცხვენია. დღეს ძილი გვჭირდება, ხვალ კი კლუბის ხელმძღვანელობას გავესაუბრებით, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომელი გზით წავალთ. ვფიქრობ, ევროთასებზე, სახლში, მეორე ტაიმში 4 გოლის გაშვება მწვრთნელის ბრალია. მოედანზე ფეხბურთელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ბრალია. ფეხბურთში ასეთი სირცხვილი არასდროს მიგრძნია", - ამბობს ვიტალი ჟუკოვსკი, „ბატეს" მთავარი მწვრთნელი.


საპასუხო მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ, როგორც ჩანს, „ბატემ" საქმე „გაკეთებულად" ჩათვალა და მეორე ტაიმი, უდიერად დაიწყო, რასაც მათ კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც მამუჩაშვილმა, 48-ე წუთზე ზუსტად გამოიყენა. კიდევ 9 წუტში ფლამარიონმა, ბათუმელები საყაიმო ნიშნულზე მიიყვანა და აჭარულ გუნდსაც, მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი დაუტოვა, რომელიც 74-ე წუთზე, აზაროვის მიერ გატანილმა ცოტა კურიოზულმა გოლმა კიდევ უფრო გაამყარა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, გიორგი ფანცულაიამ, ბორისოველებს, საბოლოოდ უთხრა, რომ ევროტურნირებზე თამაში, ერთი წლით, უნდა გადაევადებინათ.


„არასდროს მითქვამს, რომ ბატე ძლიერი გუნდი არ არის. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია. კმაყოფილი ვარ, რომ ძლიერი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ. ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით. გაგვიმართლა თუ არა იმაში, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი დაინიშნა? ძლიერებს უმართლებთ... ისევე, როგორც ბათუმში, აქ თამაშიც სასიამოვნო იყო. გულშემატკივარს ფეხბურთში უდიდესი როლი აქვს", - ამბობს გიორგი გეგუჩაძე მატჩის დასრულების შემდეგ.


როგორც უკვე გითხარით, 5 აგვისტოს ბათუმის „დინამო", თურქულ კლუბს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში სტუმრად, საპასუხო შეხვედრას გამართავს. ორშაბათს კი, უეფა-ს შტაბ-ბინაში, პლეი ოფის წილისყრა გაიმართება, სადაც ბათუმელთა მეტოქე გაირკვევა, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი,  თურქული ბარიერს გადალახავს.