საქმე ლაპარაკის ნაცვლად და თუ ლაპარაკი, მხოლოდ საფეხბურთო ენაზე
საქმე ლაპარაკის ნაცვლად და თუ ლაპარაკი, მხოლოდ საფეხბურთო ენაზე
22.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, გუშინ, მიხეილ მესხზე, საქართველოს სუპერთასის შეხვედრას დაესწრო. თამაშსაც ბოლომდე უყურა. ჩვენი გვერდისთვის, ცნობილი ხდება, რომ ვილი სანიოლი საქართველოში, კიდევ რამდენიმე დღე დარჩება და არა მხოლოდ, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან გამართავს ოფიციალურ საქმიან შეხვედრებს და არამედ, ეროვნული ნაკრების სტაფსაც შეხვდება. მითუმეტეს, რომ ზუსტად ერთ თვეში, ეროვნულ ნაკრებს, ახალი მოსამზადებელი ციკლისთვის უწევს შეკრება. დრო კიდევ, ძალიან ცოტა რჩება.


ჩვენი გვერდისთვის, ცნობილი ხდება, რომ სასტუმრო „ჰუალინგის" ნაცვლად, ახლა მწვრთნელთან ერად, ეროვნული ნაკრები „შერატონ მეტეხი პალასში" დაიდებს ბინას. ეს ის, სასტუმროა, რომელშიც წლების წინ, თავად ვილი სანიოლი ცხოვრობდა, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, როდესაც, 2006 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. სხვათა შორის, იმ მატჩში საქართველოს მხრიდან ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი,  ზურაბ ხიზანიშვილი და ჯაბა კანკავა თამაშობდნენ.


„როდესაც სამწვრთნელო კარიერას ირჩევ, იცი, რომ რთულ გზას ადგები, მუდმივად გიწევს მოგზაურობა, საცხოვრებლად, სხვადასხვა ადგილთან შეგუება. ვიტყოდი, რომ  სფფ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, თავადაც ყოფილი მოთამაშეები არიან.  ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ამ შემოთავაზებას მე, სწორედ, იმიტომ დავთანხმდი, რომ მათ მარტივად ამიხსნეს საკუთარი მოლოდინები და შესაძლებლობები. ფეხბურთი, მარტივ თამაშად რჩება. იმ გარემომ, რომელიც ჩვენი მოლაპარაკებების დროს შეიქმნა, მე დამარწმუნა ამ ნაბიჯის გადადგმაში. მე ვიცი, რომ აქ საქმე მელოდება და მიზანს უნდა მივაღწიო", - ამბობს ვილის სანიოლი პირველ ინტერვიუში, რომელიც მან სფფ-ს პრეს-სამსახურს მისცა.


ბუნებრივია, „ჰულაინგში" განთავსდება ნაკრები კვლავ თუ, „ბინას" შეიცვლის და მართლაც, „შერატონში" დაბინავდება, ამას დრო გვიჩვენებს. ალბათ, ისევე, როგორც იმ გარემოებას, თუ, სად ივარჯიშებს ნაკრები, კვლავ სკ „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, თუ, მიხეილ მესხის სტადიონზე.  ალბათ, დამეთანხმებით, რომ გულშემატკივრისთვის ამას, რადიკალურად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ის, თუ რამდენად მოასწრო ვილი სანიოლიმ საქართველოს ნაკრების კანდიდატ მოთამაშეთა გრძელი სიის გაცნობა და მარტის სათამაშო ფანჯრისთვის, ოპტიმალურ შემადგენლობაზე შეჩერება, ეს, მართლაც საინტერესოა.


მაშ ასე, მივყვეთ ფედერაციის მიერ გავრცელებულ ვილი სანიოლის ვრცელ ინტერვიუს და მისი პასუხებიდან გამოვთვალოთ, მაგალითად, ვის დაეყრდნობა ახალი მთავარი მწვრთნელი?


„დიახ, თქვენ გყავთ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშე. სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად ყველაფერი შეიცვალა. ფეხბურთელები, ყოველთვის ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. მოგზაურობა, ვარჯიში და თამაში გართულდა. ბოლო ერთი წელი, რთული იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. როდესაც 17 ან 18 წლის ხარ და პროფესიულ კარიერას იწყებ, შენ ოცნებობ სავსე სტადიონზე, ამჟამად კი, ყველაფერი სხვანაირად არის. თუმცა, ეს გამოცდილება ახალგაზრდებს გააძლიერებს. მე, ყოველთვის მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებსაც სურთ მიაღწიონ წარმატებას და საკუთარი შესაძლებლობები აჩვენონ როგორც მწვრთნელს, ისე მთელ ქვეყანას. მე ველი მათთან მუშაობას", - ამბობს სანიოლი.


სანიოლი, ახალგაზრდებს დაეყრდნობა! ეს, უკვე გასაგებია. რას შეცვლის სანიოლი გუნდში? თუ რას, ან ვის? ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, აწ უკვე ჩვენი ყოფილი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაკვრით, მაგრამ მედიასთან ბოლო შეხვედრისას თქვა, რომ ის უფრო ზრუნავდა საქართველოს ნაკრებზე, ვიდრე, ბევრი ის ფეხბურთელი, ვინც მის გუნდში თამაშობდა და იწინასწარმეტყველა კიდეც, რომ გუნდიდან მისი წასვლის შემდეგ, ბევრს ახალი მწვრთნელი, აღარც კი დაუძახებს.


