"ბუ" - უბადლო გამთამაშებლური ნიჭისა და პასის გაცემის მაღალი ოსტატი
"ბუ" - უბადლო გამთამაშებლური ნიჭისა და პასის გაცემის მაღალი ოსტატი
27.10.2020
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

გიორგი ცინცაძის პასი ბოლო 10-წლეულის საუკეთესო ასისტად დასახელდა. 34 წლის კალათბურთელმა ეს აღიარება  2015 წელს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში, ლიტვასთან გაკეთებული შედეგიანი გადაცემის გამო დაიმსახურა. გამოკითხვა მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის, ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა და ფინალურ შერკინებაში ცინცაძემ არგენტინელ ფაგუნდო კამპაცოს აჯობა. 


ფინალამდე ცინცაძემ სხვა სახელიანი კალათბურთელთა პასებსაც აჯობა. ფიბამ-მ შეჯიბრება სპორტული პრინციპით დაგეგმა - მეოთხედფინალში ცინცაძის პასი შეუპირისპირდა სერბი დუშან ბულუტის გადაცემას. გამარჯვებული კი გულშემატკივრების ხმების მიხედვით უნდა გამოვლენილიყო. გიორგიმ ხმების 58 პროცენტი მიიღო და ნახევარფინალში გავიდა.


1/2 ფინალში გიორგის მეტოქე გახლდათ ესპანელი მარკ გასოლი, რომელმაც ეფექტური პასით მთელი მოედანი „მოჭრა". ეს მან ევრობასკეტი 2013-ის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთთან მატჩში გააკეთა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებიც სწორედ ამ ჯგუფში თამაშობდა. ცინცაძემ ნახევარფინალში გასოლი დამაჯერებლად დაამარცხა - გულშემატკივართა 67-მა პროცენტმა ქართველის გადაცემას მისცა ხმა.


ბადის მეორე მხარეს ფაგუნდო კამპაცომ იყოჩაღა. არგენტინელმა თავის მხრივ ამერიკელ პატი მილსს და ნახევარფინალში ყაზახ რუსტამ მურზაგალიევს (რომელმაც დერიკ როუზი დაამარცხა) აჯობა. ფინალური შერკინება კამპაცოს უპირატესობით დაიწყო და 2 დღე არგენტინელი ლიდერობდა, თუმცა გულშემატკივართა აქტიურობის შედეგად ცინცაძის პასმა არგენტინელისას გადაასწრო და სწორედ ქართველი უკანახაზელის უბადლო პასი გახდა ბოლო 10-წლეულში საუკეთესო. არგენტინელებს თავის დასამშვიდებლად ის თუ ექნებათ, რომ ცალკე მიმდინარე ქალთა გამოკითხვაში, დეკადის საუკეთესო პასად არგენტინელმა ანდრეა ბოკუტმა გაიმარჯვა.


ვინც იმ მატჩს უყურა, ცინცაძის პასი კარგად ახსოვს. სამწამიანში შეჭრილმა ცინცაძემ წამის მეასედში მიიღო ზუსტი გადაწყვეტილება და ზურგსუკან გაშვებული გადაცემისას ბურთი მილიმეტრების სიზუსტით გააძვრინა 2 სახელიან ლიტველს - მანტას კალნიეტისსა და იონას ვალანჩუნასს შორის. ადრესატი მანუჩარ მარკოიშვილი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრები იმ მომენტში 6 ქულით დააწინაურა. 


სამწუხაროდ, ის შეხვედრა ბოლო წამებზე, ბრძოლაში დავთმეთ, მაგრამ მეხსიერებაში ყველას დარჩა ცინცაძის ბრწყინვალე გადაცემა, რომელიც დღეს დასრულებული გამოკითხვის ძალისხმევით ფიბა-მ, მის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა.


იხილეთ ვიდეო