ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა
ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა
25.10.2020
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-2 ტური დღეს გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. "დინამო თბილისი" ბოლო პერიოდამდე აგებდა "ბათუმთან", თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში მოწყობილი სპურტის წყალობით დინამოელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს - 97:88 (სტატისტიკა).


ზღვისპირელებმა თამაში შედეგიანად და სტაბილურად დაიწყეს. როგორც შორი, ისე ახლო სროლებით ქულებს იოლად იხვეჭდნენ და თავიდანვე ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ - პეტარ არანიტოვიჩისა და ნიკოლა ვუიოვიჩის შედეგიანობით "ბათუმმა" პირველი პერიოდი 26:13 მოიგო. 


დინამოელები ცდილობდნენ ვითარების შეცვლას, მაგრამ ეს კარგა ხანს არ გამოსდიოდათ. ბოლო პერიოდამდე ბათუმელთა ლიდერობა ხელჩასაჭიდი იყო. გია კაზანჯიანის გუნდი თითქოს მშვიდად უნდა მისულიყო გამარჯვებამდე, თუმცა ბოლო პერიოდი და დინამოელთა შედეგიანი თამაში ერთად დაიწყო. 5-წუთიანი მონაკვეთი, რომელიც მესამე პერიოდის ბოლოს დაიწყო და ბოლო მეოთხედის შუაში დასრულდა, "დინამომ"20:4 მოიგო და 7 ქულით დაწინაურდა. 


დარჩენილ დროში მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი დინამოელები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და სუპერლიგას 2-დან 2 მოგებით ლიდერობენ. ბათუმელებს კი 2 მარცხი აქვთ. "დინამოში" 21 ქულით, 13 მოხსნითა და 8 პასით საუკეთესო იყო ტაილერ უილიამსი. 25 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ბულაშვილი, ხოლო ნიკა დარბაიძის ანგარიშზე 18 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. "ბათუმში" 11 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით საუკეთესო იყო ნიკოლა ვუიოვიჩი. 24 ქულა დააგროვა პეტარ არანიტოვიჩმა, ლევან მასხულიას ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.




სუპერლიგის მე-2 ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს "მგზავრები" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ მეტოქე 9 ქულის სხვაობით - 85:76 (სტატისტიკა) დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერებს შეუერთდა.


2-დან 2 მოგებით ცხრილის ლიდერები "ქუთაისი", "დინამო" და თსუ არიან. უნივერსიტეტელებმა დღევანდელ მატჩში მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს. შეხვედრის დასაწყისიდან ხელჩასაჭიდ უპირატესობას ფლობდნენ და ასე მივიდნენ ბოლო პერიოდამდე, სადაც მებრძოლმა "მგზავრების" კალათბურთელებმა გაქცევა მოაწყვეს და 4 ქულით - 70:66 დაწინაურდნენ. 


შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა, რა დროც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ თსუ-ელებს თამაში გამოესწორებინათ და ლიდერობა დაებრუნებინათ. ამერიკელი ბრენდონ სლაი და ახალწვეული ბრაის სმიტი შეუჩერებლები იყვნენ, ხოლო თსუ-ს მედგარი დაცვა წარმატების გარანტი იყო და თამაშიც ისე ჩამთავრდა, უნივერსიტეტელებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ.


თსუ-ს 26 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით ბრენდონ სლაიმ ულიდერა. 18-18 ქულა ბრაის სმიტმა და მაიზერ რევაზაშვილმა მიითვალეს. "მგზავრებში" 19 ქულით საუკეთესო იყო ტროი სტიუარტი, ჯეიდონ კოჰის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა.


სუპერლიგის მომდევნო, მე-3 ტური 30 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს გაიმართება.


სატურნირო ცხრილი