Grassroots Awarads-ის ოქროს ჯილდო მარტვილში წავიდა
Grassroots Awarads-ის ოქროს ჯილდო მარტვილში წავიდა
20.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, აქტუალურია თემაა, თუ სად და როდის გავუშვით მომენტი, რომელმაც ქართული ფეხბურთი, ერთ-ერთი ლიდერი სახეობა უზარმაზარ საბჭოეთში, პოსტსაბჭოთა პერდიოდში სულ უფრო და უფრო ფსკერისკენ დაქაჩა. სფფ-ს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში აღნიშნავს, რომ ის ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაატყდა თავს, ადეკვატურად აისახა შემდეგ ქართულ ფეხბურთზეცო. თუმცა, იქვე დასძენს, რომ დღეს გვაქვს გამოღვიძების პერიოდიო და ამაში, რთულია არ დაეთანხმო, მთავარია დაინახო.


ცოტა ხნის წინ, უეფას Grassroots Awards-ის 2020 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული, სფფ-ის გრასრუტსის კოორდინატორი - ჯესი სურმავა გახდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ჯესი სურმავას ჯილდო წლის საუკეთესო გრასრუტს ლიდერის ნომინაციაში გადასცა. აღნიშნულ ნომინაციაზე ქართველი გრასრუტსის კოორდინატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა. პროექტი კი, რომელსაც ჯესი სურმავა მართავს, წლებია საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" ხელშეწყობით კეთდება.




„მარტვილის საფეხბურთო სკოლის პროექტის სათანადო წარდგენისათვის სფფ- მ დიდი სამუშაო გასწია. ასევე როგორც გავიგეთ, ოქროს მედლის ნომინაციაზე წარდგენა, საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც სიხარულთან ერთად მომავალ საქმიანობაში დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და  მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ შედეგისთვის და ასევე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წლების მანძილზე მედგნენ გვერდში და მეხმარებოდნენ საფეხბურთო სკოლის სისტემურ განვითარებაში. როდესაც სისტემურ განვითარებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ მასობრივი ფეხბურთის, ინფრასტრუქტურის განვითარების, მოსწავლეთა მასობრიობის ზრდის და კომპლექსურად სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელებულ სამუშაოებს, რაც წლების მანძილზე ეტაპობრივად ხორციელდებოდა.


საფეხბურთო სკოლას განვითარების ყველა ეტაპზე გვქონდა უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა, რამაც ჩვენი განვითარება ახალ საფეხურზე აიყვანა და 2018 წელს ასეთი უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა დინამო თბილისის თანხმობა იყო ჩვენთან თანამშრომლობაზე. ამან ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მასობრიობის გაორმაგება გამოიწვია და ჩვენს აკადემიას რეგიონალური სტატუსი შესძინა", ამბობს ჯესი სურმავა.




სხვთა შორის, ჯესი სურმავასთან დაიწყო ვარჯიში აკაკი შულაიამ, რომელიც დღეს, „დინამო თბილისის" ღირსებას იცავს, წლების მანძილზე კი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელი იყო.  ​ჯესი სურმავას ინიციატივით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლა დაარსდა, სადაც 300-ზე მეტი ადგილობრივი ბავშვი ვარჯიშობს. შესაბამისად, ჯესი სურმავას ჯილოდ, სწორედ ამ საქმიანობისთვის გადაეცა.


„ეს ჯილდო ძალიან საამაყოა, მინდა პირველ რიგში მივულოცო ჯესის, მთლიანად ჩვენს გუნდს და ქართულ ფეხბურთს. ჯესი არის მაგალითი იმ სხვა უამრავი ადამიანებისთვის ვინც ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობენ. მე პირადად ვისურვებდი, რომ ყველა რეგიონში გვყავდეს მისნაირი ადამიანი. ჯესის მიერ განხორციელებული პროექტი მარტვილელი ბავშვებისთვის ფეხბურთში ჩართულობის მხრივ ძალიან ხელშემწყობი იყო. ამ პროექტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ კუთხით, რომ დღეს ჩვენ ბევრად მეტი ადამიანი და ბავშვი გვყავს ჩართული ფეხბურთი ვიდრე მანამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში აღარ თამაშობენ ფეხბურთს და ამ პროექტმა სწორედ ეს შეძლო", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი.



უეფას Grassroots Awards-ი 2010 წლიდან იმართება და საერთო ჯამში, ამ წლების მანძილზე, 36 ქვეყნის 96 წარმომადგენელია დაჯილდოვებული. ვერცხლის პრიზი 2018 წელს უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მოყვარულთა ლიგის და თასის კონცეფციისთვის გადაეცა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გამარჯვებულებს ხუთ ნომინაციაში ასახელებს - საუკეთესო გრასრუტს პროექტი, საუკეთესო გრასრუტს ლიდერი, საუკეთესო გრასრუტს კლუბი, საუკეთესო ინიციატივა შშმ პირებისთვის და საუკეთესო პროფესიული საფეხბურთო კლუბი. ყოველ წლიურად უეფა აჯილდოებს იმ ადამიანებს და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასაკის, შესაძლებლობების, სქესის და სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე ადამიანების ფეხბურთში ჩართულობას.






სკ "დინამო თბილისის" ფოტოები / ავტორი ბადრი კეთილაძე