ფუტსალის ლიგა 2-ში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2-ში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა
10.04.2021
ავტორი: ლაურა პაპასქუა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020-21 წლების სეზონის VII ტურის შეხვედრები გაიმართა. სასტარტო მატჩში საქართველოს უნივერსიტეტი, არმიას დაუპირისპირდა და მინიმალური ჩამორჩენით 3-2 დამარცხდა.


მატჩში ანგარიში „სტუდენტებმა" გახსნეს, მაგრამ „ძალოვანებმა" ნახევარ წუთში წონასწორობა აღადგინეს და მალევე წინ გავიდნენ. მეორე ტაიმში UG-მ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ ირაკლი ლატარიამ ოცდამეხუთე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.


ირაკლი ლატარია, არმია:  „საქართველოს უნივერსიტეტი კარგი გუნდია, ველოდით მათთან დაძაბულ შეხვედრას. ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, ამიტომაც ვაჯობეთ მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობით. მეტოქესაც ჰქონდა შანსები, მაგრამ ფიზიკურობის ხარჯზე ვაჯობეთ. პირველი წრის ბოლო შეხვედრაში ილიაუნის შევხვდებით და მათთანაც ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, ვფიქრობ, უფრო რთული მატჩი გველის წინ".


***


ფუტსალის ლიგა 2-ის VII ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს, ბათუმის აკადემია და გორი დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გორელების გამარჯვებით 7-4 დასრულდა. ბსსა-მ კი, ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.


ბათუმის აკადემიამ, ორი სწრაფი გოლი თამაშის დაწყებიდან ოთხ წუთში მიიღო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ილია ლუკაშვილმა ჰეთ-თრიკი პირველივე ტაიმში შეასრულა. „მეზღვაურებმა" ორბურთიანი ჩამორჩენის გაქვითვა  შეხვედრაში ორჯერ მოახერხეს, მაგრამ დავით ტალაშაძემ გორი, ოცდამეცამეტე წუთზე დააწინაურა, რასაც ნიკოლოზ სულთანიშვილის დუბლი მოჰყვა.




ილია ლუკაშვილი, გორი: „სატურნირო ცხრილში ბოლოს წინა ადგილზე ვიყავით და დიდი მოტივაცია გვქონდა. წინა თამაშებზე გუნდის კაპიტანიც გვაკლდა, ტრავმიანობა იყო. სრულფასოვანი ვარჯიშები აღვადგინეთ და შემადგენლობის მხრივაც პრობლემები არ გვქონია დღეს. ეს ყველაფერი აისახა შეხვედრაზე. მეტოქეს არ ჰქონდა ჩვენთვის მნიშვნელობა, ეს სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ჩვენი თამაში ვიპოვეთ როგორც იქნა და კიდევ უფრო დიდი იმედები გვაქვს მომავალში".


მალხაზ შამილაძე, ბსსა: „ორი შეხვედრაა ვაგებთ. ამის ძირითადი მიზეზი გუნდში ტრავმიანობაა. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ თამაში გვიჭირს როგორც ჩანს, რადგან ორივე მარცხი იმ თამაშში გვაქვს, როცა პირველი გოლი ჩვენ გავუშვით. ამ მრივ სამუშაო გვაქვს. ანგარიშის შენარჩუნებაზე მაინც შეგვეძლო თამაში 4:4-ზე მაგრამ ცოტა დაბნეულები ვიყავით ბოლო წუთებში, დროს ვეღარ ვაკონტროლებდით. წითელმა ბარათმაც დიდი როლი ითამაშა, რომელიც ჩვენი უყურადღებობის გამო მივიღეთ".


***


ევროპის უნივერსიტეტმა ილიაუნთან კომფორტული უპირატესობით 5-2 იმარჯვა და 13 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერს, ბათუმის აკადემიას,  გაუთანაბრდა.


„სტუდენტური დერბი" თავიდანვე EU-ს უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 2-2 დასრულდა. ილიაუნმა წონასწორობა ორჯერ აღადგინა, მაგრამ მეორე ტაიმში მცდელობების მიუხედავად სხვაობის შემცირება ვერ მოახერხა და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან კარლო წვერავამ ჰეთ-თრიკი გაიფორმა.





გიორგი კუპრეიშვილი, EU: „ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ვემზადებოდით ვარჯიშებზე. დღეს აუცილებლად სამი ქულის ასაღებად გამოვედით. სატურნირო ცხრილში გუნდები ძალიან მჭიდროდ ვართ ქულების მხრივ. გასულ შეხვედრებში უარყოფითი შედეგები გვქონდა და ეს მოგება ფსიქოლოგიურადაც გვჭირდებოდა. პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, თამაში ჩვენი სცენარით მიგვყავდა და უფრო მოტივირებულებიც ვიყავით."


***


დღევანდელი დღის  ბოლო მატჩი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თსუ 2-სა და ქუთაისის მართვეს შორის გაიმართა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ თსუ-მ მეტოქეს 4-2 სძლია.


„ქუთათურებმა" ანგარიში მეექვსე წუთზე, მალხაზ შველიძის გოლით გახსნეს. ლაშა ერქომაიშვილმა წონასწორობა მალევე აღადგინა. მეორე ტაიმის განახლებიდან „სტუდენტები" წინ გავიდნენ, მაგრამ ამჯერად, ანგარიში ირაკლი გვეტაძემ გაათანაბრა. შეხვედრის 36-ე წუთზე თსუ, საბოლოოდ გივი მარტყოფლიშვილმა დააწინაურა, საფინალო სირენამდე კი შალვა ცხადაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა.


გივი მარტყოფლიშვილი, თსუ2: „დაძაბული შეხვედრა გამოდგა. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, ამასთან ერთად, მათ სამმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ. მიუხედავად ჩვენი ცუდი სტარტისა, ფორმაში შევედით და ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. დღევანდელ შეხვედრაში მოგებაზე ვიყავით კონცენტრირებულები, ბოლომდე ვიბრძოდით და ეს დაგვეხმარა გამარჯვებაში".


მეშვიდე ტურის შემდეგ ბათუმის აკადემიას, თსუ 2-სა და ევროპის უნივერსიტეტს 13-13 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება არმია და მეოთხე პოზიციას იკავებს.


ფოტო: Sbm.ge / ზურაბ გენგიური