ქალთა ნაკრები ისრაელთან 1-2 დამარცხდა
ქალთა ნაკრები ისრაელთან 1-2 დამარცხდა
27.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქალთა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გაიმართა. თბილისში, მიხეილ მესხზე ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის ქალთა ეროვნული ნაკრები ისრაელის გუნდს დაუპირისპირდა. აღნიშნულ შეხვედრას ჩვენი ნაკრები დანაკლისით შევხდა. უპირველესად, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერების გარეშე ეთამაშა. შეკრების დროს გაირკვა, რომ გუნდის კაპიტანს ტატა მატვეევას კოჭის (მინიმუმ 2 კვირა სჭირდება სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის), გამოცდილ მცველს, თამარ ტატუაშვილს კი, უკანა კუნთის ტრავმის გამო, აღნიშნული შეხვედრის გამოტოვება მოუხდათ. ტვინის შერყევის გამო გუნდს ამ თამაშში ვერ დაეხმარა ვერ ლანა გორგრაძე. შესაბამისად, დღევანდელ თამაშში, ლევან ბაჯელიძეს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებზე მოუხდა ძირითადად დაყრდნობა.


„პირველ რიგში მადლობას  ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც დღეს, გუნდურობა და ნაკრების სიყვარული გამოავლინეს. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, ყველა, ვინც მინდორზე გამოვიდა ბოლომდე დაიხარჯა. რა თქმა უნდა, შედეგით, ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი. თუ ობიექტურები ვიქნებით, ქულას, ნამდვილად ვიმსახურებდით. ძალიან გულდასაწყვეტია თითოეული ჩვენთაგანისთვის ასეთი თამაშის წაგება. ნამდვილად, არავის და არაფერს ვაბრალებ. ყოველთვის, პირველ რიგში, ჩემში ვეძებ, რა შეიძლება უკეთ გაკეთებულიყო. უბრალოდ, ვფიქრობ, მსაჯს, შეეძლო მეორე ბარათი არ ეჩვენებინა პასიკაშვილისთვის და რიცხობრივ უმცირესობაში არ დავეტოვებინეთ, როდესაც, ანგარიში 1-2 იყო ისრაელის სასარგებლოდ. ამ მომენტში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში", - ამბობს ლევან ბაჯელიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, TSFF.GE-სთან საუბარში.  


კორონა ვირუსის დიაგნოზით, რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა სტუმარ გუნდსაც, თუმცა, ჩვენი გუნდის დანაკლისი უფრო თვალშისაცემი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სტუმრებმა, შეხვედრის მე-10 წუთზე გახსნეს, თამაში თანაბარ ორთაბრძოლაში გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ყველა გოლი სტანდარტულის შემდეგ გავიდა. თუმცა, მაშინ როდესაც სტუმრებს 0-2 მიჰყავდათ ანგარიშში, თეონა ულამაზესმა გოლმა, ქართველებს, თამაშის გადარჩენის შანსი მისცა. ამ მომენტში კი, თამაშში ჩარევა მსაჯმა გადაწყვიტა, რომელმაც ნინო პასიკაშვილს მეორე ყვითელი ბარათი მისცა, რომელიც ქართველი ფეხბურთელისთვის ამ მატჩში მეორე იყო და შესაბამისად, პასიკაშვილს მინდვრის დატოვება მოუხდა. დარჩენილ 10 წუთში კი, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ ფეხბურთელებს მატჩის გადასარჩენად ძალები არ ეყოთ.


საქართველოს ნაკრებმა, ისრაელთან მატჩი, მინიმალური ანგარიშით 1-2 წააგო. ჩვენს გოგოებს, ამ ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა, მალტისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრებებთან დარჩათ გასამართი. ორივე თამაში, საქართველოში ჩატარდება.



თამაშის ფოტო-გალერეა / სფფ ფოტო / ავტორი თამარ ყულუმბეგაშვილი