ვინ შეცვლის გია გეგუჩაძეს?!
ვინ შეცვლის გია გეგუჩაძეს?!
08.12.2017
ავტორი:

გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოში ერთ-ერთ პრესტიჟულ მწვრთნელთან კონტრაქტის შეწყვეტა სფფ-სა და გეგუჩაძის ურთერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა.

ფედერაციის ვებ-გვერდზე გია გეგუჩაძეს მადლობას უხდიან გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებენ კარიერაში.

„ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით" - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

გია გეგუჩაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები  2016 წლის დასაწყისში ჩაიბარა. ამ პერიოდში ქართველ მწვრთნელს „დინამო თბილისსა" და ასაკობრივ ნაკრებს შორის მოუხდა არჩევანის გაკეთება. იმ მომენტში, ქართულ ახალგაზრულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის წარუმატებელი შესარჩევი ციკლის რამდენიმე დარჩენილი თამაშიღა ჰქონდა გასამართი. 21-წლამდელებს კი, ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა. გეგუჩაძის ახალგაზრულ ნაკრებში მოსვლას, ბევრი ახალ იმედებსა და წარმატებულ შესარჩევ ციკლს უკავშირებდა. მითუმეტეს, რომ სან-მარინოსთან პირველი თამაში ქართველმა ფეხბურთელებმა 4-0 მოიგეს. თუმცა, 21-წლამდელთა ახალი სტარტი უიღბლო გამოდგა. ქართულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ახალ შესარჩევ ციკლში პირველივე, სასტარტო შეხვდრა წააგო გორში, პოლონელ თანატოლებთან 0-3. ამის შემდეგ კი 2 გასვლით მატჩში განიცადეს მარცხი - დანიაში,  6 ოქტომბერს,  5-2. შემდეგ კი, 10 ოქტომბერს, ფარერის კუნძულებზე 3-1 დამარცხდნენ. სულ ბოლოს, ქართველმა ახალგაზრდებმა თბილისში ჩაატარეს 2 თამაში. 10 ნოემბერს, ფრედ 2-2 ითამაშეს ფინელებთან და ბოლოს, 14 ნოემბერს, პირველი გამარჯვება მოიპოვეს კაცნაკლულ ლიტვასთან 1-0.

ახალი შესარჩევი ციკლის დასაწყისიდან, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, 5 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ 3 ქულის აღება მოახერხა.ახლა, საქართვეოს ახალგაზრდულ ნაკრებს, მომდევნო ეტაოზე გასვლის, მხოლოდ თეორიული შანსიღა აქვს. ისიც, თუ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლას მოახერხებს. მომდევნო თამაშებს ქართველი ახალგაზრდები 2018 წლის 23 და 27 მარტს გამართავენ საქართველოში: ჯერ ფარერის კუნძულების გუნდს მიიღებენ, შემდეგ კი დანიელებს. თუ ვინ ჩაუდგება ქართველ 21-წლამდელებს ამ და სხვა თამაშებისთვის სათავეში, სფფ-ში ჯერ ვერ აკონკრეტებენ. თუმცა, საფეხბურთო კულუარებში აქტიურად განიხილება ზურაბ ხიზანიშვილის კანდიდატურა, რომელიც ბოლო თამაშებში ამ ასაკობრივ ნაკრებთან ერთად, სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.