თსუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს თბილისიდან იწყებს
თსუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს თბილისიდან იწყებს
27.10.2020
ავტორი: თ.ჯ.


ფუტსალში, საქართველოს 2019-20 წლების სეზონის გამარჯვებულის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მეტოქე, უნგრეთის ჩემპიონი, „ბერეტიუფალუ" იქნება. უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წინა-შესარჩევი ეტაპის წილისყრა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს, 27 ოქტომბერს გაიმართა. წილისყრის შედეგად, გაირკვა, რომ წყვილში მასპინძელი თსუ იქნება. შესაბამისად, თსუ-ელები  მომდევნო ეტაპის საგზურისთვის საკუთარ კედლებში იბრძოლებენ.


„ვარჯიში ჯერ არ დაგვიწყია, ხვალიდან ჩვენი ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან, ივიკო ერგემლიძესთან ერთად, დავიწყებთ მომზადებას. დრო საკმაოდ ცოტაა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნოემბრის მეორე ნახევარში საქართველოს ჩემპიონატის დაწყებაც იგეგმება. კოვიდ ვითარების გამო, არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში ვართ. მიუხედავად სირთულეებისა, დავიწყებთ უშუალოდ უნგრეთის ჩემპიონისთვის მზადებას, გავიგებთ შარშანდელთან შედარებით ვინ დაიმატეს და გაუშვეს. გავაანალიზებთ მეტოქეს, რის შემდეგაც ჩამოვყალიბდებით ერთმატჩიან დუელში რა იქნება ჩვენი პლიუსი და მოწინააღმდეგის მინუსი. რა თქმა უნდა, ვეცდებით შემდეგ ეტაპზე გასვლას, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე რეიტინგით ჩვენზე ბევრად წინ არის", - ამბობს დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი sbm.ge-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში.


ისევე, როგორც სხვა ტურნირებზე, უეფა-მ ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელა COVID19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. კორონა ვირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილე 46 გუნდიდან შეიქმნას 23 წყვილი, რომლებიც ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულ 23 გუნდს მომდევნო ეტაპზე შეუერთდება 9 ყველაზე მაღალი კოეფიციენტის მქონე გუნდი, რომლებიც ასევე თითო შეხვედრას გამართავენ.


უეფა-მ რეიტინგის გათვალისწინებით, მინიმალური ურთიერთკავშირისთვის,  6 კალათაში წინასწარ განთესა კლუბები. ქვეყნებს, რომელთაც არ შეუძლიათ მიმდინარე მოვლების გამო უმასპინძლონ მეტოქეს, ორგანიზატორებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც წილისყრის დროს გათვალისწინებულ იქნა.


ჩემპიონთა ლიგის წინა-შესარჩევი ეტაპი 24-29 ნოემბერს გაიმართება. პანდემიის გამო ყველა შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.



ფოტო:UEFA.COM