„დისციპლინა, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მის გარეშე ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ, პატივი უნდა სცენ ნაკრების მაისურს. თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ, რომ შევძლებთ წარმატების მიღწევას. გუნდს, აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი. ეს, სწორედ ის მიზეზია, რის გამოც, მე აქ ჩამოვედი. თუმცა, ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მონდომებაზე. თუკი, 99 პროცენტით დაიხარჯები, ეს არ არის საკმარისი. 100 პროცენტს კი, როგორც წესი, კარგი შედეგი მოაქვს", - ამბობს სანიოლი.


ბუნებრივია, ასე უცბად, რადიკალური ცვლილებების გატარებას, მწვრთნელს, რომელსაც მიზნად შედეგი დაუსახეს, სანიოლი ვერ მოასწრებს. მითუმეტეს, ერთ თვეში. მაშინ, რა გვრჩება? - ამბობს სანიოლი.


ვილი სანიოლის, რომელიც თვლის, რომ საქმის კეთება ურჩევნია ბევრ ლაპარაკს, არ მალავს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთანაც, ლაპარაკი მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მას, საქართველოდან ფეხბურთის ენაზე დაელაპარაკნენ.


 „მე კარგად მახსოვს ლევან კობიაშვილი. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მე კი მარჯვნივ, და ჩვენი გზები ყოველთვის იკვეთებოდა. როგორც მოთამაშე, ის, ერთდროულად ხისტი და სამართლიანი იყო. იგივე, შემიძლია ვთქვა, ალექსანდრე იაშვილზე. კარგია, როდესაც 10, 12 ან 15 წლის შემდეგ, კვლავ ვხვდებით ერთმანეთს, ახლა უკვე თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ერთ სამყაროს მივეკუთვნებით და ერთ ენაზე ვსაუბრობთ - ეს არის ფეხბურთის ენა.


მე ადრეც მითანამშრომლია ქვეყნის ფედერაციასთან, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების სახით. მე კომფორტულად ვგრძნობ თავს ისეთ გარემოში, სადაც საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე მიწევს მუშაობა. ჩვენ, აქ უნდა დავიწყოთ შენების პროცესი და გამართულად უნდა განვახორციელოთ ის. მე ეს უკვე გაკეთებული მაქვს საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის როლში. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონებიც გავხდით. მე ძალიან ვამაყობ ამ მიღწევებით და მიმაჩნია, რომ მაშინ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა წარმატებას მიაღწიეს, კარგ კლუბებში მოხვდნენ, ბოლოს კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. აქ სიტუაცია სხვანაირია, თუმცა იმედი მაქვს, რომ აქაც საამაყო შედეგი მექნება და წარმატებას მივაღწევ ფეხბურთელებსა და ფედერაციასთან ერთად. ახლა ეს არის ჩემი მიზანი", - ამბობს ვილი სანიოლი.


ეროვნული ნაკრების მთავარ ახალ მწვრთნელს მიაჩნია, რომ თუ გუნდთან მუშაობ, მას თავი სრულად უნდა დაუთმო. შესაბამისად, „ბაიერნში" მუშაობისას, მას ისეთი პრობლემები შეექმნა, რის გამოც ფეხბურთსა და ოჯახს შორის არჩევანის გაკეთება მოუხდა, თუმცა, დასძინა, რომ ახლა ყველაფერი რიგზეა და სრულიად ფოკუსირებულია საქართველოზე.


სანიოლის საქართველოს ნაკრებში, მხოლოდ დანიშვნას საკმარისზე ბევრი ნეგატივი მოჰყვა. ბუნებრივია, სამწვრთნელო კარიერაში გამოცდილ და სახელოვან მწვრთნელზე უარს არავინ იტყვის, მაგრამ იქნებ და ფლიკია? თუმცა, პირადად ჩვენი გვერდის მოსაზრებით, უცხოელი მწვრთნელი, სწორედ ის არჩევანია, ვინც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრილ ფეხბურთელთა (ბუნებრივია, ყველა არ გვყავს მხედველობაში) ქართულ ამბიციურ ხასიათს, ოდნავ მაინც „მოთოკავს" და არც ტიტულოვანი მოწინააღმდეგის წინაშე (ჯგუფის სირთულიდან გამომდინარე) დაიჩოქებს, როგორც მწვრთნელი. ასეთებიც გვახსოვს. და იქ, გუნდში, თუ ფეხბურთის ენაზე ალაპარაკდნენ კიდევ, ხომ უკეთესი. ისიც კარგად გვესმის, რომ ახალ მწვრთნელს, ფორსირებისთვის ძალზედ მცირე დროა აქვს და ზომიერ კრიტიკასთან და ნაკრების მომავალთან დაკავშირებულ შიშთან ერთად, ზომიერი მხარდაჭერაც საჭიროა. მოკლედ, შორს რომ არ წავიდეთ, აღდგომა და ხვალეო!


სფფ-ს ფოტო