ახალ სეზონს, „ლოკო“ ახალი გენერალური სპონსორით ხვდება
ახალ სეზონს, „ლოკო“ ახალი გენერალური სპონსორით ხვდება
26.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის განახლებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, თბილისის „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.


„ესპანური შეკრებით უზომოდ კმაყოფილი ვარ. საწვრთნელი შეკრებისთვის უკეთეს ადგილს ვერ ვნახავდით. ეს ის ადგილია, სადაც ტოპ კლუბები ემზადებიან. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ჩვენ იქ მოგება-წაგებისთვის არ ვყოფილვართ. გვქონდა საქმე, გეგმა, რომელსაც მივყვებოდით. ტესტ-მატჩების მთავარი დანიშნულება ფეხბურთელების შემოწმება და სათამაშო სქემების გამოცდაა.


ახალ სეზონში, ჩვენი მიზანი, მინიმუმ, ევროზონაში მოხვედრა იქნება. ახლა რთულია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ჩემს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.


რაც შეეხება „საბურთალოსთან", ჩვენს პირველ მატჩს, ჩემთვის ისიც ისეთივე მეტოქეა, როგორც დანარჩენი 8 გუნდი და მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ", - ამბობს ჭიაბრიშვილი.


ეროვნული ლიგის სასტარტო მატჩში, „ლოკო" სწორედ, ჭიაბრიშვილის ყოფილ გუნდს შეხვდება, რომელსაც ამჟამად „ლოკოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე წვრთნის. მატჩი, რომლითაც ახალი გათამაშების პირველი ტური დასრულდება, მიხეილ მესხის მთავარ სტადიონზე 1 მარტს გაიმართება და 19:00 დაიწყება.


„ესპანეთში ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ. მოსამზადებლად იდეალური ადგილი იყო, კარგი ტესტ-მატჩები ვითამაშეთ და ვცდილობთ, სეზონის დაწყებას კარგ ფორმაში შევხვდეთ. რაც მთავარია, შეკრება ტრავმების გარეშე დავასრულეთ და ახლა უკვე პირველი თამაშისთვის ვემზადებით. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი სეზონის დასაწყებად მზადაა", - ამბობს, დავით უბილავა.


დღეს, მიხეილ მესხის სტადიონის მედია-ცენტრში, თბილისის „ლოკომოტივმა", კომპანია „კროკობეთთან"  სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმეს. შესაბამისად, ამიერიდან, „კროკობეთი",  ლოკომოტივის გენერალური სპონსორი გახდა.